“ილიონი TV” ამჟამად წარმოადგენს საცდელ მაუწყებლობას, რომელიც საჯარო რეესტრში “შპს ილიონის” სახელით არის რეგისტრირებული. ილიონი TV-ს აქვს FB გვერდი, რომელიც 2019 წლის 22 დეკემბერს შეიქმნა და, ასევე, არსებობს მაუწყებლობის ოფიციალური იუთუბის არხი, რომელიც 2018 წლის 21 აგვისტოს გაიხსნა.
შპს “ილიონი” საჯარო რეესტრში 2017 წლის 14 აგვისტოს არის რეგისტრირებული. დირექტორის პოზიცია ეკავა მალხაზ ფილაურს, რომელიც ამავდროულად პარტია “თავისუფალი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრია. რეესტრიდან ამოღებული 2020 წლის 19 ივნისის განაცხადის თანახმად, ახლა შპს “ილიონის” დირექტორია როინი ხიჯაკაძე, რომელიც პარტია “თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერია. აღსანიშნავია, რომ შეიცვალა მესაკუთრეების სიაც. 2017-ში ლაურა ომანიძე იყო ერთადერთი პარტნიორი და ჰქონდა 100%-იანი წილი, ხოლო 2020-ში, კი, მესაკუთრეები გახლავთ: ლაურა ომანიძე (40%), სოფიო კაპანაძე (28%) და ქეთო შენგელია (32%).
2020 წლის 25 მაისს შპს “ილიონმა” კომუნიკაციის კომისიას მიმართა მაუწყებლობის ავტორიზაციის მიღების მიზნით, თუმცა დაფინანსების გეგმის და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის ხარვეზების გამო შპს “ილიონმა” პირველ განხილვაზე ავტორიზაცია ვერ გაიარა. 4 ივნისის სხდომაზე, მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, “ილიონს” მიენიჭა კერძო ტელემაუწყებლობის ავტორიზაცია.