11 სექტემბერს მოძრაობა “სოლიდარობა მშვიდობისათვის” ფეისბუქ გვერდმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 505.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. პოსტში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ამავე პერიოდში რუსეთიდან ორჯერ მეტი ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე აშშ-დან, შესაბამისად 28.1 მლნ დოლარი და 15.5 მლნ დოლარის ოდენობით. ხოლო პოსტში თანდართულ ფოტოზე ვკითხულობთ: “რუსეთის მიერ საქართველოში ინვესტიციის მოცულობა თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე აშშ-ს მხრიდან.”
პოსტში მოცემული სტატისტიკა, რომელიც 2023 წლის მეორე კვარტლის მონაცემებს ასახავს, სწორად არის მოყვანილი, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მსგავსი სურათი ბოლო წლებში ძირითადად მეორე კვარტალში გვხვდება. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში აშშ-დან შემოსული ინვესტიციები მკვეთრად აჭარბებს რუსულ ინვესტიციებს, ხოლო 2023 წლის ორივე კვარტლის მონაცემებით, ამერიკული ინვესტიციები რუსულზე 15 მილიონით მეტია.
მიუხედავად იმისა, რომ ამ წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, რუსეთიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციების რაოდენობა მეტია, ვიდრე აშშ-ის, აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების ტრენდი, მათ შორის 2023 წლის პირველი კვარტალი, სრულიად განსხვავებულ სურათს გვაძლევს. 2016-დან 2023 წლამდე, გარდა 2021 წლისა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოსული ინვესტიცია რუსულ ინვესტიციებს ყოველთვის აჭარბებდა. 2003 წლიდან დღემდე კი, რუსული ინვესტიციის რაოდენობამ ამერიკულს მხოლოდ 7 წლის მონაცემებით გადააჭარბა. ეს დაფიქსირდა: 2005, 2007, 2009, 2011, 2012, 2015 და 2021 წლებში, დანარჩენი 13 წლის მონაცემებით კი ამერიკულ ინვესტიციები რუსულზე მკვეთრად მეტი იყო. აღნიშნული 20 წლის განმავლობაში საქართველოში აშშ-დან შემოსული ინვესტიციების რაოდენობამ 1,602,603.6 მილიარდი დოლარი, ხოლო რუსეთისგან 1,007,017.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 წლის მეორე კვარტალში რუსული ინვესტიცია ყოველთვის აღემატებოდა ამერიკულს, თუმცა მესამე-მეოთხე კვარტალში სიტუაცია რადიკალურად იცვლებოდა. შედეგად, 2022 წელს აშშ-დან განხორციელებულმა ინვესტიციამ რუსულზე თითქმის 70 მილიონი დოლარით მეტი შეადგინა, მიმდინარე წლის ორივე კვარტლის მონაცემებით კი ეს რიცხვი რუსულზე 15 მილიონით მეტია.
დოკუმენტში შეიმჩნევა ზოგიერთი ქვეყნის გასწვრივ მინუს (-) ნიშანი, რაც საქსტატის გამოთვლების მეთოდოლოგიებში შემდეგნაირად არის განმარტებული:
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა შეიძლება მიიღოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მნიშვნელობა, რომლის მიზეზი შეიძლება იყოს:
– სააქციო/საწესდებო კაპიტალის ზრდა ან შემცირება;
– საწარმოს მიერ მოგების ან ზარალის მიღება;
– არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორისგან სესხის მიღება ან მისი დაფარვა;
– არარეზიდენტი სუბიექტის მიერ რეზიდენტისგან საწარმოს წილის შეძენა ან პირიქით, რეზიდენტის მიერ არარეზიდენტისგან წილის გამოსყიდვა;
– დივიდენდების გაცემა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში ინვესტიციების განხორციელების რაოდენობით პირველ ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს, რომელსაც თურქეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და მალტა მოყვებიან. რუსეთი და აშშ კი შესაბამისად მეექვსე და მეშვიდე ადგილზე მოხვდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ბრიტანეთი 2003 წლიდან საქართველოს ყველაზე დიდი ინვესტორია, რომელმაც 2021 წელს ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის თანხა დააბანდა, კონკრეტულად – $605,7 მლნ.
2016-2022 წლებში კი შედეგები ასე ნაწილდება:
1) გაერთიანებული სამეფო: 2,104,178.8; 2) აზერბაიჯანი: 1,290,102 ; 3) ნიდერლანდები: 1,280,220.7; 4) თურქეთი: 930,779.4 5) აშშ: 654,006.6; 6) ჩეხეთი: 474,101.9; 7) რუსეთი: 459,995.8; 8) ლუქსემბურგი: 409,621.30; 9) არაბეთის გაერთიანებული საამიროები: 306,621.7; 10) ირლანდია: 258,067.9.
ქვეყნები | 2016 | 2017 | 2018 | 2019 | 2020 | 2021 | 2022 |
დიდი ბრიტანეთი | 87,849.5 | 249,032.4 | 183,310.0 | 238,087.1 | 303,252.3 | 605,693.8 | 436,953.7 |
აზერბაიჯანი | 555,138.2 | 460,502.2 | 246,713.3 | 38,955.4 | -16,346 | 3,420,2 | 1,718,7 |
ნიდერლანდები | 77,343.8 | 356,181.7 | 212,637.9 | 87,916.0 | 203,576.1 | 146,410.4 | 196,154.8 |
თურქეთი | 220,272.2 | 256,153.0 | 49,195.8 | 169,717.4 | 79,899.0 | 100,427.2 | 55,114.8 |
აშშ | 59,817.1 | 79,115.3 | 104,964.1 | 115,728.1 | 98,968.8 | 18,917.6 | 176,495.5 |
ჩეხეთი | 87,541.3 | 131,678.2 | 77,696.0 | 18,280.2 | -6,340.1 | 80,773.0 | 84,473.3 |
რუსეთი | 28,497.6 | 52,386.4 | 83,377.0 | 62,991.3 | 42,208.7 | 82,434.9 | 108,117.9 |
ლუქსემბურგი | 115,750.4 | 103,192.2 | 50,136 | 69,590.2 | 22,006.4 | 34,929.4 | 14,016.7 |
არაბთა გაერთიანებული საამიროები | 55,294.3 | 146,905.8 | 33,391.8 | 25,612.3 | -13,861,5 | 31,259.2 | 28,019.8 |
ირლანდია | -350.6 | 190.5 | 3,157.7 | 133,241 | 195.1 | 1,078.5 | 120,555.7 |
Წყარო: საქსტატი
2021-2023 წლებში ეკონომიკის სფეროების მიხედვით ყველაზე დიდი ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობებში, ენერგეტიკაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, ხელოვნების, გართობის და დასვენების, ვაჭრობასა და უძრავი ქონების სფეროებში ჩაიდო.
“სოლიდარობა მშვიდობისთვის”
ფეისბუქ გვერდი “სოლიდარობა მშვიდობისათვის-Solidarity For Peace” იმავე სახელის მოძრაობა “სოლიდარობა მშვიდობისათვის” ეკუთვნის, რომელიც პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებული ორგანიზაციაა. გვერდი ავრცელებს მოძრაობის ტელეარხზე გასული გადაცემების ჩანაწერებს და და პოსტებს, სადაც აქტიურად ხდება ანტიდასავლური და პრორუსული ნარატივების გაჟღერება.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციას წარსულში ორი სხვა ფეისბუქ გვერდი ჰქონდა, რომელიც ახლა ხელმისაწვდომი აღარ არის. ამჟამინდელი ფეისბუქ გვერდი კი 2015 წლის 20 მარტს სულ სხვა სახელით შეიქმნა და “სოლიდარობა მშვიდობისთვის – Solidarity For Peace” 2023 წლის 21 ივნისს დაირქვა. სავარაუდოდ, გვერდი ადრე სხვას ეკუთვნოდა, რადგან გვერდის სახელები ორგანიზაციისგან შინაარსობროვად საკმაოდ განსხვავდებოდა – თავდაპირველად, გვერდის სახელი იყო “ჩვენ მოგვწონს დავით სერგეენკოს მუშაობა”, შემდეგ კი “ისტორია/History”.
ვრცლად ორგანიზაციის და მისი თავჯდომარის მერაბ ჭიქაშვილის აქტივობების შესახებ იხილეთ: