24 აგვისტოს სპუტნიკ-საქართველომ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “‘უკვე შტაბები გადააქვთ’ – რას ამზადებს აშშ-ის არმია აღმოსავლეთ ევროპაში”. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის საზღვრებთან ჯარის მობილიზებას განაგრძობს და ამერიკული სამხედრო კონტინგენტი გერმანიიდან პოლონეთში გადაინაცვლებს. სტატიის ავტორი აცხადებს, რომ ნატოსა და რუსეთს შორის არსებობს დოკუმენტი – “ფუძემდებელი აქტი”, რომელიც ნატოს უკრძალავს ჯარის რიცხოვნობის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც ნატოში 1997 წლის შემდეგ გაწევრიანდნენ, შესაბამისად, მისი მტკიცებით, აშშ აღნიშნულ შეთანხმებას არღვევს.
“სპუტნიკ-საქართველოს” სტატია მანიპულაციურია, რადგან, მართალია, ასეთი დოკუმენტი არსებობს, თუმცა, როგორც ნატოს, ისე რუსეთს აღებული აქვს ვალდებულება, რომ შეინარჩუნონ ისეთი სამხედრო შესაძლებლობები, როგორიც საჭიროა ინდივიდუალური ან კოლექტიური ლეგიტიმური უსაფრთხოების საჭიროებებისთვის. აღნიშნული აქტის ფუძემდებლური პრინციპები თავად რუსეთის მიერ ირღვევა.
ნატო-სა და რუსეთ შორის “დამფუძნებელი აქტი ნატოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმხრივი ურთიერთობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების შესახებ” 1997 წელს გაფორმდა. ხელშეკრულებაში, როგორც ნატო, ისე რუსეთი ვალდებულებებს 1997 წელს არსებულ და იმ პერსპექტივიდან პროგნოზირებად უსაფრთხოების გარემოში იღებენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ნატოს განზრახვას არ წარმოადგენს ალიანსის ახალ წევრ ქვეყნებში ბირთვული იარაღის განლაგება და ასევე არ არის საჭიროება იმისა, რომ ნატოს ბირთვული პოლიტიკის რომელიმე ასპექტი შეიცვალოს. ამასთან, ორივე მხარე იღებს ვალდებულებას, რომ შეინარჩუნებს იმ სამხედრო შესაძლებლობებს, რაც უსაფრთხოების ლეგიტიმურ საჭიროებებთანაა დაკავშირებული. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ არსებითი საბრძოლოს ძალების განთავსება განხორციელდება “აგრესიის”, “სამშვიდობო მისიებისა” და “წვრთნების” შემთხვევაში, რაც თავსებადია გაეროს ქარტიასთან და ეუთოს პრინციპებთან.
ნატო-რუსეთის აღნიშნული შეთანხმების ძირითადი პრინციპები თავად რუსეთმა დაარღვია, რამაც 1997 წელს არსებული ევროპული უსაფრთხოების გარემოს ცვლილება გამოიწვია, შესაბამისად 1997 წელს ნატოს მიერ აღებული ვალდებულებები დღევანდელ რეალობაში, რუსეთის ქმედებების შედეგად, უკვე რელევანტური აღარ არის.
რუსეთმა ხელშეკრულების ფუძემდებლური პრინციპები დაარღვია:
- 2008 წელს რუსეთი საქართევლოში შეიჭრა. მას ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული და მცოცავ ანექსიას ახორციელებს
- 2014 წელს რუსეთმა უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია. მოსკოვი აგრძელებს უკრაინაში სეპარატისტების იარაღითა და სამხედროებით მხარდაჭერას.
- საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტეროტირებზე რუსეთს სამხედრო ბაზები ამ ქვეყნების ხელისუფლებების ნების საწინააღმდეგ აქვს განთავსებული.
რუსეთ-ნატო-ს აქტით მხარეები ხელშეკრულებების მნიშვნელობასა და პატივისცემასაც ადასტურებენ, რაც მათი ურთიერთობის ერთ-ერთ საფუძვლად არის მიჩნეული, ასეთ ხელშეკრულებას შორის საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულებაც(INF) არის დასახელებული.
რუსეთმა საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულება(INF) დაარღვია:
- რუსეთმა ისკანდერის ტიპის სარაკეტო სისტემა, რომელსაც ბირთვული შესაძლებობები გააჩნია, კალინიგრადში განათავსა, საიდანაც ნატო-ს წევრ რამდენიმე ქვეყანის პოტენციურ საფრთხეს უქმნის.
- რუსეთმა 1987 წლის საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების ხელშეკრულება(INF) დაარღვია. ხელშეკრულება კრძალავდა სახმელეთო ან ბალისტიკური რაკეტების 500-დან 5500 კილომეტრის რადიუსით შექმნას, წარმოებას და განთავსებას. რუსეთმა კი 9M729 სარაკეტო სისტემა განავითარა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ალიანსის ქვეყნებს.
რუსეთი მილიტარიზაციითა და საკუთარი სამხედრო ძალის პროვოკაციული დემონსტრირებით ევროპის უსაფრთხოების გარემოს დესტაბილიზაციას ახდენს
- ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა შავ ზღვაში ფლოტისა და შეიარაღების გაძლიერება დაიწყო, მაგალითად მან შავ ზღვაზე მანევრის შეზღუდვის ძლიერ ზონა (A2/AD) შექმნა, ყირიმში განლაგებული Tu-22M3-ის ბომბდამშენებით, საკრუიზო რაკეტების საშუალებით კი ევროპის ნებიმიერ წერტილს შეუძლია მიწვდეს.
- რუსეთმა ჯარისა და შეირაღების მოდერნიზაცია დაიწყო. შეიარაღების დიდი რაოდენობის განთავსებით საზღვრებთან რუსეთი არაერთ ნატო-ს წევრ ქვეყანას ემუქრება. გარდა ამისა, ფართო მასშტაბიანი წვრთნები, რომელიც მიზანში ნატო-ს წევრ ქვეყნებს იღებს და რუსეთის ფლოტის მოქმედებები შავ ზღვაში უსაფრთხოების გარემოს მუდმივ დესტაბლიზაციას ახდენს