კორონავირუსი თუ ხეების შეწამვლა – რას უკავშირდება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

61
VIEWS

2021 წლის 21 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Katerina Kvaliashvili გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს მანქანა, რომელიც ქუჩაში გაურკვეველ ნივთიერებას აფრქვევს. პოსტის ავტორი ირწმუნება, რომ სწორედ ეს ნივთიერება იწვევს ხველებას, პოსტის კომენტარებში კი საუბრობს ნისლზე და თვითმფრინავების მიერ დატოვებულ ქიმიურ კვალზე და ამას საავადმყოფოებში არსებულ მძიმე სიტუაციას უკავშირებს. 22 ნოემბერს იდენტური ვიდეო და ერთ-ერთი კომენტარი გამოქვეყნა ფეისბუქ მომხმარებელმა გაბრიელ მიქელაძემაც. ის აღნიშნულს უკავშირებს კიდევ ერთ ვიდეოს, რომელიც თავად გამოაქვეყნა 21 ნოემბერს და ასევე მანქანების მიერ გაურკვეველი ნივთიერების ჰაერში გაფრქვევას ასახავს. პოსტში გაბრიელ მიქელაძე ამტკიცებს, რომ ამგვარად “მიწას ანოყიერებენ”. იდენტური ვიდეო 23 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Soso Poladishvili-მაც გამოაქვეყნა.

""

მტკიცება, რომ ვიდოებში აღწერილი პროცესი დაკავშირებულია კორონავირუსთან ან საავადმყოფოებში არსებულ სიტუაციასთან, სიმართლეს არ შეესაბამება. თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველი ვიდეო ნარგავების დაცვის მიზნით მათ შეწამვლას ასახავს. მეორე ვიდეო კი რუსეთში სამხედრო წვრთნის დროს არის გადაღებული.

  • რას ასახავს თბილისში გადაღებული ვიდეო?

პირველ ვიდეოში, რომელიც ღამის საათებში სპეციალური მანქანის მიერ ჰაერში ნივთიერების გაფრქვევას ასახავს, ჩანს ქართულენოვანი წარწერები, რითაც დასტურდება, რომ ვიდეო ნამდვილად საქართველოში არის გადაღებული. იმის გადასამოწმებლად, თუ რეალურად რას ასახავს ვიდეო, “მითების დეტექტორი” თბილისის მერიას დაუკავშირდა. როგორც მერიაში განაცხადეს, ვიდეოში ასახულია შპს “ეკოსერვის ჯგუფის” მიერ მწვანე ნარგავების შეწამვლის პროცესი, რომელიც ნარგავების დასაცავად, შესაბამისი წესდების გათვალისწინებით ხორციელდება. თბილისის მერიიდან ასევე მოგვაწოდეს იმ პრეპარატების სია, რომელიც წამლობის პროცესში გამოიყენება. ესენია: ბიოლოგიური ინსექტიციდი ლეპიდინი, ფუნგიციდები – რიდომილ გოლდი, ფალკონი, პრევიკურ ენერჯი, ანტრაკოლი, ინსექტიციდები – საჰები, კარატე, ოლეოლუკი, ამპლიგო, მედალი, კორლინოფოსი, აქტელიკი და პიროელექტრა. პრეპარატების შესახებ დეტალური ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არის ხელმისაწვდომი. მწვანე საფარის შეწამვლის პროცესი თბილისში მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ხეების წამლობის პროცედურები 2021 წლამდეც არაერთხელ ჩატარებულა, მათ შორის კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდეც. შესაბამისად, მტკიცება, რომ ვიდეოში ასახულ პროცესს კორონავირუსთან და საავადმყოფოებში არსებულ სიტუაციასთან რაიმე კავშირი აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება.

მსგავსი შინაარსის დეზინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია ქუჩებში პოლი-ჰექსა-მეთილ-გუანიდინს ასხამდა, რაც ფილტვების შეშუპებას და ქიმიურ პნევმონიას იწვევდა, სოციალურ ქსელში წარსულშიც გავრცელდა. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა: რითი რეცხავს მერია თბილისის ქუჩებს?

  • რას ასახავს რუსეთში გადაღებული ვიდეო

ვიდეოს სრული ვერსია 2021 წლის 27 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. მასში გაბრიელ მიქელაძისა და Soso Poladishvili-ის მიერ გავრცელებული კადრები 0:31 წამზე გვხვდება.

ვიდეოს აღწერაში ნათქვამია, რომ რუსეთის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების სპეციალისტებმა სამხედრო სწავლების დროს სასწავლო მოედანი უახლესი ТДА-3 აპარატის გამოყენებით კვამლით დაფარეს ისე, რომ მის შიგნით მოქცეული ჯარი, იარაღი, სამხედრო ტექნიკა და ინფრასტრუქტურა ვიზუალურად და ოპტიკურად შეუმჩნეველი ყოფილიყო.

აღნიშნულ პირობებში სამხედროები დაეუფლნენ აღჭურვილობის სპეციალური გამოყენების სხვადასხვა, მათ შორის ქიმიურ დაბინძურებასთან დაკავშირებულ, ტექნიკასა და მეთოდს. მათ ასევე შეისწავლეს ადამიანისგან გამოწვეული კატასტროფის შედეგების ლოკალიზებისთვის საჭირო ზომების მიღება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსსაიტზე მსგავსი ტიპის სამხედრო წვრთნაა აღწერილი და ТДА-3 თერმობოლის აპარატის შესახებ ნათქვამია, რომ ის აეროზოლურ ფარდას წარმოქმნის, რომელიც ჯარებს მაღალი სიზუსტის იარაღისა და მტრის სადაზვერვო მოწყობილობებისგან იცავს. აგრეთვე, მას ქიმიური იარაღის გამოყენების დროს აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის დეზინფექციის მიზნით იყენებენ.

ე.წ. კვამლის ფარდა ქართულ სამხედრო ენციკლოპედიურ ლექსიკონში შემდეგნაირად არის განმარტებული:

„კვამლის ფარდა (აეროზოლის ფარდა): აეროზოლის (კვამლის ან ნისლის) ხელოვნურად შექმნილი ღრუბელი, გამოიყენება მოწინააღმდეგისთვის ხილვადობის შესაზღუდად, საკუთარი ჯარების (ძალების) და ობიექტების მოქმედების შესანიღბავად. კ.ფ.-ები საკვამლე ბოჭკოების, ხელყუმბარების, ნაღმების, ჭურვების, ბომბების, საკვამლე აპარატურის მეშვეობით იქმნება…სამხედრო მიზნისთვის პირველად გამოიყენეს პირველ მსოფლიო ომში“.

შესაბამისად, ვიდეოში ნივთიერებას ადამიანების მოწამვლის მიზნით კი არ აფრქვევენ, არამედ აღნიშნული ქმედება სამხედრო სწავლების ნაწილია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ვიდეოში ასახულ პროცესს კავშირი არ აქვს საქართველოში გადაღებულ ვიდეოში ასახულ ხეების შეწამვლის პროცესთან.

სოციალურ ქსელებსი თვითმფრინავის გამონაბოლქვთან დაკავშირებული შეთქმულების თეორიები და დეზინფორმაცია წარსულშიც აქტიურად ვრცელდებოდა. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ „მითების დეტექტორის“ მიერ მომზადებული მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist