“სეზონი TV-ის” წამყვანის დეზინფორმაცია ევროკავშირში პოლონეთის და ავსტრალიის პროდუქციის ექსპორტზე

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

130
VIEWS

13 დეკემბერს ნიკოლოზ მჟავანაძემ ტელეკომპანია სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” განაცხადა, რომ პოლონელები აქციებს აწყობენ იმის გამო, რომ შეწყდა მათი პროდუქციის გატანა ევროკავშირში. ასევე, წამყვანის მტკიცებით, ავსტრალიელი ფერმერები დიდი რაოდენობით რძეს უბრალოდ ღვრიან, რადგან კვოტირების გამო, მათ ეს პროდუქტი ევროპაში ვერ შეაქვთ. 

eqsporti “სეზონი TV-ის” წამყვანის დეზინფორმაცია ევროკავშირში პოლონეთის და ავსტრალიის პროდუქციის ექსპორტზე

ნიკოლოზ მჟავანაძის მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება: 

  1. პოლონური ნაწარმის ექსპორტი ევროკავშირში არ შეწყვეტილა და პოლონეთის საექსპორტო შემოსავლების უმეტესი ნაწილი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მოდის; მიმდინარე პროტესტს სხვა მიზეზი აქვს და უკრაინელი სატვირთოს მძღოლებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე გამარტივებულ შესვლასა და ოპერირებასთან არის დაკავშირებული; 
  2. ავსტრალიას რძის ნაწარმის ექსპორტის პრობლემები არ აქვს, ხოლო რძის გადაღვრის ფაქტი ხელფასების ზრდის მიზეზით ფერმერების გაფიცვას უკავშირდებოდა და არა ევროკავშირის კვოტებს. 
  • პოლონეთის ექსპორტის მაჩვენებლები ყოველწლიურად იზრდება

2022 წელი პოლონეთისთვის რეკორდული აღმოჩნდა განხორციელებული ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის მხრივ, რომელმაც 346,2 მილიარდი ევრო შეადგინა. საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემთა ბაზა statista-ს ინფორმაციით, პოლონეთის გაყიდვების ძირითადი ნაწილი მოდის ევროკავშირის ქვეყნებზე და პირველ ადგილი 2022 წელს 95,6 მილიარდი ევროს ოდენობით გერმანიას უკავია, რომელიც ამ მაჩვენებლით წინა წლებშიც ლიდერობდა. 

eqsporti1 “სეზონი TV-ის” წამყვანის დეზინფორმაცია ევროკავშირში პოლონეთის და ავსტრალიის პროდუქციის ექსპორტზე
წყარო: statista

პოლონეთის სტატისტიკის ოფიციალური სამსახურის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში გახორციელებული ექსპორტის რაოდენობამ 293,5 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5%-ით მეტია. აქედან 219,6 მილიარდი ევრო ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და პირველ სამ ადგილს გერმანია, ჩეხეთი და საფრანგეთი იკავებენ. 

eqsporti2 “სეზონი TV-ის” წამყვანის დეზინფორმაცია ევროკავშირში პოლონეთის და ავსტრალიის პროდუქციის ექსპორტზე
ექსპორტის და იმპორტის მონაცემები პოლონურ ზლოტებში. ინფოგრაფიკა: პოლონეთის სტატისტიკის X ანგარიში.

სტატისტიკები ცხადყოფს, რომ პოლონეთის მიერ განხორციელებული ექსპორტი წლიდან წლამდე იმატებს და ევროკავშირის ქვეყნები კვლავ რჩებიან მთავარ პარტნიორებად. რაც შეეხება ნიკოლოზ მჟავანაძის მიერ ხსენებულ პროტესტს, ის უკვე თვეზე მეტია პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მიმდინარეობს , თუმცა მას სხვა მიზეზები აქვს. მას შემდეგ რაც ევროკავშირმა უკრაინელ სატვირთოს მძღოლებს ევროკავშირში შესვლა და ოპერირება გაუმარტივა, პოლონელმა მძღოლებმა ჩაკეტეს უკრაინასთან არსებული რამდენიმე საზღვარი, რადგან უკრაინელები ბევრად დაბალ ტარიფებზე მუშაობენ, რაც პოლონელი მძღოლების აზრით მათ კონკურენციაში დაჩაგრავს და შემოსავლებს მკვეთრად შეუმცირებს. ისინი ითხოვენ, რომ ევროკავშირმა აღადგინოს ძველი სისტემა, რომლის საფუძველზეც უკრაინულ კომპანიებს სპეციალური ნებართვა ესაჭიროებოდათ ევროკავშირის ტერიტორიაზე ოპერირებისათვის.  უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროტესტი ქვეყნის მთავრობის მიერ არ არის სანქცირებული. 

გარდა სატვირთო გადაზიდვებისა, პოლონეთსა და უკრაინას 2023 წელს პრობლემა ჰქონდათ უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებულ საკითხებზეც. კერძოდ, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი და ბულგარეთი მოითხოვდნენ, ევროკავშირს არ დაეშვა უკრაინული ხორბლისა და სხვა მარცვლეულის იმპორტი ამ ქვეყნებში, რადგან დიდი მარაგებისა და დაბალი ფასის გამო, უკრაინული პროდუქტი პრობლემებს შეუქმნიდა ადგილობრივ ფერმერებს. ბრიუსელში თავდაპირველად გაითვალისწინეს მათი მოთხოვნა და აკრძალეს აღნიშნული უკრაინული პროდუქტის ამ 5 ქვეყანაში გაყიდვა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ძალაში სულ რამდენიმე თვით დარჩა, რის შემდგომაც ევროკავშირმა უარი განაცხადა მის გახანგრძლივებაზე. საპასუხოდ, პოლონეთმა, სლოვაკეთმა და უნგრეთმა თავად მიიღეს გადაწყვეტილება და აკრძალეს უკრაინული მარცვლეულის მათ ქვეყნებში გაყიდვა, თუმცა შეთანხმების საფუძველზე, ისინი უფლებას აძლევენ გადამზიდავებს, გამოიყენონ მათი ტერიტორია უკრაინული პროდუქტის სხვა ქვეყნებში გასატანად

  • ავსტრალიის რძის ინდუსტრია

2023 წელს ავსტრალიაში 8 მილიონ ლიტრზე მეტი რაოდენობის რძის წარმოება მოხერხდა, რითიც ქვეყანა მსოფლიოს ათეულშიც ვერ შედის, თუმცა რძის ექსპორტის მიხედვით, სახელმწიფოს 2022 წელს მეშვიდე ადგილი ეკავა, სადანაც 1.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს კი დაახლოებით მსოფლიო ექსპორტის 5%-ს შეადგენს.

eqsporti3 “სეზონი TV-ის” წამყვანის დეზინფორმაცია ევროკავშირში პოლონეთის და ავსტრალიის პროდუქციის ექსპორტზე
წყარო: statista

ოფიციალური მონაცემებით, ავსტრალიას წარმოებული რძის 30% ექსპორტზე გააქვს, რომლის 37% ჩინეთში იყიდება. აღსანიშნავია, რომ ამ სფეროში ავსტრალიის ექსპორტში პირველი 10 ადგილი წლების განმავლობაში აზიურ ქვეყნებს უკავიათ.

eqsporti4 “სეზონი TV-ის” წამყვანის დეზინფორმაცია ევროკავშირში პოლონეთის და ავსტრალიის პროდუქციის ექსპორტზე
წყარო: statista

მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლიდან დღემდე ავსტრალიაში მცირდება, როგორც ფერმების, ისე წარმოებული რძის რაოდენობა, ამ ეკონომიკური სექტორიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია, რადგან მკვეთრად მოიმატა რძის და რძის პროდუქტების ფასმა.

eqsporti5 “სეზონი TV-ის” წამყვანის დეზინფორმაცია ევროკავშირში პოლონეთის და ავსტრალიის პროდუქციის ექსპორტზე

როგორც უკვე აღინიშნა, ქვეყანას ექსპორტზე გააქვს წარმოებული რძის 30%, შედეგად უმეტესი ნაწილი შიდა მოხმარებისათვის გამოიყენება. ამისდა მიუხედავად, ავსტრალია მაინც ახორციელებს რძისა და რძის პროდუქტების იმპორტს, ძირითადად ახალი ზელანდიიდან. იმპორტის აუცილებლობა, გამომდინარეობს იქიდან, რომ გაიზარდა წარმოების ხარჯები და გაიზარდა ქვეყნის მოსახლეობაც, რამაც ერთობლიობაში გამოიწვია ავსტრალიის მიერ ექსპორტზე გატანილი რძის რაოდენობის კლება

რატომ გადაღვარეს ავსტრალიაში რძე?

მიუხედავად იმისა, რომ რძის ფასი მკვეთრად გაიზარდა, ბოლო წლების მანძილზე ავსტრალიაში ამ პროდუქტის წარმოება მცირედით იკლებს, რაც პირველ რიგში მუშა ხელის ნაკლებობითაა გამოწვეული. ამჟამად ქვეყნაში რძის პროდუქტების ინდუსტრიაში 33500 ადამიანია დასაქმებული

2023 წლის ოქტომბერში ავსტრალიური ფერმების ნაწილს ათასობით ლიტრი რძის გადაღვრა მოუწია, რადგან ინდუსტრიაში მომუშავე 1400 ადამიანი ხელფასების ეტაპობრივი გაზრდის მოთხოვნით გაიფიცა და შედეგად რძის ნაწილის გადამუშავება და რეალიზაცია შეუძლებელი იყო. ამ და მსგავსი ერთეული შემთხვევების გარდა, რაც განპირობებული იყო პროტესტებით, ავსტრალიაში ფერმერებს რძის გადაღვრა არ უწევთ. ევროკავშირს მართლაც აქვს დაწესებული კვოტები და სპეციალური ხარისხის კონტროლი სხვა, არაწევრი ქვეყნებიდან იმპორტირებულ რძეზე, თუმცა ავსტრალიას არც ექსპორტის განხორციელება უჭირს და პირიქით, იქ არსებული მაღალი მოთხოვნის გამო, სახელმწიფო რძისა და რძის პროდუქტების იმპორტსაც კი ახორციელებს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრალია, ევროკავშირი, პოლონეთი
წყარო

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist