უფოლოგის მტკიცებით, “ვაქცინაციის ექსპერიმენტებს” სათავე პრეზიდენტ მარგველაშვილის ხელშეკრულებამ დაუდო

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

28
VIEWS

2021 წლის 21 ივნისს  ტელეკომპანია “თავისუფალი არხი – ილიონის” ფეისბუქ გვერდმა პანდემიისა და კორონავირუსის ვაქცინების შესახებ უფოლოგი (ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მკვლევარი) ერეკლე შონიას ვიდეო გამოაქვეყნა. შონიას მტკიცებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები სათანადოდ გამოცდილი არ არის, რის გამოც ვაქცინაციის პროცესი მოსახლეობაზე ჩატარებული მაშტაბური ექსპერიმენტია. როგორც ერეკლე შონია საუბრისას აღნიშნავს, საქართველოს მოსახლეობის “საექსპერიმენტო ადამიანებად” გამოყენებას 2015 წელს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება უდევს საფუძვლად, რომლითაც საქართველო სხვადასხვა მედიკამენტის გამოსაცდელ ქვეყნად იქცა.

ერეკლე შონია, უფოლოგი: “2015 წელს ჩვენმა მაშინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რომ ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ საექსპერიმენტაციო ქვეყანად, სადაც ხდება სხვადასხვა წამლების გადამოწმება და ექსპერიმენტის ჩატარება, წინა პერიოდს გადიან აქ, წამლების ტესტირებას ატარებენ… ეს ეგრეთ წოდებული ვაქცინა, რომელიც არც არის ჯერ-ჯერობით ვაქცინა, ეს არის საექსპერიმენტაციო ვაქცინა, რომელსაც ჩვენზე იყენებენ და ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ეს პატარა ერი აღმოვჩნდით საექსპერიმენტაციო ადამიანები…”

2021 წლის 6 ივლისის მდგომარეობით “თავისუფალი არხის” ვიდეოს 4800-ზე მეტი გაზიარება აქვს.

;
ერეკლე შონიას მტკიცება, რომ ვაქცინაციის ექსპერიმენტებს სათავე პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ ხელმოწერილმა 2015 წლის ხელშეკრულებამ დაუდო საფუძველი, სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი შინაარსის ხელშეკრულება არც საკანონმდებლო აქტების ბაზაში იძებნება და მის არსებობას არც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს. 

  • საქართველოს მოსახლეობაზე მედიკამენტების გამოცდასთან დაკავშირებული, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება არ არსებობს. 

არც “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ბაზაში, არც  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ხელშეკრულებების რეესტრში არ იძებნება 2015 წლის ხელშეკრულება, რომელიც ვაქცინაციის ან სამედიცინო პრეპარატების გამოცდის საკითხს შეეხება.

იმის გასარკვევად, მოეწერა თუ არა გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ხელი ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოში მედიკამენტების გამოცდის და ბიო-უსაფრთხოების საკითხებს შეეხება, “მითების დეტექტორი” საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხის თანახმად, ინფორმაცია მსგავსი ხელშეკრულების არსებობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაცული არ არის.

;

  • საქართველოში მედიკამენტებისა და სხვა ფარმაკოლოგიური ნივთიერებების პრეკლინიკური და კლინიკური კვლევები საქართველოს კანონმდებლობით და მთავრობის მიერ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტებით რეგულირდება

საქართველოში მედიკამენტებისა და სხვა მსგავსი ფარმაცევტული პროდუქტებზე კვლევების ჩატარება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური მწარმოებლებისთვის, რეგულირდება საქართველოს კანონით “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ”. კანონის მეხუთე პრიმა მუხლში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკამდელი და კლინიკური კვლევები ტარდება მინისტრის მიერ დამტკიცებული სტანდარტებისა და გაიდლაინების შესაბამისად, ხოლო ფარმაცევტულ კვლევაში ჩართული მოხალისეების უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოში მედიკამენტების კლინიკამდელი და კლინიკური კვლევის ჩასატარებლად კი ნებართვებს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გასცემს. როგორც კლინიკამდელი და კლინიკური კვლევების გაიდლაინებში ვკითხულობთ, კლინიკურ კვლევაში მონაწილეობამდე ყოველი პაციენტისგან მიღებული უნდა იყოს ნებაყოფლობითი თანხმობა. ამასთანავე, კვლევაში ჩართული პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული კვლევის მიზნების, შედეგების და შესაძლო რისკფაქტორების შესახებ. საქართველოში მსგავსი კვლევის ლეგალურად წარმოებისთვის კი კვლევის განმახორციელებელმა შესაბამის უწყებებს სხვა დოკუმენტაციასთან ერთად კვლევაში ჩართული მოხალისეების წერილობით თანხმობა უნდა წარუდგინონ. ამგვარად, ერეკლე შონიას მტკიცება, რომ საქართველოს მოსახლეობაზე მედიკამენტების გამოცდა და ფარმაცევტული ექსპერიმენტები მასობრივად ტარდება, საფუძველს მოკლებულია.

  • კორონავირუსის ვაქცინებმა კვლევის ყველა ეტაპი სხვადასხვა ქვეყანაში იქამდე გაიარეს, ვიდრე რომელიმე მათგანს საქართველოში შემოიტანდნენ. 

საქართველოში ამჟამად ხელმისაწვდომმა ვაქცინებმა ადამიანებზე კვლევის ეტაპები სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გაიარეს. საქართველოში კორონავირუსის არცერთი ვაქცინის კლინიკამდელი ან კლინიკური კვლევა არ ჩატარებულა. AstraZeneca-ს ვაქცინის კლინიკური კვლევები დიდ ბრიტანეთში 2020 წლის 30 აპრილიდან დაიწყო, ვაქცინის ყველაზე მასშტაბური კვლევა კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა. პარალელურად, ბრიტანულ-შვედური ვაქცინის კლინიკური კვლევები მიმდინარეობდა ბრაზილიაში, სამხრეთ აფრიკასა და ინდოეთში. ჩინური ვაქცინების კვლევები 2020 წლის ზაფხულიდან რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობდა, მათ შორის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ბაჰრეინში, პერუში, ბრაზილიასა და ინდონეზიაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ კორონავირუსის ვაქცინების კლინიკური კვლევები ისევე, როგორც ნებისმიერი ფარმაცევტული კვლევა, რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობაზე არ მიმდინარეობდა. რეალურად, კვლევებში მთელი მოსფლიოს მაშტაბით ათობით ათასი მოხალისე ნებაყოფლობით იყო ჩართული. კვლევები როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში მიმდინარეობდა. მაგალითად, მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ვაქცინებისა და კორონავირუსთან დაკავშირებულ სხვადასხვა კვლევაში 600 000 მოხალისეზე მეტი იყო ჩართული. ათობით ათასი ამერიკელი მოხალისე მონაწილეობდა ამერიკული ვაქცინების Pfizer-ისა და Moderna-ს კლინიკურ კვლევებშიც.

ვრცლად ამ თემაზე იხილეთ:
ცდიან თუ არა ვაქცინებს “მესამე ქვეყნებზე” და რომელი ქვეყნები მონაწილეობენ COVID-19-ის ვაქცინაციაში?
არიან თუ არა ქართველები “საცდელი ბოცვრები” ბრიტანული ვაქცინისთვის?

ერეკლე შონიას მიერ გაჟღერებული სხვა მცდარი ინფორმაცია

40 წუთიან ვიდეოში ერეკლე შონია იმ მცდარ ინფორმაციასაც იმეორებს, რაზეც “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:

  • კორონავირუსის ამჟამად ავტორიზებულმა ვაქცინებმა ცხოველებზე და ადამიანებზე გამოცდის ყველა ეტაპი სრულად გაიარეს. მტკიცება, თითქოს ვაქცინები სათანადოდ გამოცდილი არ არის და ექსპერიმენტი უშუალოდ მოსახლეობაზე ტარდება, მითია.

ცდიან თუ არა covid-19-ის ვაქცინას პირდაპირ ადამიანებზე?
“საერთო გაზეთში” ვაქცინაციის შესახებ 8 ტყუილი და 2 მანიპულაცია ვრცელდება

  • კორონავირუსის ვაქცინები იმუნიტეტს არ აქვეითებს. რეალურად, ვაქცინის მუშაობის მექანიზმი საპირისპიროა. მართალია, კორონავირუსის სხვადასხვა ტიპის ვაქცინა არსებობს და ისინი იმუნურ რეაქციას განსხვავებული მექანიზმით იწვევენ, თუმცა ყველა ტიპის ვაქცინა ვირუსის მიმართ ადამიანის იმუნური სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები – მითები და რეალური მდგომარეობა?
როგორ მუშაობენ სხვადასხვა ვაქცინები და არის თუ არა რომელიმე საფრთხის შემცველი?

  • პირბადის ტარებისას ორგანიზმში ნახშირორჟანგის დონე ორგანიზმისთვის საშიშ ნიშნულამდე არ იზრდება. მოსაზრება, რომ პირბადეს ნახშიროჟანგით ინტოქსიკაციის ან იმუნიტეტის დაქვეითების გამოწვევა შეუძლია, მცდარია. 

News-Front, Tvalsazrisi, სტალინი პირბადეების საწინააღმდეგო კონსპირაციებს ავრცელებენ
შესაძლებელია თუ არა გაზის დეტექტორით პირბადის შიგნით ნახშირორჟანგის დონის გაზომვა?

  •  კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროგრამა ნიურბერგის კოდექსს არ არღვევს. მცდარია ინფორმაცია, რომ ვაქცინაციაში ჩართულ ექიმებსა და სხვა პირებს ისევე გაასამართლებენ, როგორც ჰოლოკოსტში მონაწილე ნაცისტები გაასამართლეს.

AstraZeneca-ს ვაქცინა ნიურნბერგის კოდექსს არ არღვევს
რას ამტკიცებს Яков Джугашвили და შეიტანეს თუ არა სარჩელი კორონავირუსის წინააღმდეგ?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist