რეაგირებდნენ თუ არა არასამთავრობოები ადამიანის უფლებების დარღვევებზე 2012 წლამდე?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

Untitled-1
193
VIEWS

2020 წლის 26 ივნისს News Front Georgia-სა და tvalsazrisi.ge-ს ავტორმა, ასევე ფეისბუკ გვერდის “ანტილიბერალური დოქტრინა” ადმინისტრატორმა ირაკლი ჯანყარაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც იგი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტისათვის გაგზავნილ მიმართვას ეხმაურება. მას შემდეგ, რაც გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტის წევრობის კანდიდატად საქართველომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე წარადგინა, საქართველოში მომუშავე 52 არასამთავრობო ორგანიზაციამ ღია გაეროს კომიტეტისადმი მიმართვა გაავრცელა. მიმართვაში ნათქვამია, რომ გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა არ უნდა დაუშვას სოფიო კილაძის წევრად არჩევა, რადგან იგი საქართველოს პარლამენტში მოღვაწეობის განმავლობაში გამოირჩეოდა ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით, უმცირესობების უფლებების დარღვევის ფაქტებზე არასაკმარისი რეაგირებით, ასევე მისი კანდიდატად არჩვევისას არ იყო დაცული გაეროს მიერ რეკომენდირებული პროცედურები. აღნიშნული მიმართვის საპასუხოდ ირაკლი ჯანყარაშვილის პოსტის სამიზნე ქართული არასამთავრობო სექტორი და კონკრეტულად საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორი ეკა გიგაური გახდა. მისი მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციები წინა ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევაზე არ რეაგირებდნენ. აღნიშნული პოსტი გაავრცელეს ვებ-გვერდმა trvalsazrisi.ge, ფეისბუკ გვერდმა ანტილიბერალური დოქტრინა, ასევე ჯანყარაშვილის საავტორო ბლოგმა Politiko.

ირაკლი ჯანყარაშვილი: „ადამიანის უფლებები 50-ი NGO –  დან არავის ახსენდებოდა 9 წლის განმავლობაში. გაჩუმებული უცქერდნენ მიშა მიშას ძახილით როგორ უსწორდებოდა მშვიდობიან მომიტინგეებს რეჟიმი. როგორ იჭერდნენ ჟურნალისტებს და როგორ არბევდნენ მედიას. კითხეთ ვინმემ ქალბატონ კაპიტანს მისი შსს – ში მოღვაწეობის დროს იცავდა თუ არა ვინმე ადამიანის უფლებებს? ან აძლევდა თუ არა ის არასამთვარობო სექტორს მსგავს განცხადებების გაკეთების უფლებას ?“

""

'"

ირაკლი ჯანყარაშვილი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ადამიანის უფლებების დარღვევებზე არ რეაგირებდნენ. “მითების დეტექტორი” გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას, თუ რა აქტივობებს ახორციელებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მხრივ ხელისუფლების ცვლილებამდე, რაც როგორც თანაბარი საარჩევნო გარემოს, ასევე მედია პლურალიზმის და სხვა უფლებების დაცვას ისახავდა მიზნად

“ეს შენ გეხება” და Must Carry

კამპანია ეს შენ გეხება 2012 წლის თებერვალში არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციებმა ერთად წამოიწყეს. თავდაპირველი მიზანი მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობით და ჩართულობით საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და კონკურენტუნარიანი, ამომრჩევლებისათვის მისაღები წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა იყო. 2012 წლის მარტში მას ახალი მიზანი – ფარული მოსმენების წინააღმდეგ ბრძოლა დაემატა.

