რას ფიქრობდა აინშტაინი ისრაელ-პალესტინურ კონფლიქტზე და რა ციტატა ვრცელდება მისი სახელით?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

133
VIEWS


შესწორება: მასალაში შევიდა შესწორება ალბერტ აინშტაინის აშშ-ში გადასვლის თარიღზე და თავდაპირველად შეცდომით მითითებული 1943 წელი შეიცვალა 1933 წლით.

31 ოქტომბერს ფეისბუქ-გვერდმა Politicano • პოლიტიკანო გამოაქვეყნა ფიზიკოს-თეორეტიკოსის, ალბერტ აინშტაინის ციტატა, რომლის მიხედვითაც მისთვის უდიდესი ტკივილი იქნებოდა „თუ სიონისტები იგივეს გაუკეთებდნენ პალესტინელ არაბებს, რაც ნაცისტებმა გაუკეთეს ებრაელებს“. პოსტის აღწერაში ვკითხულობთ: „ალბერტ აინშტაინს, რომელიც ეთნიკური ებრაელი იყო, მაგრამ არ გააჩნდა ისრაელის მოქალაქეობა, 1952 წელს შეთავაზეს ისრაელის პრეზიდენტობა, მაგრამ მან უარი განაცხადა.“

ainshtaini რას ფიქრობდა აინშტაინი ისრაელ-პალესტინურ კონფლიქტზე და რა ციტატა ვრცელდება მისი სახელით?

ღია წყაროებში არ იძებნება მტკიცებულება, რომ ალბერტ აინშტაინმა ისრაელ-პალესტინურ კონფლიქტთან დაკავშირებით მსგავსი განცხადება გააკეთა.  

 ციტატა, რომელსაც ალბერტ აინშტაინს მიაწერენ, არცერთი სანდო და ღია წყაროთი არ იძებნება. ასევე, მსგავსი შინაარსის ტექსტი არ გვხვდება მის არცერთ გასაჯაროებულ წერილში.   

აინშტაინ არ ფარავდა საკუთარ დამოკიდებულებას ისრაელ-პალესტინის საკითხთან დაკავშირებით. 1942 წლით არის დათარიღებული აინშტაინის წერილი, რომელშიც წერს, რომ არაბებთან გულწრფელი, გაგების პოლიტიკის მომხრეა, რომელიც მიმართული იქნება პრობლემების გადაჭრისკენ.

ainshtaini1 რას ფიქრობდა აინშტაინი ისრაელ-პალესტინურ კონფლიქტზე და რა ციტატა ვრცელდება მისი სახელით?
აინშტაინის წერილი. ფოტო: Shapell Manuscript Foundation

ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ჯავაჰარლალ ნერუსთან მიწერილ წერილში აინშტაინი აღნიშნავს, რომ სიონიზმი მისთვის უხეში შეცდომის გამოსწორების საშუალებაა.  1946 წელს გამოქვეყნებულ წერილში კი წერს, რომ მისთვის პალესტინა ებრაული მიწის ნაწილია და არ არის მომხრე, ის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ განვითარდეს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ პალესტინის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის 2/3 არ არის ებრაელი, შეუძლებელია ამ ტერიტორიაზე პოლიტიკური მმართველობა. სწორედ ამიტომ, აინშტაინი გამოთქვამს იდეას დაცული, ორეროვნული სტატუსის შემოღებაზე პალესტინის ტერიტორიაზე თავისუფალი მიგრაციის უფლებით. აქვე უსვამს ხაზს, რომ სიონისტების მიერ მეტი ძალაუფლების მოთხოვნა მათსავე საქმეს აყენებს ზიანს.  

ainshtaini2 რას ფიქრობდა აინშტაინი ისრაელ-პალესტინურ კონფლიქტზე და რა ციტატა ვრცელდება მისი სახელით?
აინშტაინის წერილი. ფოტო: Shapell Manuscript Foundation

აინშტაინისთვის ისრაელის სახელმწიფოს შექმნა ებრაელების წინააღმდეგ ჩადენილი არაერთი არაჰუმანური ქმედების გამოსწორების მცდელობა იყო, თუმცა მაშინდელი პოლიტიკური პარტია „Freedom Party” და მისი ლიდერი მენახემ ბეგინი მისთვის მიუღებელ პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენდა. 1948 წლით თარიღდება New York Times-ში გამოქვეყნებული ალბერტ აინშტაინის წერილები, რომლებშიც ფიზიკოსი მკვეთრად აკრიტიკებს აღნიშნულ პარტიას და მას ”ნაცისტურ და ფაშისტურ პარტიებთან მიმსგავსებულს“ უწოდებს.

რაც შეეხება ალბერტ აინშტაინის მიერ ისრაელის სახელმწიფოს პირველ პრეზიდენტობაზე უარის თქმას, პრემიერ-მინისტრმა დავიდ ბენ-გურიონმა ფიზიკოსს ნამდვილად შესთავაზა ამ მნიშვნელოვანი თანამდებობის დაკავება. პრინსტონის უნივერსიტეტში მცხოვრებ მეცნიერს ისრაელის საელჩომ ოფიციალური ტელეგრამი გაუგზავნა აღნიშნული შეთავაზებით. ალბერტ აინშტაინმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ რამდენადაც ის აღფრთოვანებული იყო წინადადებით, მისი მიღება არ შეეძლო. აინშტაინი აცხადებდა: „მთელი ჩემი ცხოვრება ობიექტურ საკითხებს დავუკავშირე და, შესაბამისად, ადამიანებთან სათანადოდ მოქცევისა და ოფიციალური ფუნქციების განხორციელების ბუნებრივი ნიჭი და გამოცდილება არ მაქვს”. პრეზიდენტობაზე უარის თქმის შესახებ პოსტის აღწერაში აღნიშნული ფაქტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აინშტაინს თანამდებობის დაკავების სურვილი ისრაელისადმი წინააღდმეგობის გამო არ ჰქონდა. რეალურად, მისთვის ნაცისტურ ქმედებებთან ასოცირდებოდა ისრაელის ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი და არა ისრაელის სახელმწიფო.  

რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, აინშტაინი აშშ-ის მოქალაქე 1940 წლის 1 ოქტომბერს გახდა. 1933 წელს, ჰიტლერის ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ, ის ნაცისტებს აშშ-ში გაექცა.

გავრცელებულ ციტატაზე 2022 წელს HonestReporting-იც წერდა, რომელიც ისრაელთან დაკავშირებით მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ აინშტაინი ისრაელის პოლიტიკის გარკვეულ ასპექტებს აკრიტიკებდა, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის გავრცელებული გამონათქვამის ავტორია. 


თამთა მაზანაშვილი
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, პალესტინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist