3 თებერვალს ფეისბუქ გვერდმა ɴɪɴᴏ ᴄʜᴋʜᴇɪᴅᴢᴇ ғᴀɴs მომღერალი ნინო ჩხეიძის პირდაპირი ეთერი შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “10000 ლარს ნაღდად მივცემ პირველ 400 ადამიანს, ვინც სურათზე ნომრის მიცემას მიიღებს და არის ნამდვილი.” ვიდეოსთან ერთად პოსტის ქვემოთ მითითებულია საჯარო ჯგუფი “Nino Chkehidze-ს” მისამართი და კომენტარი, რომლის მიხედვითაც, ფულადი პრიზების მისაღებად მომხმარებლები მითითებულ ბმულზე უნდა დარეგისტრირდნენ.
ɴɪɴᴏ ᴄʜᴋʜᴇɪᴅᴢᴇ ғᴀɴs თაღლითური გვერდია და გათამაშებების შესახებ ინფორმაცია ყალბია. რეალურად, მის მიზანს ინტერნეტმომხმარებლების შეცდომაში შეყვანა და მათი პერსონალური მონაცემების მოპოვება წარმოადგენს.
ფეისბუქ გვერდი ɴɪɴᴏ ᴄʜᴋʜᴇɪᴅᴢᴇ ғᴀɴs 2023 წლის 3 თებერვალს შეიქმნა.
6 თებერვლის 14:00 საათისთვის გვერდს 46 მოწონება აქვს და 154 გამომწერი ჰყავს.
მომღერალი ნინო ჩხეიძის ოფიციალურ, ვერიფიცირებულ გვერდი 2017 წელსაა შექმნილი და 319 000 გამომწერი ჰყავს.
ამასთანავე, პირდაპირი ეთერი, რომელიც ɴɪɴᴏ ᴄʜᴋʜᴇɪᴅᴢᴇ ғᴀɴs-მა გაავრცელა, ნინო ჩხეიძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 2022 წლის 16 სექტემბერს გამოქვეყნდა. მასში მომღერალი თავის უახლოეს გეგმებზე საუბრობს, ახალი კლიპის პრემიერას აანონსებს და მსმენელების კომენტარებს პასუხობს. ვიდეოში ჩხეიძე გათამაშების შესახებ არ საუბრობს.
ყალბ ვიდეოსთან ერთად გამოქვეყნებული ფეისბუქ ჯგუფი Nino Chkheidze ფეისბუქ მომხმარებლემა Ahmad Fauzi-მ 3 თებერვალს, გვერდის შექმნის დღეს შექმნა.
ჯგუფში ამჟამად მხოლოდ ერთი პოსტი – ჯგუფის გარეკანის ფოტოა გამოქვეყნებული.
ფეისბუქ ანგარიშს Ahmad Fauzi-ს პიროვნების მაიდენტიფიცირებელი მხოლოდ ფოტო აქვს გამოქვეყნებული, ხოლო მისი ფეისბუქ მეგობრებიდან ყველა უცხოურენოვანი ანგარიშია.
რაც შეეხება ბმულს, რომელიც პირდაპირი ეთერის კომენტარებში იყო მითითებული, ბმულზე გადასვლის შემდეგ ვებ-გვერდი მომხმარებელს თანხის სანაცვლოდ რეგისტრაციის გავლასა და პირადი მონაცემების შეყვანას სთხოვს.
ხოლო კომენტარების ავტორები განსხვავებული შინაარსის, თუმცა იდენტური თაღლითური სქემების შემცველ ვებ-გვერდებზეც გვხვდებიან.
წარსულში “მითების დეტექტორმა” შეისწავლა შემთხვევები, როცა იდენტური თაღლითური სქემით მომღერლების სოფო ნიჟარაძისა და ლელა წურწუმიას სახელით ყალბი გვერდები ყალბი გათამაშებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ვრცლად იხილეთ:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.