“ზნეობა” და “არსენა ოძელაშვილის კვალდაკვალ” წმინდა ვალენტინის წინააღმდეგ

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

1.7k
VIEWS

ფეისბუქ გვერდებმა არსენა ოძელაშვილის კვალდაკვალ და საქართველო უპირველეს ყოვლისა ვალენტინობის დღის შესახებ იდენტური პოსტები გამოაქვეყნეს. ამავე თემას პოსტი და ZNEOBA.GE-მაც დაუთმო. გავრცელებულ მასალებში ვალენტინობის შესახებ შემდეგ ცნობებს ვხვდებით: 

  1. ეკლესიიდან განკვეთილმა ბერმა ვალენტინმა 14 თებერვალს გეი წყვილს ჯვარი დაწერა. 
  2. რომის პაპი იოანე პავლე II კი სწორედ ამ საიდუმლოს გახმაურების გამო გადადგა. 
  3. რომის პაპის წარმომადგენლობამ რამდენიმე წლის წინ განაცხადა, რომ ვალენტინის სახელის მქონე წმინდანს არ ცნობს,
  4. 2005 წლიდან კი რომის პაპის და ვატიკანის საელჩოს განცხადებით, ჭეშმარიტ კათოლიკეებს 14 თებერვლის აღნიშვნა ეკრძალებათ.
  5. კათოლიკურ სამყაროში ვალენტინობა წარმართული დღესასწაულის “ლუპერკალიის” ჩასანაცვლებლად დააწესეს. 

Screenshot 3 11 “ზნეობა” და “არსენა ოძელაშვილის კვალდაკვალ” წმინდა ვალენტინის წინააღმდეგ

პოსტები 5 დეზინფორმაციულ მტკიცებას შეიცავს. რეალურად, 1) წმინდა ვალენტინის შესახებ სხვადასხვა ცნობა არსებობს და არცერთი არ ამტკიცებს, რომ ის გეი წყვილების დაქორწინების გამო ეკლესიიდან განკვეთეს; 2) კათოლიკური ეკლესია წმინდა ვალენტინის სახელის მქონე წმინდანის არსებობას არ უარყოფს; 3) კათოლიკე ქრისტიანებს 14 თებერვლის ვალენტინობის აღნიშვნა არ ეკრძალებათ; 4) იოანე პავლე II სიკვდილამდე არ გადამდგარა; 5) ვალენტინობის დღის აღნიშვნისა და წარმართული რიტუალს შორის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. 

  • განკვეთეს თუ არა წმინდა ვალენტინი გეი წყვილების დაქორწინების გამო ეკლესიიდან?

წმინდა ვალენტინის სახელთან დაკავშირებით რამდენიმე გადმოცემა არსებობს. კათოლიკური ენციკლოპედიის მიხედვით, წმინდანების ადრეულ ჩამონათვალებში მინიმუმ სამი წმინდა ვალენტინია მოხსენიებული და სამივე მათგანი წამებული იყო. ჩამონათვალი ასეთია: პირველი წმინდა ვალენტინი რომში მოღვაწე მღვდელი იყო, მეორე ქალაქ ტერნის ეპისკოპოსი, ორივე მათგანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში აწამეს და რომში ფლამინურ გზაზე დაკრძალეს. მეთერთმეტე საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი ისტორიკოსისა და ბერის, უილიამ მელსბურელის აღწერით,  წარსულში რომის ფლამინურ კარიბჭედ წოდებული ადგილი მე-11 საუკუნეში წმინდა ვალენტინის კარიბჭედ იხსენიებოდა, რაც ამავე ტერიტორიაზე წმინდანის მოსახსენიებლად აშენებული პატარა ტაძრით იყო განპირობებული. რაც შეეხება მესამე წმინდა ვალენტინს, გარდა იმისა, რომ ის აფრიკაში მოღვაწეობდა და იქ ეწამა,  მისი მოღვაწეობის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი.

Screenshot 4 10 “ზნეობა” და “არსენა ოძელაშვილის კვალდაკვალ” წმინდა ვალენტინის წინააღმდეგ
წმინდა ვალენტინი ეპილეფსიისთ დაავადებულ კაცს კურნავს, ფოტო: Britannica

რელიგიური სწავლებების პროფესორის, ბრუს ფორბსის მიხედვით, ორი წამებული წმინდა ვალენტინი, რომელთაგან ერთი რომში მღვდელი, ხოლო მეორე ტერნში ეპისკოპოსი იყო, ერთმანეთს ძალიან ჰგავს და აჩენს ეჭვს, რომ ისინი რეალურად ერთი და იგივე ადამიანი იყვნენ. ყველაზე გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, რომში წმინდა ვალენტინს თავი, დაახლოებით, ჩვ. წ. 270 წლის 14 თებერვალს მოკვეთეს, რის გამოც ეს დღე მის მოსახსენებლად დაწესდა. რომში მოღვაწე წმინდა ვალენტინის შესახებ რამდენიმე ისტორიული ჩანაწერი არსებობს, 1493 წლის ნიურნბერგის ქრონიკის თანახმად, კლაუდიუს II-ის იმპერატორობის პერიოდში წმინდა ვალენტინი ჯერ აწამეს, შემდეგ კი რომში თავი მოკვეთეს. 1260 წლის ჰაგიოგრაფიული კრებულის “ოქროს ლეგენდის” მიხედვით, წმინდა ვალენტინმა ქრისტე იმპერატორის წინაშე არ უარყო, რის გამოც მას 270 წელს თავი მოკვეთეს. 

  • უარყოფს თუ არა კათოლიკური ეკლესია წმინდა ვალენტინის სახელის მქონე წმინდანის არსებობას?

კათოლიკური ეკლესია ვალენტინის სახელის მქონე წმინდანის არსებობას არ უარყოფს. ეკლესიის გადაწყვეტილებით, 1969 წლიდან, ზუსტი ინფორმაციის ნაკლებობის გამო, წმინდა ვალენტინის ხსენების დღე, 14 თებერვალი, ოფიციალური საეკლესიო კალენდრიდან ამოიღეს, თუმცა კათოლიკური ეკლესია მას წმინდანად კვლავ მიიჩნევს. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვალენტინი ეკლესიიდან განკვეთილი ბერი იყო, რომელმაც გეი წყვილს ჯვარი დაწერა, სანდო წყაროებში არ იძებნება. თუმცა აღსანიშნავია, რომ წმინდა ვალენტინს LGBTQ მოძრაობის წარმომადგენლები ქორწინების თანასწორობის იდეის მხარდასაჭერად ხშირად იყენებენ. 

Screenshot 5 7 “ზნეობა” და “არსენა ოძელაშვილის კვალდაკვალ” წმინდა ვალენტინის წინააღმდეგ

მათი თქმით, წმინდა ვალენტინის ისტორია ქორწინებასთან დაკავშირებული დისკრიმინაციული მიდგომების დარღვევის კარგი მაგალითია, რადგან, გავრცელებული ლეგენდის თანახმად, წმინდა ვალენტინი რომაელ ჯარისკაცებს ჯვარს სწერდა მაშინ, როცა ეს იმპერატორის მიერ აკრძალული იყო, თუმცა, გადმოცემაში ნახსენები არაა, რომ ვალენტინი გეი წყვილებს აქორწინებდა და ეკლესიიდან განკვეთეს.

  • არსებობს თუ არა ვალენტინობის დღის აღნიშვნისა და წარმართული რიტუალს შორის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები?

საქართველოში გავრცელებული ფეისბუქ პოსტების მიხედვით, ვალენტინობა კათოლიკურმა ეკლესიამ წარმართულ დღესასწაულ ლუპერკალიაზე (Lupercalia) დაამყარა. ლუპერკალია ძველ რომში 15 თებერვალს აღინიშნებოდა. სახელწოდებიდან გამომდინარე (lupus – მგელი) ის რომის ლეგენდარული დამაარსებელი ძმების რემუსისა და რომულუსის აღმზრდელ მგელს და ნაყოფიერებას უკავშირდებოდა. ტრადიციის მიხედვით, 15 თებერვლის ღამეს ღვთისმსახური ლუპერკები ღმერთებს ცხოველებს სწირავდნენ, მათ ტყავს კი მათრახებად იყენებდნენ და გარშემო შეკრებულ შიშველ ქალებს სცემდნენ. ითვლებოდა, რომ ვისაც მათრახი მოხვდებოდა, მეტ ჯანმრთელ შვილს გააჩენდა. 

Screenshot 6 7 “ზნეობა” და “არსენა ოძელაშვილის კვალდაკვალ” წმინდა ვალენტინის წინააღმდეგ
ლუპერკალია ძველი რომის თებერვლის კალენდარზე, ფოტო: სუსის არქეოლოგიური მუზეუმი

გავრცელებული ლეგენდების თანახმად, რიტუალის შემდეგ ფესტივალის განმავლობაში მამაკაცები თასიდან ქალების სახელებს იღებდნენ და მათთან წყვილდებოდნენ. ბევრი მათგანი შემდეგ ფესტივალამდე ერთად რჩებოდა, ზოგიერთი ქორწინდებოდა კიდეც. თუმცა, მკვლევარ დევიდ ფორბსის მიხედვით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ დაწყვილების ტრადიცია ფესტივალის შემადგენელი ნაწილი ნამდვილად იყო. 

ლუპერკალიის აღნიშვნა 494 წელს რომის პაპმა გელესიუს I-მა აკრძალა. მართალია, ასევე პაპმა გელესიუს I-მა წმინდა ვალენტინის ხსენების დღედ 14 თებერვალი დააწესა, თუმცა, სხვადსხვა მკვლევრის აზრით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ პაპმა ერთი დღესასწაული მეორით ჩაანაცვლა, რადგან წმინდა ვალენტინის ხსენების დღეს რომანტიკული დატვირთვა ამ პერიოდში საერთოდ არ ჰქონდა და ის რამდენიმე საუკუნის შემდეგ, შუა საუკუნეებში შეიძინა.

  • როგორ შეიძინა 14 თებერვალმა სიყვარულის დღის სტატუსი?

მიჩნეულია, რომ შუა საუკუნეებამდე წმინდა ვალენტინის ხსნების დღე სასიყვარულო რომანტიკულ დატვირთვას არ ატარებდა. წმინდანის ხსენების დღე 14 თებერვალი იყო, შუა საუკუნეებში კი მიიჩნეოდა, რომ ჩიტები დაწყვილებას სწორედ ამ დღიდან იწყებდნენ. ინგლისელი მწერლის ჯეფრი ჩოსერი ის ადამიანია, ვინც “ვალენტინობის დღის გამომგონებლად” ითვლება, რადგან სწორედ მან  მე-14 საუკუნეში სასიყვარულო ლექსში “Parlement of Foules” წმინდა ვალენტინის ხსენების დღე რომანტიკული შინაარსის პარალელისთვის გამოიყენა. უფრო კონკრეტულად კი ჩოსერის ლექსში ნათქვამია, რომ ჩიტები საკუთარ სიყვარულს წმინდა ვალენტინის ხსენების დღეს პოულობენ. 

Screenshot 7 8 “ზნეობა” და “არსენა ოძელაშვილის კვალდაკვალ” წმინდა ვალენტინის წინააღმდეგ
The Parliament of Fowls ფოტო: British Library

მიიჩნევა, რომ ვალენტინობის, როგორც სიყვარულის დღის, მისალოცი პირველი ბარათი 1415 წელს ლონდონის კოშკში დაპატიმრებულმა ორლეანელმა ჰერცოგმა ჩარლზმა თავის ცოლს გაუგზავნა. წერილში ავტორი საყვარელ ადამიანს მიმართავდა, როგორც თავის ვალენტინს. ლეგენდის თანახმად, თავის მოკვეთამდე დაპატიმრებულმა წმინდა ვალენტინმა მცველის ქალიშვილს წერილი გაუგზავნა, რომლის ბოლოსაც “შენი ვალენტინი” ეწერა.

  • ეკრძალებათ თუ არა კათოლიკე ქრისტიანებს 14 თებერვალს ვალენტინობის აღნიშვნა?

გავრცელებული მტკიცებების მიხედვით, კათოლიკურმა ეკლესიამ 2005 წლიდან “ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის” 14 თებერვლის აღნიშვნა აკრძალა. რეალურად, კათოლიკური ეკლესიის მიერ სიყვარულის დღის აკრძალვასთან დაკავშირებული ინფორმაცია ღია წყაროებში არ იძებნება. მეტიც, 2014 წელს მსოფლიოს 28 ქვეყნიდან 10 000-ზე მეტმა დანიშნულმა წყვილმა 14 თებერვალი რომის პაპთან ერთად ვატიკანში აღნიშნა.

Screenshot 8 7 “ზნეობა” და “არსენა ოძელაშვილის კვალდაკვალ” წმინდა ვალენტინის წინააღმდეგ
შეყვარებული წყვილები წმინდა პეტრეს მოედანზე, ფოტო: Reuters

ვალენტინობას რამდენიმე ქვეყანაში არ აღნიშნავენ. მაგალითად, ირანში ვალენტინობის დღე აკრძალულია, რადგან ის “კულტურულ საფრთხედ” მიიჩნევა. ირანში ამ დღეს რესტორნებსა და კაფეებს წითელი სანთლებისა და ბუშტების გამოყენება ეკრძალებათ. ვალენტინობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული რეკლამებისა და სადღესასწაულო დიზაინის ნივთების გავრცელება პაკისტანშიც აკრძალულია. 

  • გადადგა თუ არა იოანე პავლე II?

გავრცელებული პოსტების მიხედვით, რომის პაპი იოანე პავლე II ვალენტინობის დღესთან დაკავშირებული საიდუმლოების გახმაურების შემდეგ გადადგა, რითაც ისტორიაში შევიდა, როგორც მეორე პაპი, რომელმაც გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. რეალურად, პაპი იოანე პავლე მეორე 2005 წლის 2 აპრილს გარდაიცვალა, ის სიცოცხლის ბოლომდე პაპი იყო და საკუთარი ნებით არ გადამდგარა. იოანე პავლე II ისტორიაში სხვა რელიგიის მიმდევრებსა და ქრისტიანებს შორის ურთიერთობების გამყარებისკენ მიმართული ძალისხმევით, კომუნიზმის დასრულებაში საკუთარი წვლილითა და მეორე მსოფლიო ომის დროს კათოლიკური ეკლესიის ქმედებების გამო პირველი საჯარო ბოდიშით შევიდა. 

კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში მეორედ პაპობიდან საკუთარი სურვილით პაპი ბენედიქტ XVI 2013 წელს გადადგა. გადადგომის შესახებ თავის განცხადებაში მან მიზეზად საკუთარი ასაკი და ჯანმრთელობა დაასახელა.  წყაროები სხვადასხვა დროს იტყობინებოდნენ, რომ პაპის ეს გადაწყვეტილება ეკლესის წარმომადგენლების მხრიდან ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებისადმი მისმა დამოკიდებულებაც განაპირობა. პაპის გადადგომის მიზეზთა შორის ვალენტინობასთან დაკავშირებული საიდუმლოს გახმაურება არ დასახელებულა. 

Zneoba.ge

საქართველო უპირველეს ყოვლისა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist