ვინ ამტკიცებს, რომ რუსეთი უკრაინაზე უკეთ იცავს ომის წესებს – Amnesty International თუ “მათე ბიჭი”

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

116
VIEWS

24 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა “მათე ბიჭი” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის ანგარიშია ნახსენები. პოსტის ავტორი აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის დასკვნის მიხედვით, უკრაინა ომის წესებს არღვევს, ხოლო რუსეთი “შეუდარებლად უკეთ” იცავს მათ.

1 ვინ ამტკიცებს, რომ რუსეთი უკრაინაზე უკეთ იცავს ომის წესებს - Amnesty International თუ “მათე ბიჭი”

მტკიცება, რომ Amnesty International-მა უკრაინა ომის წესების დარღვევაში დაადანაშაულა და დაასკვნა, რომ რუსეთი უკეთ იცავს წესებს, ნაწილობრივ მცდარია. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მართლაც არის საუბარი უკრაინის არმიის მიერ გარკვეული წესების დარღვევაზე, თუმცა არსადაა ნათქვამი, რომ რუსეთი ომის წესებს იცავს. მეტიც, ანგარიშში რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილია არაერთი დარღვევაა აღწერილი და აღნიშნულია, რომ უკრაინის არმიის არცერთი ქმედება არ ამართლებს რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

პოსტში საუბარია Amnesty International-ის მიერ 4 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის საბრძოლო ტაქტიკა საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოქალაქეებს. კონკრეტულად, საუბარია იმაზე, რომ რუსეთის თავდასხმის მოგერიების დროს უკრაინამ სამხედრო ბაზები საცხოვრებელ არეალებში, სკოლებსა და საავადმყოფოებში განათავსა და თავდასხმები ამ ტერიტორიიდან ხორციელდებოდა.  საგულისხმოა, რომ ანგარიშის მიხედვით, ორგანიზაციას არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, სთხოვეს თუ არა უკრაინულმა სამხედრო ძალებმა ადგილობრივ მოსახლეობას მოეხდინათ შენობების ევაკუაცია, თუმცა დასახლებულ პუნქტებთან ახლოს სამხედრო ტექნიკის განლაგება, Amnesty International-ის მიხედვით, არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონებს და საფრთხეში აგდებს მშვიდობიან მოქალაქეებს, რადგან სამოქალაქო ობიექტები სამხედრო სამიზნეები ხდება. 

ანგარიშის მიხედვით, რუსული თავდასხმების გამოძიებისას მათ შეისწავლეს ხარკოვის, დონბასის და მიკოლაივის ოლქებში მომხდარი დარტყმები და დაადგინეს, რომ ამ რეგიონების 19 ქალაქსა და სოფელში უკრაინული არმია ბაზირებული იყო ან თავდასხმა განახორციელა საცხოვრებელი არეალიდან, მაშინ, როდესაც არსებობდა ალტერნატივა ტყის, ან სხვა, მოშორებით მდებარე შენობების სახით. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ ეს არ ამართლებს რუსეთის განუსჯელ თავდასხმებს, რის შედეგადაც არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ორგანიზაციამ აღრიცხა შემთხვევები, როდესაც რუსეთმა ომის დანაშაულები ჩაიდინა ისეთ საცხოვრებელ ტერიტორიებზე, სადაც უკრაინული ძალები არ ყოფილა განთავსებული. მათ შორის არის ქალაქი ხარკოვიც, სადაც ორგანიზაციამ ვერ იპოვა მტკიცებულება იმისა, რომ იმ სამოქალაქო არეალებში, რომელიც რუსულმა არმიამ უკანონოდ ამოიღო მიზანში და დაბომბა, უკრაინული შეიარაღებული ძალები იმყოფებოდნენ. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი თავდასხმებს საერთაშორისოდ აკრძალული იარაღით ანხორციელებს.

შესაბამისად, მკიცება, რომ  Amnesty International-ის მიხედვით რუსეთი “შეუდარებლად უკეთ” იცავს ომის წესებს სიმართლეს არ შეესაბემება. 4 აგვისტოს ანგარიშამდე ორგანიზაციამ გამოაქვეყნა არაერთი დასკვნა, რომელშიც რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებია აღწერილი, მათ შორის არის ანგარიშები რუსეთის მიერ განხორციელებულ განურჩეველ თავდასხმებზე, აკრძალული იარაღის გამოყენებაზე და ომის სხვა დანაშაულებზე. ომის დაწყების შემდეგ ორგანიზაციამ დაგმო რუსული აგრესია.

4 აგვისტოს ანგარიშს გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარი, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა რეგულარულად ახორციელებს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას კონფლიქტური რეგიონებიდან, თუმცა ათასობით ადამიანს არ შეუძლია, ან უარს ამბობს ფრონტის ხაზზე არსებული ქალაქებისა და სოფლების დატოვებისაგან. მან ასევე განაცხადა, რომ ანტი-სარაკეტო სისტემები ქალაქებში განთავსებულია იმისათვის, რომ დაიცვას სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები მხოლოდ ურბანული დასახლებების გარეთ განთავსდებოდნენ, რუსეთის ძალები წინააღმდეგობის გარეშე შეძლებდნენ მათ აღებას.

Amnesty International-ის 4 აგვისტოს ანგარიშს კრიტიკა და უკმაყოფილება მოჰყვა როგორც უკრაინის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, რის გამოც ორგანიზაციამ მწუხარება გამოთქვა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინული სამხედრო ძალების არც ერთი ქმედება არ ამართლებს რუსეთის მიერ ჩადენილ დარღვევებს და ორგანიზაცია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ ადანაშაულებს რუსეთის ძალების მიერ ჩადენილ დანაშაულებში. ორგანიზაციაში ასევე აღნიშნეს, რომ ანგარიშში აღწერილი შემთხვევები არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინის შეიარაღბული ძალები არ იღებენ შესაბამის ზომებს ქვეყნის სხვა ნაწილებში. ანგარიშისადმი პროსტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა ორგანიზაციის უკრაინული ბიუროს ხელმძღვანელმა ოკსანა პოკალჩუკმა. ანგარიში გააკრიტიკეს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც, სადაც განაცხადეს, რომ ორგანიზაციას ყურადღებიდან გამორჩა ის ფაქტი, რომ უკრაინის ძალების საკუთარი ქვეყნის და ხალხის დასაცავად იბრძვის, ხოლო რუსეთი განზრახ იღებს მიზანში სამოქალაქო ობიექტებს ომის დასაწყისიდან, მათ შორის სკოლებს, ბაღებს, საავადმყოფოებს და თეატრებს. ანგარიშს გამოეხმაურა გაეროს ომის დანაშაულების გამომძიებელი მარკ გარლასკო, რომელმაც საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ Amnesty International-მა კანონი არასწორად გაიგო და უკრაინა საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ნაბიჯებს დგამს, მაგალითად მათ ევაკუაციაში ეხმარება.

აღსანიშნავია, რომ რუსული პროპაგანდისტული არხები რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გასამართლებლად Amnesty International-ის ანგარიშს აქტიურად ციტირებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ანგარიშზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რუსეთის ხელისუფლება დიდი ხანია საუბრობს იმაზე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მშვიდობიანი მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist