18 მაისიდან ქართულ (1,2,3,4,5,6) და რუსულენოვანი (1,2,3) ფეისბუქ ანგარიშები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპს ღვთისმშობლის ხატი აჩუქა, რომელზეც ადგილი, სადაც ყრმა იესო უნდა იყოს გამოსახული, გაშავებულია. პოსტების ნაწილში გაჟღერებული იყო მტკიცება, რომ იტალიური პრესის მიხედვით, ხატი ივერიის ღვთისმშობლის ხატის პაროდიაა და შეურაცხმყოფელია.
ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ პაპისთვის გადაცემული საჩუქრის შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება. უკრაინის პრეზიდენტის ორი საჩუქრიდან ერთ-ერთი უკრაინელი მხატვრის ოლექსი რევიკას ნამუშევარი სახელად “დანაკარგი, 2022-58” იყო, რომელზეც ღვთისმშობლის ხელში იესოს ადგილას შავი ფიგურაა გამოსახული, რაც ომში დაღუპულ ბავშვებს განასახიერებს.
უკრაინის პრეზიდენტი პაპ ფრანცისკეს 13 მაისს იტალიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. 40-წუთიანი შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მოგვიანებით, ზელენსკიმ იტალიურ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საუბარი რუსეთში უკანონოდ გადაყვანილ ათასობით უკრაინელ ბავშვსაც შეეხო და უკრაინის პრეზიდენტმა პაპს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების დაგმობისკენ მოუწოდა.
გამართული შეხვედრის ნაწილი საჩუქრების გაცვლაც იყო. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, პაპმა ზელენსკის ზეთისხილის რტოს ბრინჯაოს სკულპტურა აჩუქა, რომელიც მშვიდობის სიმბოლოს წარმოადგენს, ასევე “დოკუმენტი ადამიანთა ძმობის შესახებ მსოფლიო მშვიდობისა და თანაცხოვრებისთვის”, რომელიც პაპმა და ალ-აზჰარის დიდმა იმამმა აჰმად ალ-ტაიბმა 2019 წელს შეადგინეს და წიგნი 2020 წლის 27 მარტის Statio Orbis-ის (მესა ევქარისტიული კრების შემდეგ) შესახებ.
საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტმა რომის პაპს ორი საჩუქარი გადასცა, მათგან პირველი უკრაინელი არტისტის ოლექსი რევიკას ნახატი იყო, სახელწოდებით “დანაკარგი, 2022-58”, რომელზეც ღვთისმშობლის ხელში იესოს ნაცვლად შავი ფიგურაა გამოსახული, რაც სიმბოლურად ომში დაღუპულ ბავშვებზე მიანიშნებს. რაც შეეხება მეორე კომპოზიციას სახელწოდებით “დაუწვავი”, ის იური ვაკულენკოს ეკუთვნის და ჯავშანჟილეტის ფილაზე გამოსახულ ღვთისმშობელს წარმოადგენს.
საჩუქრები როგორც Vatican News-ის, ასევე AFP-ისა და “ამერიკის ხმის” მეირ გავრცელებულ კადრებში გარკვევით ჩანს.
წყაროების შესახებ:
ფეისბუქ ანგარიშები Levan Tavdishvili, სტრიჟაკი ლია და ფანტინა ფანტინა (ასევე მასთან დაკავშირებული ანგარიშები ლა ზი და ლიბერასტების რისხვა) ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის მცდარ ინფორმაციას, ასევე შეთქმულების თეორიებს რეგულარულად ავრცელებენ.
კიდევ ერთი ფეისბუქ ანგარიში ბესარიონ შარაშიძე 2020 წლიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა.
არქივის ბმულები: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.