მედია საშუალებების ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ხელში კონცენტრაციის გამო, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ “ეს შენ გეხება” საქართველოს პარლამენტს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული რამდენიმე ცვლილების ინიციატივა წარუდგინა. წინადადებათაგან ერთ-ერთი იყო “Must Carry”-ის პროგრამის ამოქმედება, რომლის შემოღების შემთხვევაში საკაბელო ოპერატორები ვალდებულები იქნებოდნენ საქართველოში ყველა ლიცენზირებული მაუწყებლის ტრანსლაცია განეხორციელებინათ. არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, პროგრამის ამოქმედება ხელს შეუწყობდა წინასაარჩევნო პერიოდში მედიაპლურალიზმის გაზრდას, ვინაიდან ოპოზიციასთან დაკავშირებულ არხებს ნაციონალური დაფარვა არ ქონდათ.

ღია საზოგადოების ფონდი: “მედია პლურალიზმის უზრუნველყოფისათვის სასიცოცხლო მინიშვნელობა აქვს „Must Carry”-ის პრინციპს, რომელთა ამოქმედებამ წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალფეროვან ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. საზოგადოებრივი აზრის კვლევები ადასტურებს აღნიშნული პრინციპების მნიშვნელობას და საზოგადოების სურვილს, მომავალშიც მიუწვდებოდეს ხელი სხვადასხვა ტელეკომპანიის მაუწყებლობაზე.”

ხელისუფლების ხელში მედია მფლობელობის კონცენტრაციასა და არათანაბარ გარემოზე დაკვირვებას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო წლებია ახორციელებს.

ადვოკატირება 

არასამთავრობო ორგანიზაციები ნაციონალური მორაობის მმარრთველობის პირობებში ადამიანის უფლებების დაცვას და ადვოკატირებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სასამართლოებში აქტიურად ახორციელებდნენ. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებული დავებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას ხშირად სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები ახდენდნენ.

  • 2006 წელს ახალგაზრა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამათლოში საქმეზე “კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” განაცხადი გაგაზავნა. საქმე 2006 წელს სააპელაციო სასამართლოს ეზოში სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით გამართული პროტესტის “თანასწორობის ინსტიტუტის” წევრების ირაკლი კაკაბაძის, ლაშა ჩხარტიშვილის, ჯაბა ჯიშკარიანის და სხვათა უკანონო დაკავების და 30 დღიანი პატიმრობის შეფარდების ფაქტს შეეხებოდა.
  • ადამიანის ევროპულ  სასამართლოს 2009 წელსაც მიმართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2009 წლის 15 ივნისს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ მშვიდობიანი მაიფესტაციის დარბევის ფაქტზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სარჩელი დარბევისას დაზარალებული ათი პირის სახელით შეიტანა, რომელთა უმრავლესობა დაკავების შემდეგ სასტიკად სცემეს რკინისა და რეზინის ხელკეტებით.
  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სამი სარჩელი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ ადამიანის უფლებათა დარღვევის გამოც. საქმეებით “ბურდიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, “ზურაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”, “დუმბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”. საია ადმიანის ევროპული სასამართლოსაგან განმცხადებელთა მიმართ პოლიციის ძალადობის და არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ფაქტების განხილვას ითხოვდა.

2006-2012 წლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ასობით მოქალაქეს გაუწია იურიდიული კონსულტაცია საკუთარი უფლებების ევროპულ სასამართლოში დასაცავად და ასამდე სარჩელით თავად მიმართა სტრასბურგს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე. 

ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობდა ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “ღია საზოგადოების ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით 2010 წლიდან 2013 წლამდე ახორციელებდა პროექტს „სტრატეგიული სამართალწარმოება მოწყვლადი და მარგინალური მოსახლეობისათვის”. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ 7 საქმე მოიგო სტრასბურგის სასამართლოში და ათობით საქმე – ეროვნულ დონეზე. “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” მიერ წარმოებული საქმეები შეეხებოდა პატიმართა უფლებების, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის და სხვა ფაქტებს. “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” მიერ წარმოებულ დავებზე ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ადამიანის უფლებების დაცვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დაცვა 2003-2012 წლებში ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ ერთ-ერთი ყველა პრობლემური საკითხია.

2013 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია საზოგადოების ფონდი“(OSGF)  ათ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით სწავლობდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, როგორც სისტემურ დანაშაულს და აკვირდებოდა 2012 წლის 18 ოქტომბერს პატიმართა წამების ამსახველი კადრების გამოქვეყნების შემდეგ, დაწყებულ გამოძებას.

პატიმართა უფლებების დარღვევის ფაქტებზე განსაკუთრებით კრიტიკული იყო ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი. ორგანიზაციამ დეტალურად შეისწავლა 2009-2010 წლებში ციხეებში არსებული მდგომარეობა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი.

რეაგირება 2007 წლის 7 ნოემბერზე 

2007 წლის 7 ნოემბრის დემონსტრაციის დარბევას და ტელეკომპანია “იმედში” სპეცრაზმის შეჭრას  არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, რაც საერთაშირუსო ანგარიშებშიც აისახა:

2007 წლის 21 დეკემბრი, “ადამიანის უფლებათა ცენტრის”  ანგარიში: „[2007 წლის ნოემბერში] საქართველოს მთავრობამ გამოიყენა გადამეტებული ძალა დემონსტრანტების დასასჯელად, შეიჭრა და მაუწყებლობა შეუწყვიტა ორ ტელეკომპანიას „ტვ იმედს“ და „კავკასიას“, ოფისში ძალადობრივი შეჭრის შემდეგ გაანადგურა ტელეკომპანია იმედის კერძო საკუთრება. ამით საქართველოს მთავრობამ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები: გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება, კერძო საკუთრების უფლება.“

2009 წლის 7 ნოემბერი , ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია: „დღეს ორი წელი სრულდება 2007 წლის 7 ნოემბრის ტრაგიკული მოვლენებიდან, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა უკანონოდ, გადამეტებული ძალის გამოყენებით დაშალეს მშვიდობიანი მომიტინგეები, დაარბიეს დამოუკიდებელი ტელევიზია და გაანადგურეს მისი აპარატურა, გამოიყენეს მოცემული დროისთვის კანონით აკრძალული სპეციალური საშუალებები, რის შედეგადაც 500-მდე ადამიანი დაშავდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ფორმალურად აღიარა 7 ნოემბერს დაშვებული შეცდომები, ჯერ არ მომხდარა აღნიშნული მოვლენების ადეკვატური და სრულყოფილი გამოძიება, არ გამოვლენილან და დასჯილან მშვიდობიან მომიტინგეთა დარბევის უკანონო ბრძანების გამცემი და შემსრულებელი პირები.“

არჩევნები

წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო პროცედურების დარღვევასა და ადმინისტრაციული რესურსების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენებაზე მონიტორინგს სადამკვირვებლო ორგანიზაციები ახორციელებდნენ, რომლებიც ამავე დროს სასამართლოში დარღვევის ფაქტებზე რეაგირებასაც ახდენდნენ.

ვინ არის ირაკლი ჯანყარაშვილი ?

ირაკლი ჯანყარაშვილი ერთდროულად პროსახელისუფლებო, ანტილიბერალურ და პრორუსულ პლატფორმებთან თანხვედრა იკვეთება.

  • ირაკლი ჯანყარაშვილი მართავს გვერდს “ანტილიბერალური დოქტრინა”და ჯგუფს “ამხილე პორტირებული ნაცები”;
  • არის კრემლთან დაკავშირებული გამოცემის News Front Georgia-ს ერთ-ერთი ავტორი;
  • არის Tvalsazrisi.ge-ს ავტორი, რომელიც ერთდროულად ანტიდასავლურ, პროსახელისუფლებო და შუღლის გამაღვივებელ მასალებს ავრცელებს.
  • მართავს ბლოგს “პოლიტიკო”

ვრცლად ირაკლი ჯანყარაშვილის და მასთან დაკავშირებული გვერდებისა და ჯგუფების აქტივობის შესახებ იხილეთ მითების დეტექტორის მასალაში.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist