ეკლესია – რუსული გავლენის განსაკუთრებული ინსტრუმენტი

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

446
VIEWS

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია (სმე) ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც 2021 წლის 12 სექტემბერს მედიაში სასულიერო პირებთან დაკავშირებულმა სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო დოკუმენტებმა გაჟონა. დოკუმენტები, რომლებიც ქართულ მედიას ხელში ჩაუვარდა, სასულიერო პირების პერსონალურ ინფორმაცას, მათ შორის მათ წარსულ საქმიანობასა და რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო კავშირებს შეეხებოდა. 

საგარეო გავლენის აქტორების წინა კვლევა ეკლესიას რუსეთის გავლენის განსაკუთრებულ ინსტრუმენტად განიხილავდა და აღნიშნავდა, რომ სმე-ს არაერთი წარმომადგენელი, მათ შორის, წმინდა სინოდის რამდენიმე მაღალი რანგის სასულიერო პირი, პრორუსულ განწყობებს ავრცელებდა. მოცემული სია გაჟონილი დოკუმენტების საფუძველზეც შეიძლება გაფართოვდეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქაღალდე სახელად „პრორუსული ორიენტაცია“ 15 სასულიერო პირის, მათ შორის, ქართული ეკლესიის მაღალი რანგის წევრების დოსიეებს მოიცავს. გაჟონილი სავარაუდო დოკუმენტების თანახმად, ქართველ სასულიერო პირებს მჭიდრო კავშირები აქვთ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან (ROC) და რუს ბიზნესმენებთან. ზოგიერთი მათგანი კი, შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურებთანაც თანამშრომლობდეს. სმე-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, სავარაუდოდ გაჟონილ დოკუმენტებში წარმოდგენილი ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. მისი თქმით, ეკლესია 3 000 სასულიერო პირს აერთიანებს და გამომდინარე აქედან, რამდენიმე მაგალითის განზოგადება ისე, თითქოს საპატრიარქოს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან, ვერ მოხდებოდა. მისი თქმით, დოკუმენტები პატრიარქის მოსაყდრის, შიო მუჯირის რუსეთთან კავშირს არ ადასტურებს.. გავრცელებული ცნობებით, დოკუმენტებში  ნათქვამია, რომ სმე-ს ზოგიერთი სასულიერო პირი თვლის, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიტროპოლიტი შიო მუჯირი პატრიარქის მოსაყდრედ ცალმხრივად, კანონიკური წესების დარღვევით და რუსეთის ეკლესიის ზეწოლით დანიშნა. როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, კრიტიკულად განწყობილი სასულიერო პირები თვლიან, რომ შიო მუჯირის დანიშვნით მისი მეგობარი, ულტრაკონსერვატიული პარტია “ერი-ს” ლიდერი და რუსეთთან მჭიდრო კავშირების მქონე ბიზნესმენი ლევან ვასაძე იყო დაინტერესებული.

აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, რომელიც 2020 წლის ნოემბერში მოსკოვს ეწვია, რუსი სამღვდელოების წარმომადგენლებთან ქადაგებაზე  განაცხადა, რომ „ვერავინ და ვერაფერი დაარღვევდა ჩვენს ერთობას.“ გაჟონილი ფაილების თანახმად, 30 000 დოლარის სანაცვლოდ, იგი სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქეს საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა, მათ შორის კათოლიკოს-პატრიარქის პირადი შეხვედრებისა და ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, რომელიც საქართველოში დაფუძნებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ამერიკულ კვლევით ცენტრს წარმოადგენს და რუსული დეზინფორმაციის სამიზნე ხშირად ხდება. მართალია, მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მისი მჭიდრო კავშირები რუსეთის მოქალაქე ლოლიტა დანილინასთან დაადასტურა, მაგრამ ინფორმაციის სანაცვლოდ თანხის მიღების ფაქტი უარყო. ფაჩუაშვილი ქართულ მედიასთან საკუთარ პრორუსულ შეხედულებებს არ აფიქსირებდა, თუმცა, ცოტა ხნის წინ, მან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ დავაში მხარი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას დაუჭირა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტთან ვირტუალურ შეხვედრაზე მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდი სოციალურ-პოლიტიკურ წნეხს განიცდის, თითქოს მას პრორუსული პოზიცია უჭირავს; თუმცა, მისი თქმით, წმინდა სინოდი მხოლოდ მართლმადიდებლობის მხარესაა და თვლის, რომ ყველა უნდა დაუბრუნდეს კონსენსუსის შეთანხმებულ პრინციპს. როგორც წინა წლის კვლევაში აღინიშნა, თეოლოგები წმინდა სინოდის პოზიციას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის თაობაზე რუსული გავლენის შედეგად მიიჩნევენ. 

კრემლის მიმართ საქართველოს ეკლესიის დამოკიდებულება იმ შემთხვევაშიც გამოვლინდა, რომელიც, უსაფრთხოების სამსახურის გაჟონილი სავარაუდო დოკუმენტების მიხედვით, 2019 წელს მოხდა: პატრიარქის მესაყდრემ შიო მუჯირმა და მიტროპოლიტმა თევდორე ჭუაძემ სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გაკრიტიკების  გამო  სტიქაროსანი გაათავისუფლეს.

კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც თეოლოგებმა მიუღებლად და პრორუსულად შეაფასეს, იყო წირვა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარ საპატრიარქო ტაძარში, სვეტიცხოველში რუსულ (საეკლესიო სლავურ) ენაზე ჩატარდა. უკრაინელი სასულიერო პირები, რომელთაც სმე-მ უმასპინძლა, რუსეთის საპატრიარქოს ექმვემდებარებიან, რაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას ეწინააღმდეგება.

ანტილიბერალურ და ანტიდასავლურ რიტორიკას რაც შეეხება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი წევრი კრემლის მხარდამჭერ და ექსტრემისტულ ჯგუფებთან ერთად მოქმედებს. მათი ტანდემი აშკარა იყო 5 ივლისის პრაიდის მარშის ღონისძიებაზე, რომელიც მას შემდეგ გაუქმდა, რაც ძალადობრივი ანტი-ლგბტქ+ ჯგუფები ქუჩაში გამოვიდნენ და მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს. დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა, რომელიც ძალადობრივ ანტი-ლგბტქ+  აქციას ესწრებოდა, მონაწილეებს ძალადობისკენ მოუწოდა. დეკანოზ სპირიდონმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ იძალადოთ სამშობლოსთვის!”

ღირსების მარშამდე ერთი თვით ადრე, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენის კამპანიაც კულტივირებდა, რომელიც ჰომოფობიურ და ანტიდასავლურ გზავნილებს აერთიანებდა. ყველაზე მეტად გავრცელებული ნარატივები მოიცავდა გზავნილებს, რომ “დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას/გეგმავს გეი რევოლუციას”, “რუსეთი იცავს ტრადიციულ იდენტობებს”, “პრაიდის დაშლა = ეკლესიისა და მართლმადიდებლობის დაცვას”. პრაიდის საწინააღმდეგო გზავნილები ულტრამემარჯვენე, კრემლთან დაკავშირებული და რელიგიური ჯგუფების მიერ გავრცელდა; სასულიერო პირებს შორის ყველაზე აქტიურები დეკანოზები სპირიდონ ცქიფურიშვილი, შალვა კეკელია და გიორგი რაზმაძე იყვნენ.

შეჯამების სახით, აღსანიშნავია, რომ სმე-ს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მჭიდრო კავშირების საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარულად შეგროვებული პერსონალური ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ დღის წესრიგში ხელახლა დადგა. აღნიშნული დოკუმენტები ცალკეული სასულიერო პირების რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან სავარაუდო თანამშრომლობის რამდენიმე შემთხვევას და რუს ბიზნესმენებთან ფინანსურ კავშირს ააშკარავებს. ამასთან, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ულტრამემარჯვენე რადიკალ ექსტრემისტებს შორის  იდეოლოგიური თანხვედრა კიდევ უფრო ცხადი გახადა. 5 ივლისის მოვლენების დროს, სმე და  ძალადობრივი ულტრამემარჯვენე ჯგუფები ძალადობას ახალისებდნენ და იდენტურ განცხადებებს ახმოვანებდნენ, რომლის თანახმადაც დასავლეთს გეი რევოლუციის დაგეგმვაში ადანაშაულებდნენ და ამავდროულად, რუსეთს ტრადიციული ღირებულებების ერთადერთ დამცველად წარმოაჩენდნენ.


კვლევარუსული და ჩინური გავლენები საქართველოში – 2021 წლის განახლება”, რომელიც მედიის განვითარების ფონდმა ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის კვლევის ლაბორატორიასთან (DFRLab), სამოქალაქო იდეასთან (CI) და საქართველოს რეფორმების ასოციაციასთან (GRASS) ერთად მოამზადა ხელმისაწვდომია აქ.

ანგარიში მომზადდა ორწლიანი პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს პრაღაში დაფუძნებული უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპული ღირებულებების ცენტრი (EVC) საქართველოში. 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist