27 ივნისს “თავისუფალი არხის” ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა სიუჟეტი, რომელშიც აღნიშნავენ, რომ ‘უკრაინაში რუსეთის ჯარების ბოლოდროინდელი წარმატებების ფონზე’ ბორის ჯონსონი ვოლოდიმირ ზელენსკის დიდ ბრიტანეთში პოლიტიკურ თავშესაფარს სთავაზობს. სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ ჯონსონის განცხადებით, ის უკრაინის პრეზიდენტის დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით მიწვევას განიხილავს.
მტკიცება, თითქოს ბორის ჯონსონი ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურ თავშესაფარს სთავაზობს, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განცხადება მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტზე გააკეთა და არა პოლიტიკურ თავშესაფარზე. მისი თქმით, ბრიტანეთისთვის პატივი იქნება უკრაინის პრეზიდენტის მიღება, როდესაც ის ამას საჭიროდ ჩათვლის, ხოლო ბრიტანეთის მთავრობის წევრები ზელენსკის მიწვევას არა ახლა, არამედ ოქტომბრისთვის განიხილავენ.
“თავისუფალი არხის” სიუჟეტში ბორის ჯონსონის სურვილი, დიდ ბრიტანეთში მიიწვიოს უკრაინის პრეზიდენტი წარმოჩენილია, როგორც მის მიერ ზელენსკისთვის თავშესაფრის შეთავაზება და ამის მიზეზად “უკრაინაში რუსეთის ძალების ბოლოდროინდელი წარმატებებია” დასახელებული.
რეალურად, ჟურნალისტის შეკითხვას, სურს თუ არა შესთავაზოს უკრაინის ლიდერს ქვეყანაში ვიზიტი, ჯონსონმა შემდეგნაირად უპასუხა: “თუ ის ოდესმე იქნება თავისუფალი და მისთვის აზრი ექნება რომ დატოვოს უკრაინა, მაშინ, ცხადია, დიდი ბრიტანეთისთვის პატივი იქნება მისი მასპინძლობა”. კითხვა პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებას არ ეხებოდა და ამის შესახებ არც ბორის ჯონსონს უსაუბრია.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის შესახებ ბავარიაში გამართული “დიდი შვიდეულის” სამიტზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ახლა პრეზიდენტ ზელენსკის დასახმარებლად გაერთიანებაა, რომელიც შესანიშნავად უძღვება საკუთარ ქვეყანას ამ საშინელ დროს.
სიუჟეტში ასევე აღნიშნულია, რომ ზელენსკის ბრიტანეთში მიწვევას ბრიტანეთის მთავრობის წევრებიც აპირებენ, რომლის ფარგლებშიც უკრაინის პრეზიდენტის დედოფალთან შეხვედრაც განიხილება.
დიდი ბრიტანეთის მინისტრების მსგავსი ინიციატივის შესახებ ინფორმაცია The Sunday Times-მა გაავრცელა. უკრაინული მედიის ცნობით კი, აღნიშნული ვიზიტი ოქტომბრისთვის იგეგმება.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.