სრულდება თუ არა ავიამიმოსვლა რუსეთსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

1.4k
VIEWS

19 და 29 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა ბესარიონ შარაშიძემ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შესახებ 2 პოსტი გამოაქვეყნა. 19 მაისს გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, ლიეტუვის პოზიციით, რუსეთთან ფრენების აღდგენა ევროპული კურსიდან გადახვევას ნიშნავს, რის პასუხადაც პოსტის ავტორი აცხადებს, რომ უმჯობესია ჯერ რიგა-მოსკოვის რეისი გაუქმდეს. 29 მაისს გამოქვეყნებულ პოსტში კი ის სვამს კითხვას, თუ რატომ აპროტესტებს ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩი ფრენის აღდგენას მაშინ, როცა თავად რუსეთთან ფრენებიც აქვთ და დიპლომატიური ურთიერთობაც. 

აღნიშნულ თემაზე კომენტარი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემაც გააკეთა, 29 მაისს სამხარაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების დემარში კარგი შესაძლებლობაა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლისთვის, რომ დაწვრილებით ესაუბრონ ევროკავშირის ელჩებს საქართველოს პოლიტიკისა და რუსული მხარის გადაწყვეტილების ლოგიკის შესახებ, ასევე, დეპუტატის თქმით, მასაც აქვს შეკითხვა, თუ რატომ არ ასანქცირებს ევროკავშირი ყველა რუსულ ავიაკომპანიას. 

Screenshot 3 სრულდება თუ არა ავიამიმოსვლა რუსეთსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის?

ფეისბუქზე გავრცელებული პოსტები მცდარი შინაარსისაა, ხოლო ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთს შორის ფრენების შესახებ მანიპულაციურია. 2022 წლის თებერვლიდან ევროკავშირის ცა ყველა რუსული თვითმფრინავისთვისაა ჩაკეტილი, ხოლო რამდენიმე ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეებს ტურისტული მიზნითაც არ შეუძლიათ შესვლა. ევროკავშირის სანქციები, რომლებიც რუსული ავიაკომპანიების ნაწილზე ვრცელდება, მათი თვითმფრინავების უსაფრთხოებას ეხება. 

ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტებში ინფორმაცია რუსეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ფრენების შესახებ მანიპულაციურადაა გადმოცემული და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ევროპელი მაღალჩინოსნები საქართველოსგან იმას ითხოვენ, რასაც თავადაც არ ასრულებენ. 

რეალურად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჯერ კიდევ 2022 წლის 27 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩაკეტეს. საჰაერო სივრცე ჩაიკეტა ყველა იმ თვითმფრინავისთვის, რომელიც რუსეთშია დარეგისტრირებული, რუსეთის მფლობელობაშია ან კონტროლდება რუსეთის მიერ. ამ სიაში შედის ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებიც. 

Screenshot 4 სრულდება თუ არა ავიამიმოსვლა რუსეთსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის?

19 მაისს გამოქვეყნებულ პოსტში ლიეტუვა და ლატვიის დედაქალაქი რიგაა ნახსენები. ლიეტუვის საჰაერო სივრცის შეზღუდვა რუსეთისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან კალინინგრადის ოლქსა და რუსეთის დანარჩენ ტერიტორიას შორის უმოკლესი საჰაერო გზა სწორედ ლიეტუვაზე გადის

საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შედეგად გაიზარდა რუსეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრას სახმელეთო გზით ცდილობდნენ. საპასუხოდ, 2022 წლის აგვისტოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთსა და ევროკავშირს შორის 2007 წელს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ დადებული შეთანხმების გაუქმებაზე შეთანხმდნენ

არსებული სავიზო რეჟიმის ცვლილებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ვიზის მიღება გაართულა, კერძოდ, გაზარდა ვიზის საფასური და მისი მიღების ვადები. დამატებით, ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ პასპორტებს არ სცნობს

ამასთან ერთად, ლიეტუვამ, ლატვიამ, პოლონეთმა და ესტონეთმა, რომლებიც უფრო მკაცრი ზომების მომხრეები იყვნენ, საკუთარ ტერიტორიაზე მოკლევადიანი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებს შესვლა აუკრძალეს. გადაწყვეტილება ძალაში 2022 წლის 19 სექტემბერს შევიდა. ამავე წლის აგვისტოში ფინეთმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ვიზების რაოდენობას 90%-ით შეამცირებდა

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა 2012 წლიდან შეუძლიათ. 2012 წლის 29 თებერვლიდან ამოქმედებული რეგულაციით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში 90 დღით შეეძლოთ უვიზოდ ჩამოსვლა. თუმცა, 2015 წელს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დადგენილებით, რუსეთი იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომლის მოქალაქეებსაც ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლა და 1 წლის ვადით დარჩენა შეუძლიათ, შესაბამისად, რეგულაცია ამ მიმართულებით შემსუბუქდა

რაც შეეხება ევროკავშირს, არც ერთ წევრ ქვეყანას რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არ აქვს და რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც ევროკავშირში მოხვედრა სურთ, ალტერნატიულ არაპირდაპირ მარშრუტებს იყენებენ

ასევე მანიპულაციურია ნიკოლოზ სამხარაძის შეკითხვა, თუ რატომ არ ეხება ევროკავშირის სანქციები ყველა რუსულ ავიაკომპანიას. ევროკავშირის ქვეყნების საჰაერო სივრცის გამოყენება არც ერთ რუსეთის საკუთრებაში არსებულ ავიაკომპანიას არ შეუძლია. დამატებით, კომპანიების ნაწილი ევროკავშირმა შავ სიაში არა უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების, არამედ ამ კომპანიების მიერ უსაფრთხოების სტანდარტების დაუკმაყოფილებლობის გამო შეიყვანა. 2022 წლის აპრილში სიაში 21 რუსული ავიაკომპანია მოხვდა, რაც იმან გამოიწვია, რომ აღნიშნული ავიაკომპანიები რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ ნაციონალიზებულ ასობით უცხოურ თვითმფრინავს იყენებდნენ, რომლებსაც ფრენისუნარიანობის მხოლოდ ადგილობრივი სერთიფიკატი გააჩნდათ. 

უსაფრთხოების სტანდარტის გამო დასანქცირებული რუსული ავიაკომპანიების სია:

  • Aeroflot
  • Aircompany Ikar
  • Alrosa Air Company
  • Aurora Airlines
  • Aviastartu
  • Iraero Airlines
  • Izhavia
  • Nordstar Airlines
  • Nord Wind
  • Pobeda Airlines
  • Rossiya Airlines
  • Rusjet
  • Rusline
  • Siberia Airlines
  • Skol Airlines
  • Smartavia Airlines
  • Ural Airlines
  • Utar Aviation
  • UVT Aero
  • Yakutia
  • Yamal Airlines

პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთსა და საქართველოს შორის

ცნობები რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის შესახებ 2023 წლის დასაწყისში გავრცელდა. 2023 წლის 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსული დიპლომატიის 2022 წლის შეჯამებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარება პოზიტიურად შეაფასა და ეს ფაქტი რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას დაუკავშირა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე აღდგებოდა. ამავე პერიოდში “ქართული ოცნების” წევრები პირდაპირი ფრენების აღდგენის შესაძლებლობას დადებითად, ხოლო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და უკრაინის ხელისუფლება უარყოფითად აფასებდნენ

15 მაისიდან რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციაში შესვლა და  90 დღემდე დარჩენა ვიზის გარეშე შეუძლიათ. დამატებით, ამავე დღეს მოიხსნა შეზღუდვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების შესახებ. პირდაპირი ავიამიმოსვლა ქვეყნებს შორის რუსეთის მხარის გადაწყვეტილებით 2019 წლიდან იყო შეზღუდული

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას საქართველოს ევროპელი და უკრაინელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ევროკომისიის საგარეო საქმეთა სამსახურის სპიკერის პიტერ სტანოს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირისკენ სვლას აფერხებს და არაა თანხმობაში იმ ვალდებულებებთან, რომლებიც ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულებით აიღო

26 მაისს გამართულ ბიზნეს-ფორუმზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა მისი პირადი იდეა და გადაწყვეტილება იყო, რათა ხელი შეეწყო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საქართველოსა და რუსეთს შორის ნორმალური ურთიერთობების შენება სურთ და რომლებსაც უნდათ საქართველოს მონახულება, ან ქვეყანაში ბიზნესის წარმოება. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ, როგორც ის ხედავდა, ქართული ხელმძღვანელობა განმეორებით აყენებდა საკითხს სავიზო რეჟიმის მოხსნისა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ.  

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხებთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებას უარყოფენ, ხოლო ფრენების აღდგენას იმ მიზეზით მიესალმებიან, რომ შეზღუდვის მოხსნა რუსეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორას მიმოსვლას გაუმარტივებს. 

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ მომხმარებელი ბესარიონ შარაშიძე ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი, ასევე ანტივაქსერული შინაარსის პოსტებს რეგულარულად ავრცელებს. შარაშიძეს მცდარი ინფორმაციაც არაერთხელ გაუვრცელებია.

Screenshot 5 სრულდება თუ არა ავიამიმოსვლა რუსეთსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის?

არქივის ბმულები: 123


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, ლატვია, ლიეტუვა, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist