სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო 2002 წლის გაზაფხულზე ერთ-ერთმა ბრიტანულმა სააგენტომ (The Viral Factory) გართობის მიზნით, შეთქმულების თეორიების საფუძველზე გადაიღო. ვიდეოკლიპის იდეის ავტორი რეჟისორი ადამ სტიუარტი იყო და ის თავდაპირველად ვებ-საიტზე www.moonthrooth.com გავრცელდა. ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე დაშვების შესახებ შეთქმულების თეორიები არაერთხელ იქნა უარყოფილი.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს ხარისხი დაბალია, თუმცა ვიდეოში წარწერის www.moonthrooth.com-ის გარჩევა არის შესაძლებელი. ამჟამად ვებ-საიტი არ ფუნქციონირებს, თუმცა ინტერნეტში ხელმისაწვდომია მისი დაარქივებული ვერსია.
The Viral Factory-ის მიერ შექმნილ ვიდეოში ასტრონავტი ნილ არმსტრონგის ცნობილ სიტყვებს იმეორებს: That’s one small step for man, one giant leap (for mankind) (პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის – გიგანტური ნახტომი… (კაცობრიობისთვის)), რომელიც არმსტრონგმა 1969 წელს “აპოლო 11-ის” მთვარეზე დაშვებისას თქვა.
ვიდეოში კიდევ ერთი ფრაზა ისმის: “ბოდიში, მისტერ გორსკი”, რაც იმ ხუმრობაზე რეფერირებს, რომლის თანახმადაც, არმსტრონგმა მთვარეზე ფეხის დადგმისას თავის მეზობელს, მისტერ გორსკის მიმართა: “წარმატებები, მისტერ გორსკი!”.
გავრცელებული ხუმრობის/ლეგენდის თანახმად, არმსტრონგმა ბავშვობაში მეზობლების ჩხუბის ხმა გაიგო – ცოლი ქმარს მიმართავდა “ორალური სექსი? მაგას მხოლოდ მაშინ გავაკეთებ, როცა ჩვენი მეზობელი მთვარეზე ფეხს დადგამს”. ამ ისტორიის ნამდვილობა ფაქტების გადამოწმების სააგენტომ, Snopes-მა შეისწავლა. როგორც აღმოჩნდა, ხუმრობა ინტერნეტში 1995 წლიდან ვრცელდება და მას ნასას აპოლო 11-ის მისიის ტრანსკრიფტები აქარწყლებს, საიდანაც ირკვევა, რომ არმსტრონგს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. თავად არმსტრონგმა 1995 წლის ბოლოს განაცხადა, რომ ეს ისტორია პირველად კომიკოსი ბადი ჰეკეტისგან მოისმინა, შემდეგ კი სხვადასხვა წყაროს საშუალებით გავრცელდა.
Snopes-მა 2003 წლის იანვარში moonthruth.com-ზე გამოქვეყნებული ვიდეოც გადაამოწმა და ყალბად შეაფასა.
მისიამ “აპოლო 11”, რომელსაც ნილ არმსტრონგი ედვინ ოლდრინთან და მაიკლ კოლინზთან ერთად ხელმძღვანელობდა, კენედის კოსმოსური ცენტრი 1969 წლის 16 ივლისს დატოვა და 20 ივლისს მთვარეზე ფეხი მსოფლიოში პირველად ნილ არმსტრონგმა დადგა. არმსტრონგს 15 წუთში ედვინ ალდრინი შეუერთდა, რომელთან ერთადაც მთვარეზე აშშ-ის სახელმწიფო დროშა აღმართა.
მთვარეზე დაშვების შესახებ შეთქმულების თეორიები ამტკიცებენ, რომ აპოლო 11-ის პროგრამის ზოგიერთი ან ყველა ელემენტი ნასას მიერ იყო დადგმული, თუმცა არსებობს მრავალი მტკიცებულება ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე დაშვების შესახებ და შესაბამისად, შეთქმულების თეორიები არაერთხელ იქნა უარყოფილი. 2000-იანი წლების ბოლოდან მთვარის სადაზვერვო ორბიტის (LRO) მიერ გადაღებული მაღალი გარჩევადობის ფოტოებზე აპოლო 11-ის ასტრონავტების მიერ დატოვებული კვალი არის აღბეჭდილი. 2012 წელს ასევე გამოქვეყნდა სურათები, სადაც ჩანს, რომ აპოლოს ექვსი მისიიდან ხუთის დროს განთავსებული დროშები ისევ ადგილზეა. აღბეჭდილია ნილ არმსტრონგის პირველი ნაბიჯი და მისი ნაკვალევი მთვარეზე.
“მითების დეტექტორი” მთვარის მისიასთან დაკავშირებულ კონსპირაციებზე ადრეც წერდა:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.