სეზონი TV-მ დევიდ კრამერისა და იან კელის ციტატები გააყალბა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

115
VIEWS

8 თებერვალს სეზონი TV-ის ეთერით, გადაცემაში ,,დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან”, გავიდა სიუჟეტი, სადაც საქართველოში ე.წ. ,,მეორე ფრონტის” გახსნის მცდელობაზე იყო საუბარი. სიუჟეტში ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, დევიდ კრამერი ამბობს, რომ საქართველომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს და ასე დაეხმაროს უკრაინას ომში გაიმარჯვოს, ასევე, საქართველომ რუსეთი უნდა აიძულოს, ჯარი გაიყვანოს უკრაინიდან. სიუჟეტში საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის, ციტატაცაა გამოყენებული, სადაც ის თითქოს ამბობს, რომ უნდა იპოვნონ და ,,წერტილოვანი შეტევები” დაუფინანსონ მათ, ვინც საქართველოს ევროპული კურსისკენ შემობრუნებას უზრუნველყოფს.  

sezonitv1 სეზონი TV-მ დევიდ კრამერისა და იან კელის ციტატები გააყალბა

სეზონი TV-ის ეთერში გასული დევიდ კრამერისა და იან კელის ციტატები არასწორადაა გახმოვანებული. რეალურად, ისინი არ საუბრობენ ოკუპირებული ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნების აუცილებლობასა და ადგილობრივი ძალების ,,შეტევების” დაფინანსებაზე. დევიდ კრამერი უკრაინის ომში გამარჯვების მნიშვნელობაზე საუბრობს, რათა ამის შემდეგ საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეს. იან კელი კი ქვეყნის ევროპული კურსისკენ შემობრუნების გზებზე ამახვილებს ყურადღებას. 

ევროპარლამენტარმა და ევროპელი კონსერვატორების ჯგუფის გენერალურმა მდივანმა, ანა ფოტიგამ, 2022 წლის 29 ნოემბერს ევროპარლამენტში დისკუსია გამართა: ,,ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი”. დისკუსიაში მონაწილეობდნენ იან კელი, დევიდ კრამერი და საქართველოს ყოფილი მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, თორნიკე გორდაძე. სწორედ ამ დისკუსიიდან იყენებს ფრაგმენტებს სეზონი TV. წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე ამტკიცებს, რომ იან კელი და დევიდ კრამერი საქართველოში “მეორე ფრონტის” გახსნას ითხოვენ, ხოლო სატელევიზიო ეთერში გადის მათი განცხადებები, რომელსაც არაზუსტი თარგმანი ადევს და მათ განცხადებებს შინაარსს უცვლის.

სინამდვილეში, დევიდ კრამერი ლაპარაკობს შანსზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიების დაბრუნების კუთხით გამოუჩნდა. მისი თქმით, რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვება საქართველოსთვის გაზრდის ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობას და თუ უკრაინა ომში გაიმარჯვებს, დასუსტებულმა რუსეთმა, შესაძლოა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ პოლიტიკას გადახედოს. კრამერი დისკუსიისას აღნიშნავს, რომ არავის სურს უკრაინაში მიმდინარე ომის გავრცობა და საქართველოსთვისაც არ არის აუცილებელი ტერიტორიების დასაბრუნებლად ომის გზა გამოიყენოს. მჟავანაძე არასწორად ინტეპრეტირებს კრამერის სიტყვებს, თითქოს კრამერი უკრაინის დასახმარებლად საქართველოს ურჩევს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად დაიბრუნოს.

რაც შეეხება იან კელის, ის ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგარეო კურსზე და ამბობს, რომ ქვეყნის დასავლური გზიდან დაშორება თვალსაჩინოა. ასევე, მან რამდენჯერმე ახსენა, რომ აშშ-მა უნდა გადახედოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას და დააკვირდეს მათ, ვინ დასავლური გზიდან გადახვევაზეა პასუხისმგებელი. იან კელი არსად ამბობს, რომ აშშ-მა უნდა იპოვოს ადამიანები საქართველოში და მათი ,,წერტილოვანი თავდასხმები” დააფინანსოს. 

სეზონი TV-ის ეთერში გასული ფრაგმენტი 

რეალური ციტატა 

დევიდ კრამერი: ,,საუკეთესო გზა საქართველოსთვის იქნება დაიბრუნოს რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები და ამით დაეხმაროს უკრაინასაც გამარჯვებაში, ანუ რუსეთი იძულებული უნდა გახადოს, გაიყვანოს თავისი არმია უკრაინიდან.”  დევიდ კრამერი: ,,ვფიქრობ, საუკეთესო გზა, რომ საქართველო აღმოჩნდეს თავისი ტერიტორიების 20%-ზე კონტროლის აღდგენის პოზიციაში, არის უკრაინის დახმარება გამარჯვებაში. ვგულისხმობ რუსული ჯარის გაყვანას უკრაინის ტერიტორიიდან, მათ რუსეთში დაბრუნებას, უკრაინის გათავისუფლებას, რაც საქართველოსთვის შესაძლებელს გახდის აღიდგინოს კონტროლი თავის ტერიტორიებზე.  არ არის აუცილებელი ეს ომის გზით მოხდეს, ეს არავის უნდა, არავის უნდა ომის გავრცელება, რომელსაც 24 თებერვლიდან ვხედავთ, მაგრამ უკრაინის გამარჯვების შემდეგ სუსტმა რუსეთმა, შესაძლოა, გაანალიზოს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე კონტროლის შენარჩუნება არის არა მხოლოდ ამორალური, არასამართლიანი და არალეგალური, არამედ ეს საბოლოოდ არ არის არც რუსეთის ინტერესში.”
იან კელი: ,,ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისულება აშკარად ზურგს აქცევს დასავლეთს და გვიჩნდება ორი კითხვა, განვაგრძოთ თუ არა მისი მხარდაჭერა ნატოს გზაზე და მეორეც, როგორ შემოვაბრუნოთ მისი ანტიდასავლური კურსი. ვფიქრობ, უნდა მოვნახოთ ისინი, ვინც ამ შემობრუნებას გამოიწვევს და დავუფინანსოთ წერტილოვანი შეტევები, რომ შევაჩეროთ ქვეყნის გადახვევა სწორი გზიდან, თუნდაც ამაში დანარჩენი დასავლეთი არც გვეთანხმებოდეს.”  იან კელი: ,,…საჭიროა კიდევ ერთხელ გადავხედოთ, როგორ ვუჭერთ მხარს მათ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. და რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ანტიდასავლური ტენდენციის შესაჩერებლად. ტენდენციის, რომელიც აშორებს იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც საჭიროა. ეს პერსონალური თავდასხმა აშშ-ის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა გადავხედოთ გზებს, რომლითაც შეგვიძლია პოზიტიური როლის თამაში ქართველი ხალხის ისტორიული სურვილის შესრულებაში, გახდნენ კოლექტიური დასავლეთის ნაწილი. ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ადამიანებს, ვინც დასავლური გზიდან გადახვევის შემოქმედია და განვიხილოთ გარკვეული სახის წერტილოვანი საფასური, რომლის გადახდაც მათ შეიძლება მოუწიოთ, ჩვენი ქმედებების შედეგად, რათა ვცადოთ და თავიდან ავიცილოთ სიტუაციის გაუარესება, ბევრი მიმართულებით, თუნდაც დასავლეთთან თანხვედრის კუთხით.” 

ციტატების გაყალბებას ან მათ მანიპულაციურად გავრცელებას დისკრედიტაციის მიზნით ხშირად მიმართავენ. გაყალბებულ ან არასწორად ინტერპრეტირებულ ციტატებს ,,მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს. იხილეთ რამდენიმე მაგალითი: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist