ვიდეომანიპულაცია, თითქოს ლაგოდეხში სოფლებს ვირუსის სიმპტომების ხელოვნურად წარმოქმნისთვის წამლავენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

51
VIEWS

29-30 სექტემბერს ფეისბუქ-ანგარიშებმა ნაცნობი უფნობი და Orliana Orliana გაავრცელეს ვიდეო, რომელიც, მათი ინფორმაციით, ლაგოდეხშია გადაღებული. ვიდეოში მოქალაქე ყვება, რომ სოფელი შეწამლეს, რის გამოც თვალები აეწვა და ჰაერიდან ბურუსი და სუნი არ ქრება. პოსტების აღწერაში ავტორები შეწამვლას “ვირუსის სეზონისთვის მზადებას” უკავშირებენ და ამტკიცებენ, რომ “მოშხამვა” კორონავირუსის სიმპტომების ხელოვნურად წარმოქმნას ისახავს მიზნად, რათა “სახლში გამოგვკეტონ და სიკვდილის ქრონიკა გახსნან”.   

ვიდეო გაზიარდა ქართულენოვან ფეისბუქ-ჯგუფებში (ბათუმი კოვიდტერორის წინააღმდეგ; ჩემი გორი ✔; ლევან ვასაძე – ერთობა, რაობა, იმედი (მხარდამჭერთა ჯგუფი); ANTIFA – GE; ეროვნული მოძრაობა; სამშობლოსთვის!).

Screenshot 2023 10 04 130516 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ლაგოდეხში სოფლებს ვირუსის სიმპტომების ხელოვნურად წარმოქმნისთვის წამლავენ

ლაგოდეხში სოფლების შეწამვლის მიზანთან დაკავშირებით მტკიცებები ვიდეომანიპულაციას და კონსპირაციულ თეორიებს შეიცავს. სოფლების შეწამვლა მხოლოდ მავნებელი მწერების წინააღმდეგ მიმდინარეობს. უსაფრთხოების წესების დარღვევის – ჩასუნთქვისა და კანზე მოხვედრის შემთხვევაში პესტიციდები ადამიანის ინტოქსიკაციას იწვევს, თუმცა შეწამვლის დანიშნულება მცენარეების დაცვაა, კავშირი არ აქვს კორონავირუსთან და ადამიანებში რაიმე სიმპტომის ხელოვნურად გამოწვევას არ ემსახურება.  სურსათის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით, მოქალაქეებს შეწამვლის შესახებ წინასწარ აფრთხილებენ.

რა მიზნით და როგორ იყენებენ პესტიციდებს? 

როგორც “მითების დეტექტორს” ლაგოდეხის მერიაში უთხრეს, სოფლების შეწამვლა მხოლოდ მავნებელი მწერების წინააღმდეგ მიმდინარეობს. ნივთიერება, რომელსაც იყენებენ, აზიური ფაროსანას გავრცელებას ებრძვის. მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებს წინასწარ აფრთხილებენ, რათა დახურონ ფანჯრები და შეწამვლის ადგილს მოერიდონ.   

ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე მოცემულია გრაფიკი, თუ როდის რომელი სოფლის შეწამვლაა დაგეგმილი.  

Screenshot 2023 10 04 130524 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ლაგოდეხში სოფლებს ვირუსის სიმპტომების ხელოვნურად წარმოქმნისთვის წამლავენ
პრეპარატით დამუშავების დღის განრიგი. ფოტო: farosana.ge 

ამ დრომდე პრეპარატით დამუშავებული სოფლების ცხრილის მიხედვით, მავნებლების წინააღმდეგ სექტემბერის ბოლოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი – არეშფერანი და გიორგეთი შეწამლეს (26 და 30 სექტემბერს, 20:00 და 23:00 საათებზე).  

Screenshot 2023 10 04 130534 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ლაგოდეხში სოფლებს ვირუსის სიმპტომების ხელოვნურად წარმოქმნისთვის წამლავენ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები, რომლებშიც წამლობა ჩატარდა. ფოტო: farosana.ge  

პესტიციდის, ანუ ქიმიური ნივთიერების გამოყენება მცენარეთა მავნე ორგანიზმებისგან დასაცავად მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია. პესტიციდები დანიშნულების მიხედვით კლასიფიცირდება – მაგალითად, მავნე მწერების საწინააღმდეგოდ ინსექტიციდები დამოიყენება, ტკიბების საწინააღმდეგოდ – აკარიციდები, მღრღნელების – როდენტიციდები და ა.შ. იმის გათვალისწინებით, რომ პესტიციდების მოქმედება ბიოლოგიური აქტივობით არის განპირობებული, ის ტოქსიკურად მოქმედებს არა მარტო მავნე, არამედ სხვა ორგანიზმებზეც, მათ შორის, ადამიანებზე. შესაბამისად, არსებობს დადგენილი უსაფრთხოების წესები, რომლებიც ნივთიერების მოხმარების, ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს უნდა იყოს გათვალისწინებული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების მიხედვით, პესტიციდების გამოყენებამდე უნდა შეფასდეს მიწის მდგომარეობა, რათა დადგინდეს, რა მავნებლით არის დაზიანებული ის. ქიმიური წამლობის დროს გამოყენებული უნდა იყოს სპეციალური ტანსაცმელი, რომელიც მაქსიმალურად ფარავს სხეულს, ასევე, აუცილებელია ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – რეზინის ხელთათმანი, ჩექმა, თავსაბურავი, სათვალე და რესპირატორი. წამლობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ უქარო ამინდში, დილის ან საღამოს საათებში ან შუადღისას, ღრუბლიან ამინდში. 

“მითების დეტექტორს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში უთხრეს, რომ მოქალაქეებს შეწამვლის შესახებ წინასწარ აფრთხილებენ, ასევე, მათ შეუძლიათ, ოფიციალური ვებ-საიტიდან შეტყობინებები გამოიწერონ და მიიღონ ინფორმაცია, როდის არის დაგეგმილი მათი სოფლის შეწამვლა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეწამვლის შემდეგ უსაფრთხოების ზომების (მაგალითად, ფანჯრების დახურვა) მიღება, დაახლოებით, 4-5 საათის განმავლობაშია საჭირო, ასევე, მოქალაქეებმა შეწამლული ხილი არ უნდა მიირთვან 2 კვირის განმავლობაში.  

პესტიციდებით ინტოქსიკაცია 

იმ შემთხვევაში, თუ პესტიციდების გამოყენებისა და უსაფრთხოების წესები დაირღვევა, ადამიანი, შესაძლოა, ნივთიერებით მოიწამლოს. როგორც მცენარეთა დაცვის საშუალებების ეფექტიანი და უსაფრთხო მოხმარებისა და მოწამვლისას პირველადი დახმარების აღმოჩენის სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, მოწამვლის ნიშნები და სიმპტომები მოიცავს ძლიერ სისუსტესა და დაღლილობას, თვალების გაღიზიანებას, ცრემლდენას, მხედველობის დაბინდვას, გუგების გაფართოებას, კანის ქავილს, ძლიერ ოფლდენას, ლაქების გაჩენას, პირის ღრუსა და ყელის არეში წვას, ნერწყვის ძლიერ გამოყოფას, ღებინებას, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ხველებას და ა.შ. სიმპტომების შემთხვევაში მოქალაქემ სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს.   

პესტიციდების გამოყენებისას წესების დარღვევით გამოწვეული ჩამოთვლილი სიმპტომები ძლიერი ან მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშანია და კავშირი არ აქვს კორონავირუსთან, როგორც ამას გავრცელებული პოსტების ავტორები ამტკიცებენ. 

Screenshot 2023 10 04 130542 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ლაგოდეხში სოფლებს ვირუსის სიმპტომების ხელოვნურად წარმოქმნისთვის წამლავენ
წყარო: მცენარეთა დაცვის საშუალებების ეფექტიანი და უსაფრთხო მოხმარებისა და მოწამვლისას პირველადი დახმარების აღმოჩენის სახელმძღვანელო

“მითების დეტექტორმა” მცენარეების შეწამვლის პროცესის ვირუსებთან კავშირზე მცდარი ინფორმაცია 2021-2022 წლებშიც გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ:

წყაროების შესახებ 

ფეისბუქ-ანგარიში ნაცნობი უფნობი, მის სხვა ანგარიშებთან (1,2,3) ერთად, მცდარ ინფორმაციასა და კონსპირაციული შინაარსის პოსტებს მუდმივად აქვეყნებს. “მითების დეტექტორმა” ფეისბუქ მომხმარებლის მიერ სხვადასხვა ანგარიშით გავრცელებული ყალბი ინფორმაცია მრავალჯერ გადაამოწმა

ფეისბუქ-ანაგრიში Orliana Orliana ანტივაქსერული და ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს ავრცელებს. მომხმარებელი აზიარებს მასალას, რომელიც “მითების დეტექტორის” მიერ ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული.  

პოსტების არქივი (1;2


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist