სტენფორდის უნივერსიტეტი პირბადეების შესახებ დაუსაბუთებელ კვლევასთან კავშირს უარყოფს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

29
VIEWS

20 აპრილს ფეისბუკ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტანები” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, პირბადეების ტარება არა მხოლოდ არ გვიცავს ვირუსით ინფიცირებისგან, უფრო მეტიც, მათ ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანებებისა და ნაადრევი სიკვდილის გამოწვევაც კი შეუძლიათ. პოსტის ავტორი წყაროდ სტენფორდის უნივერსიტეტის ახალ კვლევას ასახელებს.
;
სტატია, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელდა, სინამდვილეში ჟურნალ Medical Hypotheses-ში გამოქვეყნდა, რომელიც რადიკალურ და სპეკულაციურ მტკიცებებს განიხილავს. ამასთან,  სტენფორდის უნივერსიტეტი აცხადებს, რომ მას გამოქვეყნებულ კვლევასა და სტატიის ავტორთან საერთო არაფერი აქვს. 

სტატია ნიღბის ტარების საფრთხეების შესახებ პირველად 2020 წლის ნოემბერში  ჟურნალში Medical Hypotheses გამოქვეყნდა.  Medical Hypotheses მისიის განაცხადის მიხედვით, ჟურნალი რადიკალურ, სპეკულაციურ და არამეინსტრიმულ სამეცნიერო იდეების განხილვას ემსახურება და მისი მიზანი “თეორიული ნაშრომების გამოქვეყნებაა”.

რაც შეეხება სტატიის ავტორს, იგი ბარუხ ვაინშელბოიმია, რომელიც ვებ-გვერდზე მითითებული აღწერის მიხედვით, ვეტერანთა საქმეების პალო ალტოს ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს (Veterans Affairs Palo Alto Health Care System Veterans Affairs Palo Alto Health Care System) წარმოადგენს. ეს დაწესებულება სტენფორდის უნივერსიტეტთან კავშირშია, თუმცა თავად უნივერსიტეტი ვაინშელბოიმთან თანამშრომლობას უარყოფს. Politfact-თან უნივერსიტეტის კომენტარში აღნიშნულია, რომ ავტორი VA-სთან ან სტენფორდთან 2016 წლიდან აღარ არის დაკავშირებული, ხოლო მანამდე იგი 1 წლის განმავლობაში მოწვეულ მეცნიერად მუშაობდა. სტენფორდის უნივერსიტეტის განცხადებით, კვლევას მათთან საერთო არაფერი აქვს და უფრო მეტიც,  მათ ჟურნალს აღწერაში შესწორების შეტანა მოსთხოვეს.

ვაინშელბოიმი თავის LinkedIn პროფილში საკუთარ თავს კლინიკური ფიზიოლოგად აიდენტიფიცირებს, რომელსაც პორტუგალიის პორტოს უნივერსიტეტის დოქტორის წოდება აქვს.

რა ხარვეზებია კვლევაში?

სტატიის ავტორი ირწმუნება, რომ COVID-19-ის თავიდან ასაცილებლად ნიღბის ტარების აუცილებლობის შესახებ მტკიცებულებები არ არსებობს, ხოლო მის მიერ გამოწვეული ჯანმრთელობის უარყოფითი შედეგები უკვე “დადასტურებულია”. ნაშრომში ნათქვამია, რომ იგი COVID-19 ეპოქაში ნიღბების ტარებასთან დაკავშირებით მეცნიერულ მტკიცებულებებს მოკლედ აჯამებს, რომელთა მიხედვითაც მტკიცდება, რომ ნიღბები  COVID-19-ის  გადაცემის პრევენციას არ უზრუნველყოფს, ასევე იწვევს ჰიპოქსიასა და  ჰიპერკაპნიას, რამაც საბოლოოდ შესაძლოა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები გამოიწვიოს. ამ მოსაზრებების დასამტკიცებლად სტატიის ავტორი ზუსტად იმ წყაროებს იმოწმებს, რომლებიც იმის საწინააღმდეგოს ასკვნიან, რასაც იგი აღწერს.

მაგალითად, ვაინშელბოიმი ამტკიცებს, რომ ”კლინიკური სამეცნიერო მტკიცებულებები კიდევ უფრო ეჭვქვეშ აყენებს პირბადეების ეფექტიანობას ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემაში”, ხოლო ნაშრომში, რომელსაც იგი ამ მოსაზრების არგუმენტირებისთვის ციტირებს, ნათქვამია, რომ ”ქირურგიული სახის ნიღბები ადამიანის კორონავირუსებისა და გრიპის ვირუსების გადაცემას  სიმპტომური პირებისგან ხელს უშლის ”.

ტეხასის A&M უნივერსიტეტის გლობალური ჯანმრთელობის კვლევის ცენტრის მთავარი ვირუსოლოგის, ბიოლოგიის პროფესორის ბენჯამინ ნეუმანის განცხადებით, აღნიშნული კვლევის ფარგლებში არ ჩატარებულა ახალი ექსპერიმენტები, არ გაანალიზებულა შესაბამისი მონაცემები,  ხოლო არგუმენტებად მოშველიებული სხვადასხვა სამეცნიერო კვლევის ფრაგმენტი არასწორად არის ციტირებული.  ნეუმანი ასევე აღნიშნავს, რომ ეს არის არა სამეცნიერო ნაშრომი, არამედ იმ პიროვნების პირადი აზრი, რომელსაც განსაკუთრებული გამოცდილება და ცოდნა არ გააჩნია.

“Medical Hypotheses-ში გამოქვეყნებული სტატია პირბადეების საფრთხის შესახებ არ ეფუძნება რაიმე ძლიერ არგუმენტს, რაც კვლევაში გაჟღერებულ ჰიპოთეზას დაადასტურებდა”, – განაცხადა  Politfact-თან საუბრისას ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის უფროსმა მეცნიერმა დოქტორმა ამეშ ადალჯამ.

სამედიცინო პირბადეების ტარება ქმნის ბარიერს იმ ნაწილაკებისთვის, რომლებიც ცემინების, ხველის ან საუბრის დროს იფრქვევა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით,  რეკომენდაციების დაცვით დამზადებული პირბადის ხანგრძლივი ტარება ორგანიზმში ნახშირორჟანგის კრიტიკული რაოდენობის დაგროვებას არ იწვევს და შესაბამისად, არც ინტოქსიკაციის საფრთხე არ დგება.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციებით, პირბადის გამოყენება განსაკუთრებით აუცილებელია საზოგადოებრივი თავშეყრის არეალებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვა სოციალური დისტანცირების ზომების მიღება რთულია.

პირბადეების შესახებ მსგავსი შინაარსის მტკიცებები სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედია საშუალებებში ადრეც ვრცელდებოდა. უფრო ვრცლად პირბადეების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” ძველ პუბლიკაციებში:
შესაძლებელია თუ არა გაზის დეტექტორით პირბადის შიგნით ნახშირორჟანგის დონის გაზომვა?
დეზინფორმაცია, თითქოს პირბადე ინტოქსიკაციას იწვევს და მისი გამოყენება სტერილურ გარემოშია შესაძლებელი
News-Front, Tvalsazrisi, სტალინი პირბადეების საწინააღმდეგო კონსპირაციებს ავრცელებენ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist