სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ოლენა ზელენსკა საეჭვო აუდიოჩანაწერი ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

379
VIEWS

7 დეკემბერს სოციალურ ქსელსა და რუსულ საინფორმაციო სააგენტოებში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი ცოლის, ოლენა ზელესკას სავარაუდო საუბრის ჩანაწერი  გავრცელდა (1, 2, 3, 4). გამოქვეყნებულ ჩანაწერში ზელენსკი აშშ-ის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებს აკრიტიკებს და ბაიდენს, რომელსაც მოხუც თვალთმაქცს უწოდებს, რეზნიკოვის გათავისუფლებაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, ზელენსკი ბლინკენთან საუბრის შემდეგ, რომელსაც კლოუნს უწოდებს, შესჩივის ოლენა ზელენსკას, რომ თურმე ბაიდენი კორუფციის პრობლემის მოგვარებას სთხოვს, რაც ომის პირობებში შეუძლებელია და კორუფციის გარეშე მთელი ადმინისტრაცია ჩამოიშლება – “დაწყევლილ ომში უფასოდ არავინ მიიღებს მონაწილეობას” – ვისმენთ ჩანაწერში.

zelenski da zeneska 12 სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ოლენა ზელენსკა საეჭვო აუდიოჩანაწერი ვრცელდება

ჩანაწერი, რომელშიც თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პირველ ლედის, ოლენა ზელენსკას ესაუბრება და დასავლეთის ლიდერებს ლანძღავს, სავარაუდოდ, პროგრამული გენერირებით არის მიღებული. ჩანაწერის პირველწყაროს დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელი პორტალი წარმოადგენს. გარდა ამისა, აუდიოში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ოლენა ზელენსკას  რეალურისგან განსხვავებული ინტონაცია აქვთ და ჩანაწერში სხვა საეჭვო დეტალებიც შეინიშნება.

ჩანაწერი, რომელშიც თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკი ოლენა ზელენსკას ესაუბრება, თავდაპირველად 2023 წლის 6 დეკემბერს საიტმა The Intel Drop-მა გამოქვეყნა. სტატიის თანახმად, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი მეუღლის სატელეფონო ზარში, რომელმაც გაჟონა, უკრაინის ლიდერი თავის დასავლელ კოლეგებს დამამცირებელი ეპითეტებით მოიხსენიებს. სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ ზელენსკი უკრაინაში კორუფციის ფართომასშტაბიანობას და მასთან ბრძოლის უუნარობას აღიარებს. ასევე აღნიშნულია, რომ ზელენსკი წუხს, რომ დასავლეთს მისი კონტროლის ქვეშ მოქცევა სურს და პოლონეთის ხელმძღვანელობის ქმედებებს უკრაინის ღალატს უწოდებს.

zelenski da zelenska სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ოლენა ზელენსკა საეჭვო აუდიოჩანაწერი ვრცელდება

The Intel Drop-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის ბოლოს აღნიშნულია, რომ უცნობია, საიდან გაჩნდა ზელენსკისა და მისი მეუღლის სატელეფონო ჩანაწერი, თუმცა გამოცემა ეჭვობს, რომ დასავლეთის მოკავშირეებსა და უკრაინის არმიის ხელმძღვანელობას შორის ზელენსკის  პოპულარობის მკვეთრად გაუარესების შემდეგ ჩანაწერი შესაძლოა გამოქვეყნებულიყო როგორც უკრაინის, ისე დასავლური სადაზვერვო სააგენტოების მიერ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჩანაწერი რამდენიმე რუსულ ონლაინ მედიისა და The Intel Drop-ის გარდა სხვა არც ერთ სანდო მედიაში არ გავრცელებულა. საიტზე სტატიის ავტორი მითითებული არ არის, თუმცა აღსანიშნავია, რომ თავად საიტზე სტატიის განთავსება ინტერნეტ მომხმარებლებსაც შეუძლიათ. სტატიებს შორის კრემლის ცნობილი პროპაგანდისტის სკოტ რიტერის არაერთი ინტერვიუ და სტატია გვხვდება. ასევე, ამავე საიტმა 2023 წლის მარტში ალექსანდრე სიტნიკოვის ავტორობით გაავრცელა დეზინფორმაცია, რომლის თანახმადაც კიევში ნატოსა და აშშ-ის ოფიცრები განადგურდნენ.  აღნიშნული სტატიის ავტორს საიტისთვის რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სხვა რამდენიმე სტატიაც ჰქონდა დაწერილი.

Whois.DomainTools-ის თანახმად, საიტი The Intel Drop 2022 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა და მისი IP მისამართი ლუიზიანაში მდებარეობს. 

zelenski da zelenska1 სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ოლენა ზელენსკა საეჭვო აუდიოჩანაწერი ვრცელდება

The Intel Drop-ის მიერ Youtube-ზე ატვირთული ჩანაწერი ამ დროისთვის YouTube-ის მომსახურების პირობების დარღვევის გამო წაშლილია. რაც შეეხება თავად ჩანაწერს, მის არაავთენტურობაზე რამდენიმე დეტალი მეტყველებს. ჩანაწერში როგორც ზელენსკი, ასევე მისი ცოლი ძალიან ნელა და არაბუნებრივად საუბრობენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზელენსკი წინასწარ დაწერილ და მომზადებულ ტექსტს კითხულობს. ნაკლებ ემოციურობა ზოგადად ხელოვნურად გენერირებული საუბრისთვის არის დამახასიათებელი. გარდა ამისა, მართალია ოლენა ზელენსკას და ვოლოდიმირ ზელენსკის ხმა მათ რეალურ ხმას მიმსგავსებულია, თუმცა ინტონაცია მაინც განსხვავებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩანაწერში ოლენა ზელენსკას როლი დაკნინებულია, თითქოს უკრაინის პირველი ლედი პოლიტიკითა და თანამედროვე მოვლენებით არ არის დაინტერესებული  და ზელენსკი ცდილობს აუხსნას, თუ რას ეუბნებიან და რაში სდებენ ბრალს დასავლელი ლიდერები. ჩანაწერში ოლენა ზელენსკა მხოლოდ რამდენიმე რეპლიკით შემოიფარგლება. “რატომ? არ მესმის, ეს ხომ შეუძლებელია” – ვისმენთ ზელენსკასგან ჩანაწერში, რაც პირველი ლედისგან არაბუნებრივად ჟღერს. უცნაურია ისიც, რომ ჩანაწერში ოლენა ზელნსკა უკრაიაულად საუბრობს, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკი მას ძირითადად სულ რუსულად პასუხობს და მხოლოდ რამდენჯერმე იყენებს საუბარში უკრაინულ სიტყვებს. ასევე, საუბარი აგებულია კრემლის ხშირად განმეორებად პროპაგანდისტული ნარატივებზე უკრაინის კორუმპირებულობისა და უკრაინის დემოკრატიული სახელმწიფოს ხელოვნურად შექმნილი იმიჯის შესახებ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist