აღიარა თუ არა კისინჯერმა, რომ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოყვანა აშშ-ში დაიგეგმა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

295
VIEWS

30 სექტემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა ბესო ბესო გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც, ავტორის მტკიცებით, ამერიკელი დიპლომატის, ჰენრი კისინჯერის მოსაზრებებია ციტირებული. მოცულობით ციტატაში, რომელსაც პოსტის ავტორი კისინჯერს მიაწერს, ვკითხულობთ, თუ როგორ ებრძოდა ამერიკის შეერთებული შტატები საბჭოთა კავშირს, რომელიც დასავლური სისტემისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა. სხვა მრავალ ანტი-ამერიკულ და ანტიდასავლურ მტკიცებასთან ერთად, პოსტის ავტორის მტკიცებით, კისინჯერი აღიარებს, რომ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოყვანა აშშ-ში დაიგეგმა, მეორე მსოფლიო ომს აშშ ორკესტრირებდა და ლენდ-ლიზის პროგრამაც ამ “წინასწარ ჩაფიქრებული და დადგმული თეატრალური სცენის” ნაწილი იყო, რომელსაც ევროპაში ამერიკისადმი მადლიერების გრძნობა უნდა გამოეწვია. პოსტს თან გასდევს საბჭოთა კავშირის და სტალინის ძლიერებასა და გონიერებაზე მუდმივი ხაზგასმა, თითქოს, კისინჯერი მოხიბლულია მისი შორსმჭვრეტელობით და იმ სისტემით, რომელიც სტალინმა საბჭოთა კავშირის სახით შექმნა. 

პოსტის შესავალ ნაწილში აღნიშნულია, რომ ჰენრი კისინჯერმა აღნიშნული მოსაზრებები  ესპანურ გამოცემა “ელ მუნდო”-სთან ინტერვიუში გააჟღერა. 

kisinjeri აღიარა თუ არა კისინჯერმა, რომ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოყვანა აშშ-ში დაიგეგმა?

მტკიცება, თითქოს ჰენრი კისინჯერი ესპანურ გამოცემა “ელ მუნდოსთან” ინტერვიუში ჰიტლერის ხელისუფლებაში მოყვანასა და მეორე მსოფლიო ომის გამოწვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს სიმართლეს არ შეესაბამება. კისინჯერთან ვრცელი ინტერვიუ  “ელ მუნდომ” 2023 წლის 25 მარტს მართლაც გამოაქვეყნა, თუმცა ინტერვიუს მთავარი თემა ამერიკელი დიპლომატის ავტორობით 2022 წელს გამოცემული წიგნი “ლიდერობა: სოფლიო სტრატეგიის ექვსი კვლევა” იყო და ინტერვიუში კისინჯერს საბჭოთა კავშირზე და სტალინზე არ უსაუბრია. ხოლო ჰენრი კისინჯერთან სხვა ინტერვიუ “ელ მუნდოს” საიტზე არ იძებნება. 

რა განაცხადა კისინჯერმა “ელ მუნდოსთან” რეალურად? 

2023 წლის 25 მარტს ესპანურმა გამოცემა “ელ მუნდომ” საკუთარ პლატფორმაზე ჰენრი კისინჯერთან ისტორიკოს ნაილ ფერგიუსონის ინტერვიუ გამოაქვეყნა. ეს ჰენრი კისინჯერთან ერთადერთი ინტერვიუა, რომელიც “ელ მუნდოს” საიტზე გვხვდება. ინტერვიუში ჰენრი კისინჯერი საკუთარ წიგნზე, “ლიდერობა: სოფლიო სტრატეგიის ექვსი კვლევა” საუბრობს და იმ ლიდერებს განიხილავს, რომელთა პოლიტიკური საქმიანობის და მართვის სტილის ანალიზსაც წიგნში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. ჰენრი კისინჯერის წიგნში კონრად ადენაუერი, შარლ დე გოლი, რიჩარდ ნიქსონი, ანვარ სადათი, ლი კუან იუ და მარგარეტ ტეტჩერი არიან განხილული, სტალინი ამ სიაში არ გვხვდება, შესაბამისად მისი სახელი ინტერვიუში არ გაჟღერებულა. 

kisinjeri1 აღიარა თუ არა კისინჯერმა, რომ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოყვანა აშშ-ში დაიგეგმა?

ინტერვიუს ძირითადი ნაწილი რიჩარდ ნიქსონს და მისი ადმინისტარაციის ჩინეთთან ურთიერთობას შეეხებოდა. კისინჯერმა ჩინეთზე საუბრისას აღნიშნა, რომ მსოფლიო ახალი ცივი ომის კრიტიკულ ფაზაში შედის, როდესაც ჩინეთისა და აშშ-ის სახით ერთმანეთს ორი კარდინალურად განსხვავებული და შეუთავსებელი სისტემები უპირისპირდებიან, რასაც ტექნოლოგიების ერაში არა მხოლოდ ცივილიზაციის ტრანსფორმირება, არამედ მისი განადგურებაც შეუძლია

ინტერვიუში ჰენრი კისინჯერი რუსეთ-უკრაინის ომს და ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსაც შეეხო. “პუტინის მთავარი პრობლემა ისაა, რომ იგი დაცემის პროცესში მყოფი ქვეყნის სათავეშია და ამ კრიზისში მან პროპორციულობის შეგრძნება დაკარგა. მის საქციელს გამართლება არ აქვს” – განაცხადა კისინჯერმა “ელ მუნდოსთან” ინტერვიუში. 

როგორ აღწერს ჰენრი კისინჯერი საბჭოთა კავშირს? 

თანამედროვე პოლიტიკურ ანალიტიკაში ჰენრი კისინჯერი განსაკუთრებით კონტროვერსული ფიგურაა და მისი მოსაზრებები ხშირად ხდება კრიტიკის და კამათის მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს დიქტატორებისა და ძალადობრივი რეჟიმების მიმართ ლოიალური პოზიცია ხშირად გამოუვლენია, საბჭოთა კავშირზე საუბრისას მისი შეფასებები ყოველთვის კრიტიკული იყო. 

2014 წელს ჰენრი კისინჯერმა ცივი ომი საგარეო ურთიერთობათა საბჭოს პრეზიდენტ რიჩარდ ჰაასთან ვრცელ ინტერვიუში მიმოიხილა. კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა ცივი ომის თავიდან არიდება, კისინჯერმა ხაზგასმით აღნიშნა რომ ცივი ომი გარდაუვალი იყო – “თუ გაეცნობით სტალინის მოსაზრებებს საერთაშორისო სისტემების ბუნებაზე, მიხვდებით, რომ მისთვის ორ სისტემას შორის კონფრონტაციული ატმოსფეროს შენარჩუნება აუცილებელი იყო.” კისინჯერის შეფასებით, სტალინს ახალ დაპირისპირებაში შესვლა ომის შემდეგ საზოგადოების საერთო იდეის გარშემო კონსოლიდირებისთვის სჭირდებოდა. 

იმავე ინტერვიუში კისინჯერი საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზებზეც საუბრობს – “ახლა ვფიქრობ, რომ საბჭოთა კავშირში თანდათან გააცნობიერეს რომ მათი სისტემა არ მუშაობდა. ვფიქრობ ბრეჟნევი თავიდანვე გრძნობდა ამას. ამ კუთხით, ის ალბათ გორბაჩოვზე ბრძენიც იყო, რადგან ხვდებოდა, რომ სისტემის შეცვლის ნებისმიერი მცდელობა მისი კოლაფსით დასრულდებოდა.”

გაყალბებული ციტატები, რომელთა მიზანიც ამერიკის შეერთებულ შტატებზე საბჭოთა კავშირის უპირატესობის ხაზგასმაა ჰენრი კინსინჯერის სახელით აქამდეც გავრცელებულა. კისინჯერის გაყალბებულ ციტატებზე გაყრდნობით, “მითების დეტექტორმა” წარსულში სატირული მასალაც გადაამოწმა: 

წყაროს შესახებ

ფეისბუქ მომხმარებელ ბესო ბესო გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3). 

kisinjeri2 აღიარა თუ არა კისინჯერმა, რომ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოყვანა აშშ-ში დაიგეგმა?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა, სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist