რუსი დიპლომატები უკრაინაში არასრულწლოვანების მობილიზაციის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

355
VIEWS

6 დეკემბერს გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, დმიტრი პოლიანსკიმ უკრაინაში ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ უკრაინაში ჰიტლერიუგენდის მსგავსი ფორმირება იქმნება. პოლიანსტკის თქმით, რეზერვისტების მომზადების ცენტრში “გაიდამაცკა სიჩ” (Гайдамацька Січ)  ჩატარდა მობილიზებული, 17 წლის ობლების პირველი წვრთნები, რომლებიც ხარკივის ოლქში, ზურგში, ტერიტორიული თავდაცვის 103-ე ბრიგადის რიგებში უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ ისინი მოატყუა და 3 დეკემბერს ერთ-ერთი არასრულწლოვანი ობოლი ფრონტის ხაზზე დაიღუპა, რის შესახებაც ინფორმაცია ბავშვთა სახლის დირექტორმა სოციალური ქსელებით გაავრცელა. 

6 დეკემბერს უკრაინული “ჰიტლერიუგენდის” ფორმირებაზე ინფორმაცია ბრიფინგზე გააჟღერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამაც. პოლიანსკისა და ზახარაოვას განცხადებები აქტიურად გააშუქა კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამ (1,2,3,4), მათ შორის ТАCC-მა, Взгляд-მა და Лента-მ. პოლიანსკის გამოსვლის შინაარსი ასევე გააზიარეს გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლობის ფეისბუქ-ანგარიშმა და ანკარაში რუსეთის საელჩოს ფეისბუქ-ანგარიშმა.

Screenshot 2023 12 14 094658 რუსი დიპლომატები უკრაინაში არასრულწლოვანების მობილიზაციის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ Screenshot 2023 12 14 094705 რუსი დიპლომატები უკრაინაში არასრულწლოვანების მობილიზაციის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ

მანამდე, 4 დეკემბერს რუსულ პროპაგანდისტულმა მედიამ (1,2,3,4,5), მათ შორის Правда-მ, Аргументы и Факты-მ, НТВ-მ და Московский Комсомолец-მა აქტიურად გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინაში მობილიზებული 17 წლის ობოლი, ვოლოდიმირ საჩალა ფრონტის ხაზზე დაიღუპა. 

Screenshot 2023 12 14 094710 რუსი დიპლომატები უკრაინაში არასრულწლოვანების მობილიზაციის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ

უკრაინაში მოზარდების მობილიზაციისა და 17 წლის ობოლის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციაა. ცენტრმა “გაიდამაცკა სიჩ” საქმიანობა 2007 წლიდან დაიწყო და პატრიოტული სასწავლო-აღმზრდელობითი ცენტრია. ვოლოდიმირ საჩალა 26 წლის სამხედრო მოსამსახურე იყო.

  • ცენტრმა “გაიდამაცკა სიჩ” საქმიანობა ჯერ კიდევ 2007 წლიდან დაიწყო და პატრიოტული სასწავლო აღმზრდელობითი ცენტრია

სასწავლო აღმზრდელობითი ცენტრმა “გაიდამაცკა სიჩ” საქმიანობა 2007 წლიდან, რუსეთ-უკრაინის 2014 წლის ომამდე და 2023 წლის სრულმასშტაბიან ომამდე დაიწყო. ცენტრის ფეისბუქ-გვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, ის ოფიციალურ ორგანიზაციად 2018 წელს დარეგისტრირდა. ფეისბუქ-გვერდიდან ჩანს, რომ ცენტრის ორგანიზებით მოზარდები საველე და სამხედრო-სალაშქრო და კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების მომზადებას გადიან (ცენტრის საქმიანობა ჰგავს ქართული გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის საქმიანობას). ცენტრი სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთანაც თანამშრომლობს. თუმცა დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და რეზერვისტების მომზადების ფუნქცია არ აქვს.

ცენტრთან დაკავშირებით დეზინფორმაციული მტკიცებების გავრცელების შემდეგ, მისი ხელმძღვანელი, ვადიმ არნაუტი უკრაინულ გამოცემა Укринформ-ს ესაუბრა. არანუტის თქმით, ცენტრის საქმიანობა მოზარდების სხვადასხვა მიმართულებით განვითარებასა და პატრიოტულ აღზრდაზეა კონცენტრირებული. მან ასევე აღნიშნა, რომ ცენტრში მოხვედრა არც ისე მარტივია, მუშაობა პატარა ჯგუფებთან ხდება და ჯგუფში ჩაწერა მხოლოდ მშობლებთან სერიოზული გასაუბრების შემდეგ არის შესაძლებელი. არნაუტის თქმით, ცენტრის კურსდამთავრებულების ნაწილი ახლა საბრძოლო მოქმედებებში ნამდვილად არის ჩართული, თუმცა მათგან ასაკით ყველაზე პატარა 21 წლისაა. 

  •  დაღუპული უკრაინელი სამხედრო ვოლოდიმირ საჩალა 26 წლის სამხედრო მოსამსახურე იყო

ვოლოდიმირ საჩალა, რომელიც კრემლის პროპაგანდისტული მედიის თანახმად, 17 წლის ობოლია, სინამდვილეში 26 წლის სამხედრო მოსამსახურე იყო. უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ცნობით, საჩალა ნოემბრის ბოლოს დრუჟბის რაიონში დაიღუპა. ცენტრი ასევე აღნიშნავს, რომ ის არც მოზარდი იყო და არც ბავშვთა სახლიდან იყო მობილიზებული. გარდა ამისა, კრემლისტური წყაროების ცნობით, საჩალა ტერიტორიული თავდაცვის 103-ე ბრიგადაში მსახურობდა, თუმცა სინამდვილეში ის 24-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადაში მსახურობდა. საჩალას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 2 დეკემბერს გამოაქვეყნა იავორივის საქალაქო რადამაც. ის წარმოშობით ლვივის ოლქის, იავორივის რაიონის სოფლიდან იყო. პოსტში აღნიშნულია, რომ ჯარში მსახური საჩალამ 2017 წელს სწავლის დამთავრების შემდეგ დაიწყო. სამხედრო სამსახურის შემდეგ ის სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდა, თუმცა 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ, კვლავ უკრაინის არმიის რიგებში ჩაეწერა. იავორივის საქალაქო რადას პოსტს თანდართული აქვს საჩალას ფოტოც. კრემლის მედია მისი სახელის გამოყენებით დეზინფორმაციის გავრცელებისას ამ ფოტოსაც ავრცელებდა. 

საჩალასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების სამსახურმა StopFake-მაც გადაამოწმა. StopFake ესაუბრა ოლესია ჩიკელს, რომელიც რუსული პროპაგანდისტული მედიის თანახმად, ბავშვთა სახლის დირექტორია და საჩალას დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ჩიკელმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ცნობები და აღნიშნა, რომ ფეისბუქზე ჯგუფის ВСЕ БУДЕ УКРАЇНА-ს ადმინისტრატორია, სადაც ვოლოდიმირ საჩალას დაღუპვის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გამოაქვეყნა. თავის პოსტში ჩიკელი არსად წერს, რომ ვოლოდიმირ საჩალა 17 წლის ობოლი იყო.

უკრაინაში მობილიზაციასთან დაკავშირებით რუსული პროპაგანდისტული წყაროები სისტემატურად ავრცელებენ დეზინფორმაციას. ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ყალბი ცნობები, რომ უკრაინაში პენსიონერთა მობილიზაცია სურთ, რაც ასევე ერთ-ერთი პოპულარული დეზინფორმაციული ნარატივია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

არქივის ბმულები: რუსეთის წარმომადგენლობა გაეროში, ТАСС, ВЗГЛЯД, Лента, ПРАВДА, НТВ, Московский Комсомолец, Аргументы и Факты


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist