რას წერდა ჰიტლერი სტალინზე “ბუნკერის დღიურებში” და სად დგას სტალინის ძეგლები რეალურად?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

264
VIEWS

2021 წლის 11 ოქტომბერს Facebook მომხმარებელმა ბესო ბესომ გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც სტალინის  ძლიერებასა და ეფექტურ მმართველობის დამამტკიცებელ მოსაზრებებს შეიცავდა. პოსტში აღნიშნული იყო, რომ ადოლფ ჰიტლერი უკანასკნელ დღეებში თავის დღიურებში სტალინის უპირატესობას უსვამდა ხაზს. ამასთანავე, სტალინის თანამედროვე დაფასების ნათელსაყოფად აღნიშნული იყო, რომ მისი ძეგლები დღეს აზიურ და პოსტსაბჭოთა ქალაქებთან ერთად, ბევრ ევროპულ ქალაქსა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დგას.

“ჰიტლერს, თავისი „ბუნკერის დღიურებში“, 1945 წლის 13 აპრილს, კიდევ ასეთი ჩანაწერიც გაუკეთებია:  „ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი რომ – სტალინი, ერთ სანგარში დააყენებდა და ჩემს წინააღმდეგ, ერთად აომებდა – ქრისტიანს, მუსულმანსა თუ – იუდეველს. მაჯობა, – ძალიან უზარმაზარი უპირატესობით…. ის – დიდი რჩეულია, მე კი – ტახტიდან გადმოგდებული, აუხდენელი ოცნებების წარსულიო“
“დღესდღეისობით, სტალინის ძეგლები შემდეგ ქვეყნებშია: რუსეთში, უკრაინაში, ლიტვაში, ესტონეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, ჩეხეთში, ჩინეთში, ნიდერლანდებში, ამერიკაში, ბელგიაში, უნგრეთში, ინდოეთში, ალბანეთში, მონღოლეთში, გერმანიაში და სლოვაკეთში.” – ვკითხულობთ პოსტში.

 "
Facebook მომხმარებელ ბესო ბესოს სტატუსი მანიპულაციურია და რეალობას არ შეესაბამება. ჰიტლერის დღიური ყალბია. ის 1981-1983 წლებში გამოქვეყნდა, თუმცა შემდგომში მისი სიყალბე სხვადასხვა არგუმენტით დადასტურდა. რაც შეეხება ძეგლებს, ჩამოთვლილი ქალაქებიდან ზოგ ადგილას ძეგლები აიღეს, ზოგან კი მათ სატირული შინაარსი და ფორმა აქვს.

  • ჰიტლერის ყალბი დღიურები

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჰიტლერის ე. წ. ბუნკერის დღიურებს ფართო მასებამდე არასდროს მიუღწევია. მიჩნეულია, რომ ადოლფ ჰიტლერთან დაკავშირებული ჩანაწერები, დოკუმენტები და სავარაუდოდ დღიურიც 1945 წლის აპრილში განადგურდა, რადგან ისინი დრეზდენთან ავარიაში მოყოლილ თვითმფრინავში იყო მოთავსებული. საგულისხმოა, რომ Facebook პოსტში მოცემული ციტატები პოსტის ავტორის მიერ შეთხზული არ არის, არამედ 80-იან წლებში მართლაც მიიჩნეოდა, რომ აღნიშნული ჩანაწერები მართლაც ადოლფ ჰიტლერს ეკუთვნოდა.

“ჰიტლერის დღიურები” ჩანაწერების 60 ტომეულს წარმოადგენს და ის პირველად ცნობილი 1981-1983 წლებში გახდა, როდესაც ფალსიფიკატორმა კონრად კუჯაუმ, რომელიც შტუტგარდის ანტიკური ნივთების გადამყიდველად პოზიციონირებდა, აღნიშნა, რომ ჩანაწერები ავარიაში მოხვედრილი თვითმფრინავიდან იყო გადარჩენილი და ის მართლაც ადოლფ ჰიტლერს ეკუთვნოდა.

"
კონრად კოჯაუ, ჰიტლერის დღიურების გამყალბებელი, 1982 წელი

მნიშვნელოვანია, რომ იმ პერიოდში დღიურის ავთენტურობაში ეჭვი არ შეიტანეს და 60 ტომეული გერმანულმა ჟურნალმა Stern-მა 3.7 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. ჟურნალმა იმ პერიოდში ერთ-ერთ ნომერზე სიტყვები “ჰიტლერის დღიური აღმოჩენილია” დაბეჭდა და აღნიშნა, რომ ამ აღმოჩენით ნაცისტური გერმანიისა და ჰიტლერის ისტორიის ხელახალი დაწერა იყო საჭირო.

“დიქტატორის ბიოგრაფია და მასთან ერთად ნაცისტური სახელმწიფოს ისტორია დიდწილად ხელახლა უნდა დაიწეროს.”

დღიური ჰიტლერის შესახებ მრავალ ინფორმაციას შეიცავდა, როგორც პირადი ხასიათის, ასევე პოლიტიკური. მასში აღნიშნული იყო, რომ მაგალითად ჰიტლერმა არაფერი იცოდა იმის შესახებ, თუ რა პირობებში უწევდათ ცხოვრება ებრაელებს ნაცისტურ გერმანიაში.

შემდგომში ამ დღიურებით ჟურნალმაც ნახა მოგება და მასზე უფლება სხვადასხვა ახალი ამბების სააგენტოებზე გაყიდა, მათ შორის, ლონდონის Sunday Times-ზე, რომელმაც მასში მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა.

"
ჰიტლერის დღიური აღმოჩენილია, Stern, 1983 წლის 28 აპრილი

შემდგომში ჰიტლერის დღიურების ავთენტურობაზე გამოძიება ჩატარდა და სხვადასხვა ფაქტებზე დაყრდნობით დამტკიცდა, რომ კონრად კოჯაუს დოკუმენტები გაყალბებული ჰქონდა. შესაბამისად, ყალბი იყო ის ციტატებიც, რომელიც იოსებ სტალინს შეეხებოდა.

ერთ-ერთ არგუმენტად არაიდენტური ხელმოწერა დასახელდა, თუმცა ამასთანავე დოკუმენტებზე აღმოჩნდა პოლიესტერი, რომელიც 1953 წლამდე შექმნილი საერთოდ არ იყო.

 "
ჰიტლერის ხელმოწერა 

"
ჰიტლერის ხელმოწერა კუჯაუს ვერსიით

ასევე კუჯაუს დაშვებული ჰქონდა მრავალი შეცდომა, რაც მის წინააღდმეგ მტკიცებულებებად გამოიყენეს. ერთ-ერთი ასეთი შეცდომა AH აბრევიატურის ნაცვლად დღიურზე FH აბრევიატურის გამოყენება იყო.

"
FH აბრევიატურა, AH-ს ნაცვლად

მას შემდეგ რაც დოკუმენტების გაყალბება დადგინდა, კუჯაუ დააპატიმრეს, თუმცა მან ციხიდან გამოსვლის შემდგომ საკუთარი საქმიანობა კვლავ განაგრძო და სალვადორ დალის ყალბი ნახატები გაყიდა.

  • სტალინის ძეგლები ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში

მიუხედავად იმისა, რომ სტალინის ძეგლები დღესდღეობით ბევრ აზიურ და პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში დგას, მათი განთავსება ამერიკასა და ევროპის სახელმწიფოებში ყოველთვის დაძაბულობასთან იყო დაკავშირებული.

როგორც Facebook მომხმარებელი ბესო ბესო აღნიშნავს, სტალინის ძეგლებს ვხვდებით ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიცაა აშშ, უკრაინა, ლიტვა, ესტონეთი, ნიდერლანდები, ბელგია და უნგრეთი.

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

  • სტალინის ძეგლი ამერიკის შეერთებულ შტატებში

2010 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სტალინის ბიუსტი მართლაც დაიდგა და მონუმენტი ე. წ. D Day-ის ეძღვნებოდა. რა თქმა უნდა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას შემდგომში პროტესტი მოჰყვა, შესაბამისად ბედფორდში (ვირჯინია) სტალინის ბიუსტი დროებით აიღეს, რათა ის სხვა ძეგლთან ერთად (ჩერჩილისა და რუზველტის) განეთავსებინათ, თუმცა სტალინის ძეგლი ბედფორდში დღემდე არ აღმდგარა.

"
სტალინის ბიუსტი ბედფორდში, ვირჯინიის შტატი

  • სტალინის ძეგლი ნიდერლანდების სამეფოში

ნიდერლანდებში კი კერძოდ ჰააგაში სტალინის ორი მონუმენტი დგას. მათგან არასამუზეუმო ადგილას მხოლოდ ერთია, რომელიც სატირული ხასითისაა. მასში 4 ლიდერი (სტალინი, ფრანცისკო ფრანკო, ლუი XIV და უცნობი პიროვნება) საგუბარში არიან და ერთმანეთს პირიდან წყალს აშხეფებენ.

"
სტალინის მონუმენტი, ნიდერლანდების სამეფო

მეორე მონუმენტი ჰააგის ფოტოგრაფიის მუზეუმში დგას და ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. სტალინის ბიუსტი ამ მონუმენტში სატელეფონო ჯიხურში დგას.

"
სტალინის მონუმენტი ჰააგაში

  • სტალინისა და სხვა საბჭოთა ძეგლები უკრაინაში

ამერიკისგან განსხვავებით უკრაინაში თავად მოსახლეობამ დაიწყო სტალინისა და სხვა საბჭოთა ლიდერების მონუმენტების ნგრევა და აღება. ეს პროცესები მაიდნის ამბების შემდგომ კიდევ უფრო გააქტიურდა. შემდგომში უკრაინამ საბჭოთა სიმბოლიკები საკანონმდებლო დონეზე აკრძალა.

"
კიევში ანგრევენ ლენინის მონუმენტს, 2013

  • სტალინის ძეგლების ევროპის სხვა სახელმწიფოებში

საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლების ფონზე ევროპაში მოსახლეობა სტალინის, ლენინის და სხვა ლიდერების ძეგლებს აქტიურად და მასობრივად ანგრევდა. მაგალითად, სტალინის მონუმენტს ვაროსლიგეტში 1956 წელს სწორედ ასეთი ბედი ეწია. ასევე დაანგრიეს ძეგლი ბუდაპეშტში.

"
სტალინის დანგრეული ძეგლი ბუდაპეშტში

ამასთანავე, სტალინის ძეგლები მასობრივად დაანგრიეს პოლონეთში 1956-1957 წლებში. აღსანიშნავია, რომ ლიეტუვაში დღესდღეობით კვლავ ვხვდებით საბჭოთა მონუმენტებს (მათ შორის სტალინის) თუმცა ისინი ერთ სივრცეში, კერძოდ გრუტასის მუზეუმ-პარკშია მოთავსებული.

Facebook მომხმარებელ ბესო ბესოს განცხადებით სტალინის პერიოდში რელიგია კვლავ მნიშვნელოვანი გახდა, მან გაათავისუფლა მრავალი სასულიერო პირი და მის პერიოდში ნებისმიერი რელიგიის ადამიანს თავისუფლად შეეძლო არსებობა. სტალინის რეპრესიული პოლიტიკის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მითების დეტექტორის ინფოგრაფიკა – სტალინის დროს დახურული, დანგრეული და გადაკეთებული ეკლესიები. ასევე საბჭოთა ანტირელიგიურ პოლიტიკას შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ სტატიებში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist