12-19 ნოემბერს რუსულენოვანმა მედია საშუალებებმა Lenta.ru, Life.ru, News.rambler.ru, svpressa.ru, news.ru, უკრაინის ქალაქ ჟიტომირში პუშკინის ბიუსტის დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟიტომირში პუშკინის ბიუსტი დემონტაჟის დროს ერთ-ერთ აქტივისტს თავზე დაეცა, რის გამოც ის ადგილზე დაიღუპა. იდენტური ინფორმაცია რუსულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებელმა და გვერდმა (1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8), ასევე ქართველმა ფეისბუკის მომხმარებლმა გაავრცელეს. ნონა შარაბიძემ ინფორმაცია შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “ეს მარტო ფაშისტებს შეიძლებოდა მოსვლოდათ!..
მაღალი კვარცხლბეკიდან გადმოვარდნილი ძეგლი ბანდის მეთაურს დაეცა და რეგვენი თავი ლაყე კვერცხივით გაუხეთქა!”
ინფორმაცია პუშკინის ბიუსტის დემონტაჟში მონაწილე პირის დაშავებისა და გარდაცვალების შესახებ ყალბია. სხვადასხვა მედიის მიერ გამოქვეყნებული ფოტო და ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ძეგლის დემონტაჟისას დაზიანება არავის მიუღია.
11 ნოემბრის დილას უკრაინის ქალაქ ჟიტომირში პუშკინის ბიუსტი აიღეს. მოვლენის ამსახველი ვიდეო ფეისბუქზე ჟიტომირის საკრებულოს პრესსამსახურმა გამოაქვეყნა. ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ ხსნიან კომუნალური სამსახურის თანამშრომლები ბრინჯაოს ბიუსტს და რუსი მწერლის სახელს კვარცხლბეკიდან შლიან.
ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ტვირთამწე მანქანაზე ბიუსტი დაუზიანებლად თავსდება. ამ დროს პირი, რომელიც დემონტაჟში მონაწილეობს, კიბიდან ჩამოდის და კიბე გვერდზე გადააქვს. Კადრებში ვხედავთ, რომ ამ ადამიანს არავითარი დაზიანება არ მიუღია.
“მითების დეტაქტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად ფოტოგრაფ ლეონიდ შევჩუკს დაუკავსირდა, მისი თქმით, ბიუსტის დემონტაჟის პროცესი თავად გადაიღო. შევჩუკის მიხედვით, პუშკინის ძეგლის მოხსნას 15 წუთი დასჭირდა და პროცესმა მშვიდობიანად, ხმაურის გარეშე ჩაიარა. ფოტოგრაფის მიერ “მითების დეტექტორისთვის” გამოგზავნილ ფოტოზეც ჩანს, რომ პუშკინის ბიუსტს სატვირთო მანქანაზე დებენ.
10 ნოემბრს ქალაქის მერმა სერგეი სუხომლინმა განაცხადა, რომ მომავალში ბიუსტის მუზეუმისთვის გადაცემას ან მის სამხედრო ტყვეებში გაცვლას გეგმავენ. მანამდე ის იგი “კომუნალური და საყოფაცხოვრებო მომსახურების სპეციალიზებულ კომბინატში” შეინახება.
“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.” შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.