რატომ გაათავისუფლა შვედურმა კომპანიამ თანამშრომელი, რომელიც ჯვარს ატარებდა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

59
VIEWS

5 მარტს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” ფეისბუქ-გვერდზე სიუჟეტი გამოქვეყნდა, რომელსაც შემდეგი ტექსტი ახლავს: “შვედეთში ქრისტიანი სამსახურიდან ჯვრის ტარების გამო დაითხოვეს”. სიუჟეტში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ჯორჯ ტანური, რომელიც შვედური კომპანიის საწყობის თანამშრომელი იყო, სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ ჯვარს ატარებდა. ჟურნალისტი ასევე ამბობს, რომ კომპანიაში “ინგრამ მიკრო” (Ingram Micro) ისლამის მიმდევრებისთვის ჰიჯაბის ტარება დაშვებულია, ჯვრის ტარება კი ტანსაცმლის შიგნითაც იკრძალება. სიუჟეტში ინფორმაციის წყაროდ გამოცემა Swedinfo-ა დასახელებული.

სიუჟეტის ბოლოს აღნიშნულია, რომ ქრისტიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების თქმით, შვედეთში დაწესებულებების დიდ ნაწილს ქრისტიანული სიმბოლიკისადმი ხშირად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.

6 მარტის მდგომარეობით, “ერთსულოვნების” ფეისბუქ-პოსტს 383 გაზიარება აქვს. პოსტი გვერდმა ქრისტიანული მასალები გააზიარა, ასევე გაზიარდა ჯგუფში ახალი მსოფლიო წესრიგი და კორონა აფიორა!.

;

ინფორმაცია ჯორჯ ტანურის კომპანია Ingram Micro-დან გათავისუფლების შესახებ “ერთსულოვნების” სიუჟეტში მცდარი კონტექსტით ვრცელდება. სიუჟეტში კომპანიის განმარტება მოყვანილი არაა და შემთხვევა ქრისტიანების დისკრიმინაციის ჭრილშია წარმოჩენილი. Ingram Micro განმარტავს, რომ მათ მიერ დაქირავებულ პირებს უსაფრთხოების მიზეზით უფლება არ აქვთ, საწყობის შიგნით სამკაულები, აქსესუარები და სხვა მეტალის საგნები ატარონ.

“ერთსულოვნების” სიუჟეტში მოყვანილი ფაქტი ჯორჯ ტანურის შესახებ, რომელიც კომპანია Ingram Micro-დან გაათავისუფლეს, რეალურია, თუმცა ინფორმაცია კონტექსტის გარეშეა გაშუქებული. ჟურნალისტი კომპანიის მიერ ტანურის გათავისუფლების მიზეზად მოყვანილ განმარტებას არ ახსენებს, რითაც მომხდარს ქრისტიანების დისკრიმინაციის შემთხვევად წარმოაჩენს.

28 წლის ჯორჯ ტანური კომპანია Ingram Micro-სთვის კუნგსენგენში, სტოკჰოლმის ჩრდილოეთით, ზალანდოს საწყობში 3 თვის განმავლობაში მუშაობდა. ტანური ატარებდა ჯვარს. ის გააფრთხილეს, რომ ჯვარი მოეხსნა, თუმცა უარი განაცხადა, რის შემდეგაც სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან კომპანიის თქმით, საწყობში ჩამოკიდებული საგნების ტარება რისკის შემცველია.

შვედური გამოცემა Världen idag-ს Ingram Micro-ს კომუნიკაციების მენეჯერის, ლიზა ვალინდერ ოლსონის განმარტებას ეყრდნობა, რომლის თქმით, შეზღუდვის მიზანი ტრავმის მიღების ყველანაირი რისკის მინიმუმამდე შემცირებაა, რადგან საწყობში თანამშრომლები მუდმივად მოძრავ მანქანებსა და კონვეირებთან მუშაობენ. რაც შეეხება ჰიჯაბს, ოლსონის თქმით, ის საფრთხის შემცველი არ არის, რადგან ტანსაცმლად მიიჩნევა და ამასთანავე ის თავზე მჭიდროდაა შემოხვეული, შესაბამისად ნაკლებია რისკი, რომ რამეს გამოედოს. გარდა ამისა, ოლსონი ხაზს უსვამს იმას, რომ სამკაულები უშუალოდ საწყობის ტერიტორიაზეა დაუშვებელი, მის გარეთ, მაგალითად ლანჩის ოთახში ან გასახდელში კი ნებადართულია.

ჯორჯ ტანურის თქმით, ჯვარი მისთვის რწმენის ნაწილია და არა სამკაული, მისი აზრით, მომხდარი რელიგიური დისკრიმინაციის მაგალითია და შვედეთში ქრისტიანების უფლებებს უგულებელყოფენ.

Swedinfo.ru-ს შესახებ, რომელსაც “ერთსულოვნება” წყაროდ ასახელებს

“ერთსულოვნების” სიუჟეტში ჟურნალისტი ინფორმაციის წყაროდ გამოცემა Swedinfo-ს ასახელებს, სახელწოდება ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ეს შვედური გამოცემაა, თუმცა რეალურად საუბარია swedinfo.ru-ზე, რომელიც რუსულ ენაზე ფუნქციონირებს. ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ გამოცემა “როსკომნადზორში” (რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური)  დარეგისტრირდა.

;

აღსანიშნავია, რომ swedinfo.ru-ს მასალაში კომპანიის პოზიცია დაფიქსირებულია, თუმცა “ერთსულოვნების” სიუჟეტში ეს ასახული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ swedinfo.ru-ს მასალა კომპანიის განმარტებას შეიცავს, სტატიას მანიპულაციური სათაური აქვს (“შვედეთში ჰიჯაბი ქრისტიანულ ჯვარზე მნიშვნელოვანი გახდა” В Швеции хиджаб стал важнее христианского креста), რაც ქმნის დიქოტომიას, თითქოს ევროპაში ისლამს ქრისტიანობასთან მიმართებით უპირატესობას ანიჭებენ.

Whois Lookup-ის მიხედვით, ვებ-გვერდი 2020 წლის მაისში შეიქმნა, მისი IP მისამართი კი გერმანიის ქალაქ გუნზენჰაუზენშია.

;

აღსანიშნავია, რომ EU VS DISINFO-ს ვებ-გვერდზე swedinfo.ru შვედეთის შესახებ 2 დეზინფორმაციული სტატიის წყაროდ არის მოხსენიებული.


არქივის ბმული: საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: შვედეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist