4 ნოემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც, მისი ინფორმაციით, ებრაელი ჯარისკაცების მიერ ისრაელის მოქალაქეების დახოცვას ასახავს. “შიგნითაც და გარეთაც ებრაელი ჯარისკაცები არიან! ვიდეოს ბოლოს შიგნით მყოფ ხალხს დახოცილს ნახავთ!” – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.
ვიდეო დეზინფორმაციული აღწერით ვრცელდება და ვიდეოს ბოლო მონაკვეთი რეალურად ჰამასის მიერ მოკლულ ადამიანებს ასახავს. ვიდეოკადრების პირველი ნაწილი 2 ნოემბერს ტელეგრამ არხმა the slaughter გამოაქვეყნა და მათივე ცნობით, ვიდეო ჰამასელი ტერორისტების ისრაელში შეჭრის დღეს, 7 ოქტომბერსაა გადაღებული. ვიდეოს მეორე ნაწილი, რომელზეც დახოცილ ადამიანებს ვხედავთ, ჰამასმა 8 ოქტომბერს ზიკიმის სანაპიროზე, ისრაელის სამხედრო ბაზაზე ჰამასის შეჭრის დასტურად გაავრცელა.
გავრცელებული კადრები ორი სხვადასხვა ვიდეოს მონტაჟია. პირველი ვიდეო ჰამასის მოულოდნელი თავდასხმის დროს, სამოქალაქო პირის მიერაა გადაღებული და ის ტელეგრამზე იძებნება. ვიდეო, რომელზეც შენობაში მყოფი შეუიარაღებელი ახალგაზრდები და სავარაუდოდ ისრაელის თავდაცვის არმიის ჯარისკაცი ჩანან, ტელეგრამ არხზე the slaughter 2 ნოემბერს გამოჩნდა. ვიდეოში ახალგაზრდების საუბარიც ისმის. საუბრის ინგლისურენოვანი თარგმანი ვიდეოს ტიტრების სახით ერთვის თან. ვიდეოში დაბნეული ახალგაზრდების საუბართან ერთად, გვესმის ჯარისკაცის სიტყვებიც – “ჰამასის დანაყოფები სანაპიროზე არიან. სნაიპერები და არ ვიცი კიდევ რა.”
The slaughter ტელეგრამ არხია და მისი მთავარი მიზანი 7 ოქტომბერს ჰამასელი ტერორისტების მიერ ისრაელის ტერიტორიაზე მოწყობილი ხოცვა-ჟლეტვის მტკიცებულებების შეგროვებაა.
რაც შეეხება ვიდეოს ბოლო 20 წამიან მონაკვეთს, აღნიშნული კადრები ჰამასის ალ-კასამის ბრიგადამ 8 ოქტომბერს თავად გაავრცელა. ვიდეო ჰამასის ტერორისტების ისრაელის ტერიტორიაზე, ზიკიმის სანაპიროზე, სამხედრო ბაზაზე თავდასხმას ასახავს. 1 წუთიანი ვიდეო ალ-კასამის ბრიგადის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა, საიდანაც კადრები სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელდა. ვიდეოში ვხედავთ, თუ როგორ შეიჭრნენ ტერორისტები ზიკიმის სანაპირო ზოლიდან ისრაელის ტერიტორიაზე კატარღების გამოყენებით და სამხედრო ბაზასა და მიმდებარე დასახლებას დაესხნენ თავს. სწორედ ჰამასის ტერორისტების მიერ გავრცელებულ, მათივე ქმედებების ამსახველ ვიდეოში ვხედავთ დაღუპული ადამიანების ცხედრებსაც.
ზიკიმის სანაპირო ისრაელზე ჰამასის 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის ერთ-ერთი პირველი სამიზნე იყო. დასახლებაში ჰამასი როგორც წყლიდან, ასევე სახმელეთო გზით შეიჭრა.
წყაროს შესახებ:
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს სისტემატურად აქვეყნებს. 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ისრაელ-ჰამასის ომის შემდეგ, ის რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციას. ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.