დოლარზე რუსეთის ყოფილი გენერლის კონსპირაციის თეორია ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

252
VIEWS

17 ივლისს რუსულენოვანმა ფეისბუქ-გვერდმა Нимфа ყოფილი რუსი გენერლის, კონსტანტინ პეტროვის ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში პეტროვი ერთდოლარიან კუპიურაზე გამოსახულ სამკუთხედში ჩასმულ თვალსა და პირამიდაზე საუბრობს და ასევე ყურადღებას ამახვილებს პირამიდის ქვეშ წარწერაზეც: novus ordo seclorum (ახალი მსოფლიო წესრიგი). პეტროვის თქმით, ეს პირამიდა განასახიერბს იმ იერარქიულ სისტემას, რომელიც დედამიწაზე ყველგან არსებობს: პირამიდის თავში მონათმფლობელები არიან განლაგებული, მათ შემდეგ დამკვირვებლები და სულ ბოლოს – მონები; ამ წესრიგის შენარჩუნება კი თითოეული ფენისთვის დოზირებულად ინფორმაციის მიწოდებით ხდება. ვიდეოს თანახმად, ამ პირამიდის ამოტრიალებით ვიგებთ, რომ მონათმფლობელებს მთელ ცოდნაზე აქვთ წვდომა, დამკვირვებლებს ის ფაქტობრივი ინფორმაცია მიეწოდებათ, რომელიც მათ უშუალოდ სჭირდებათ, ხოლო სულ ბოლოს, “ჩვეულებრივი” ადამიანები ვერაფერს იღებენ.

პეტროვი ასევე ამბობს, რომ სსრკ-ის განადგურების ინსტრუმენტი მმართველი ორგანო, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი გახდა. პეტროვის თანახმად, კომიტეტის წევრების სურვილი, პენსიაზე გასვლის შემდეგ მატერიალური კეთილდღეობა ჰქონოდათ, მათ წინააღმდეგ იყო გამოყენებული და საბჭოთა კავშირის მმართველობა ჰარვარდის პროექტზე “წამოეგო”, რომელიც საზოგადოების ზედა ეშელონებს “შეუგდეს”. შედეგად კი, როგორც პეტროვი აცხადებს, გორბაჩოვის მმართველობის პერიოდში არაკეთილსინდისიერად მოქცევა და ყველაფრის მითვისება წაქეზებული იყო.

Screenshot 2023 08 01 145138 დოლარზე რუსეთის ყოფილი გენერლის კონსპირაციის თეორია ვრცელდება

კონსტანტინ პეტროვი ერთდოლარიანზე გამოსახულ სიმბოლოებთან და “ჰარვარდის პროექტთან” დაკავშირებით შეთქმულების თეორიებს ავითარებს. რეალურად: 1) ერთდოლარიან კუპიურაზე გამოსახული პირამიდისა და თვალის სიმბოლური მნიშვნელობა აშშ-ის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესთან არის დაკავშირებული და რაიმე სახის გლობალურ იერარქიულ სისტემას არ ასახავს. 2) ჰარვარდის პროექტი საბჭოთა სოციალური სისტემის კვლევითი პროექტი იყო და მას სსრკ-ის მმართველ ელიტასთან რაიმე კავშირი არ ჰქონია.

  • რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ერთდოლარიანზე გამოსახულ პირამიდასა და სამკუთხედში ჩასმულ თვალს?

Screenshot 2023 08 01 145146 დოლარზე რუსეთის ყოფილი გენერლის კონსპირაციის თეორია ვრცელდება

ერთდოლარიან კუპიურაზე გამოსახული და ზოგადად საკმაოდ პოპულარული სიმბოლოს – ყოვლის მხედველი თვალის წარმოშობა ქრისტიანობას უკავშირდება. არსებითად ეს სიმბოლო ღმერთის ყოვლისმხედველობას და ადამიანებზე მზრუნველობას და დაკვირვებას გამოხატავს. ყოვლისმხედველ თვალის გამოსახულებას ხშირად ვხვდებით რენესანსის პერიოდის ხელოვნების ნიმუშებზე და ის ძირითადად ღმერთს გამოხატავს. ამის ერთ-ერთი ადრეული მაგალითია პონტორმოს მიერ 1525 წელს შექმნილი ნახატი “სერობა ემაუსში”. თუმცა აღსანიშნავია, რომ უშუალოდ სიმბოლო ნახატზე მოგვიანებით, სავარაუდოდ, 1600-იან წლებში დაიტანეს.

Screenshot 2023 08 01 145153 დოლარზე რუსეთის ყოფილი გენერლის კონსპირაციის თეორია ვრცელდება

კიდევ ერთი წყარო, სადაც ეს სიმბოლო გვხვდება 1593 წელს გამოქვეყნებული სიმბოლოების წიგნი იკონოლოგიაა (Iconologia). ყოვლისმჭვრეტელი თვალი ღვთიური ყოვლისმჭრეტელობის და ადამიანების მიმართ ღმერთის მზრუნველი ყურადღების სიმბოლოდ მოიაზრება. ამ დატვირთვით მას მე-18 საუკუნეში სხვადასხვა ქვეყანაში იყენებდნენ. ამავე პერიოდში ჩნდება ყოვლისმხედველი თვალი აშშ-ის სახელმწიფო სიმბოლიკაშიც. 

1782 წელს აშშ-ის დიდი ბეჭდის დიზაინი დამტკიცდა. ბეჭდის წინა მხარეს აშშ-ის გერბია გამოსახული, ხოლო უკანა მხარეს 13 საფეხურიანი, დაუმთავრებელი პირამიდა და ყოვლისმხედველი თვალი. პირამიდის თავზე ლათინური წარწერაა Annuit cœptis, ძირში გამოსახულია რომაული რიცხვი MDCCLXXVI და წარწერა novus ordo seclorum. სწორედ დიდი ბეჭდის ორივე მხარეა გამოსახული ერთდოლარიან კუპიურაზე. 

Screenshot 2023 08 01 145200 დოლარზე რუსეთის ყოფილი გენერლის კონსპირაციის თეორია ვრცელდება

დიდი ბეჭდის რევერსის დიზაინის იდეა ჩარლზ ტომპსონს, კონტინენტური კონგრესის მდივანს ეკუთვნის. დიზაინი მან ახალგაზრდა იურისტთან, უილიამ ბარტონთან თანამშრომლობით შეიმუშავა. დაუმთავრებელი პირამიდა სიძლიერისა და სიმტკიცის სიმბოლოა, 13 საფეხური აშშ-ის ორიგინალ 13 შტატს განასახიერებს. რომაული რიცხვი 1776-ს აღნიშნავს – აშშ-ის დამოუკიდებლობის გამოცხადების წელს. წარწერა Annuit cœptis ნიშნავს “ის მხარს უჭერს ჩვენ წამოწყებულ საქმეს” – ეს წარწერა ყოვლისმხედველ თვალთან ერთან კომბინაციაში გამოხატავს იდეას, რომ ღმერთი ამერიკელი ხალხის მიერ წამოწყებული საქმეს და მათ ძალისხმევას მხარს უჭერს. ხოლო წარწერა novus ordo seclorum (ახალი მსოფლიო წესრიგი) 1776 წელთან კომბინაციაში აშშ-ის ახალი ერის დასაწყისზე მიანიშნებს. შესაბამისად აშშ-ის დიდ ბეჭდის რევერსზე გამოსახულ სიმბოლოს დეტალების მნიშვნელობა მჭიდროდ არის დაკავშირებული აშშ-ის ახალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესთან და არაფერი აქვს საერთო საზოგადოების რამე იერარქიულ სისტემასთან, რომელთანაც მას გენერალი კონსტანტინ პეტროვი ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში აკავშირებს.

  • რეალურად რას წარმოადგენდა ჰარვარდის პროექტი?

ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში პეტროვი ასევე ახსენებს “ჰარვარდის პროექტს” და მას ფაქტობრივად უკავშირებს საბჭოთა კავშირის პერიოდის მიწურულს მაღალჩინოსნების მიერ თავისი მოვალეობების არაკეთილსინდისიერად შესრულებას. პეტროვის თქმით, ისინი ჰარვარდის პროექტზე “წამოეგნენ”. აღნიშნული ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ჰარვარდის პროექტი საბჭოთა კავშირში მდგომარეობის გაუარესებასთან და დაშლასთან იყო დაკავშირებული. რეალურად კი “ჰარვარდის პროექტი სოციოლოგიური კვლევითი პროექტი იყო, რომლის მიზანსაც საბჭოთა კავშირის შესწავლა წარმოადგენდა და ის სსრკ-ის წინააღმდეგ რაიმე შეთქმულებასთან დაკავშირებული არ არის. ჰარვარდის პროექტი საბჭოთა სოციალური სისტემაზე (HPSSS) აშშ-ის საჰაერო ძალების დაკვეთით დაიწყო ცივი ომის დასაწყისში და 1950-1951 წლებში ჩატარებული პროექტი იყო, რომლის მიზანიც საბჭოთა სოციალური სისტემის შესწავლა იყო.

კვლევის ფარგლებში ჰარვარდის მეცნიერებმა ასობით ინტერვიუ ჩაატარეს იმ ადამიანებთან, რომლებმაც საბჭოთა კავშირი დატოვეს. ინტერვიუების უმეტესობა ევროპაში, დევნილთა ბანაკებში ჩატარდა და ისინი ანონიმური იყო. პროექტის ფარგლებში 705 ინტერვიუს ტრანსკრიპტია დოკუმენტირებული და ეს წყაროები ციფრულადაც არის ხელმისაწვდომი. ინტერვიუების მიზანი საბჭოთა მოქალაქის ყოველდღიური ცხოვრებისა და გამოცდილების, ჩვეულებრივი მოქალაქის დონეზე საბჭოთა ინსტიტუტების ფუნქციონირებისა და საბჭოთა საზოგადოების ფსიქოლოგიური მახასიათებლების შესწავლა იყო. კვლევის ინტერესს წარმოადგენდა განათლების სფერო, ყოველდღიური სამუშაო, სახელმწიფოსთან კომუნიკაციის საკითხი, ოჯახის სტრუქტურა და სხვა სოციალური საკითხები. საბჭოთა კავშირი ჩაკეტილი სახელმწიფო იყო, კავშირის შიგნით მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია გარესამყაროსთვის მხატივად ხელმისაწვდომი არ იყო და ბუნებრივია ცივი ომის პერიოდში, როდესაც სსრკ აშშ-ის მეტოქე იყო, აშშ-ის სხვადასხვა სტრუქტურებისთვის და სამეცნიერო წრისთვისაც სსრკ-ის სოციალური სისტემა ინტერესის საგანს წარმოადგენდა.

  • ვინ იყო გენერალი კონსტანტინ პეტროვი?

კონსტანტინ პეტროვი სსრკ-სა და რუსეთის ფედერაციის გენერალი იყო და შემდგომში პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა. ის 2009 წელს გარდაიცვალა. 1995 წელს ის ელცინის განკარგულებით  შეიარაღებული ძალებიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს,. როგორც თავად პეტროვის პარტიის საიტზეა აღნიშნული მისი გათავისუფლება “რუსეთისა და მისი დაქცევის წინააღმდეგ ღია გამოსვლებსა” და “გარე სამეცნიერო საქმიანობას” უკავშირდება. პეტროვი 2000 წელს დაფუძნებული პარტიის “ერთიანობის კონცეპტუალური პარტიის” ლიდერი იყო. პარტია და მასთან ერთად პეტროვიც სტალინიზმის იდეებს იზიარებდნენ და ასევე ავრცელებდნენ ოკულტურ იდეებსა და კონსპირაციულ თეორიებს ადამიანების მართვის საიდუმლოებებზე, ანტისემიტურ შეთქმულების თეორიების, შეთქმულების თეორიებს გლობალურ მთავრობაზე, თეორიებს ექსტრასენსებზე, მაგებზე და ჯადოქრებზე. პეტროვს ასევე ჩაწერილი აქვს ვიდეოლექციების ვრცელი კურსი ე.წ. “მმართველობის საერთო თეორიაზე”, რომელშიც სხვადასხვა კონსპირაციული იდეები აქვს განვითარებული. პარტიის მთავარ იდეოლოგიას ერქვა “საზოგადოებრივი უსაფრთხოების კონცეფცია “მკვდარი წყალი”. პეტროვის თქმით, ის ოფიცრებმა და პატრიოტებმა შეიმუშავეს და განხორციელებისთვის ჯერ კიდევ 1991 წლის პუტჩამდე იყო მზად, თუმცა მათ “მოქმედების საშუალებას არ აძლევდნენ”. კონცეფციის იდეის ახსნისას პეტროვი რაინდებზე -ბოგატირებზე, რუსულ ფოლკლორულ სიუჟეტს იხსენებს. პეტროვის თქმით, მკვდარი წყალი დაჩეხილი და მოკლული ბოგატირების სხეულის გამთელებისთვის გამოიყენებოდა, შემდეგ კი მათ ცოცხალი წყლით აცოცხლებდნენ – ამ ზღაპრული ფაბულის მსგავსად დაჩეხილი რუსეთის გასაერთიანებლადაც, პეტროვის თანახმად, მკვდარი და ცოცხალი წყალი ანუ აღორძინების თეორია და პრაქტიკული მოქმედებებია საჭირო.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist