რა ვიცით ჯიმ კავიზელის განცხადებებსა და მის კავშირზე ფილმ “თავისუფლების ხმასთან”?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

1.2k
VIEWS

2023 წლის 24 ივლისს, ფეისბუქ ანგარიშმა “ნინო ნინო-მ” გამოაქვეყნა ნაწყვეტი “თავისუფლების ხმის” ფილმის მსახიობ ჯიმ კავიზელის ინტერვიუდან. პოსტის აღწერაში  ავტორი ამტკიცებს, რომ ფილმი ასახავს ბავშვთა ტრეფიკინგის რეალურ საერთაშორისო სისტემას, რომელშიც ჩართულნი არიან მაღალი თანამდებობის მქონე პირები, ე.წ. ელიტები. ავტორი, ასევე, ციტირებს მსახიობ ჯიმ კავიზელს, ხოლო ფილმს ორგანოებითა და ადრენოქრომიით – ბავშვების სხეულებიდან მიღებულ ნივთიერებით ვაჭრობას უკავშირებს.

ადრენოქრომის თემასთან დაკავშირებით, 2023 წლის 21 ივლისს ფეისბუქ ანგარიშმა “მაია თვალთვაძე-მ” გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატიის ”ადრენოქრომისა და ეპინეფრინის ზემოქმედება ადამიანის არტერიული ენდოთელური უჯრედების ლაბორატორიულ სინჯზე” ე.წ. სქრინშოთი. პოსტის აღწერის მიხედვით, ფეისბუქ მომხმარებელი სტატიას იყენებს, როგორც მტკიცებას, რომ ადრენოქრომი შეთქმულების თეორია არ არის.

იგივე ინფორმაცია გაავრცელა რამდენიმე რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშმა (1, 2, 3).

Screenshot 2023 08 02 150337 რა ვიცით ჯიმ კავიზელის განცხადებებსა და მის კავშირზე ფილმ “თავისუფლების ხმასთან”?

პოსტები მცდარ ინფორმაციას და კონსპირაციულ თეორიებს შეიცავს, რეალურად:

  • მართალია, ფილმი “თავისუფლების ხმა” ბავშვებით ვაჭრობასა და მათ სექსუალურ ექსპლუატაციაზეა, თუმცა ფილმში არ არის ნახსენები ადრენოქრომი ან მასთან ასოცირებული თეორიები. ფილმის შემქნელებმა და Angels Studio-მ საჯაროდ უარყვეს კავშირი ამ კონსპირაციასთან. 
  • პაბმედის სტატიაში საუბარია იმაზე, თუ რა გავლენა აქვს ადრენოქრომს ადამიანის არტერიულ ენდოთელურ უჯრედებზე ლაბორატორიულ პირობებში. სამეცნიერო საზოგადოება არ უარყოფს ადრენოქრომის არსებობას, თუმცა მისი გამოყენების მიზნობრიობაზე მტკიცებები უსაფუძვლოა და შეთქმულების თეორიის ნაწილია.

რაზეა ფილმის “თავისუფლების ხმის” სიუჟეტი?

ფილმი მოგვითხრობს სახელმწიფო უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახურის აგენტ ტიმ ბალარდიზე, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიის შემთხვევებზე მუშაობს. ერთ-ერთი დაკავების შემდეგ, აგენტი ბალარდი დაკავებული პირის ნდობის მოსაპოვებლად თავს პედოფილად გაასაღებს და გამოტყუებს მას ერთ-ერთი სექს-ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვის, მიგელის, ვინაობასა და ადგილსამყოფელს. დაახლოებით 3 თვით ადრე მიგელი და მისი და, როსიო, გაიტაცეს და გაყიდეს ჰონდურასიდან, მას შემდეგ რაც მათ მამას, რობერტოს დაეკონტაქტა ვინმე ჯიზელი და შვილებისთვის სამოდელო კარიერას დაპირდა. მიგელის განთავისუფლებისთანავე, აგენტი ბალარდი მიზნად ისახავს როსიოს პოვნასა და სხვა სექს-ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვების გათავისუფლებას. გამოძიება მას კარტახენაში (კოლუმბია) მიიყვანს, სადაც იგი ნარკოტიკების ყოფილ ბუღალტერთან და კოლუმბიელ პოლიციელთან ერთად შექმნის სქემას ბავშვთა მოვაჭრეების შესატყუებლად. ბალარდი აფუძნებს სექს კლუბს, სადაც გატაცებულ არასრულწლოვნებთან ერთად, თანამშრომლობისთვის პატიჟებს მოვაჭრეებს, მათ შორის ჟიზელს, რომელმაც უშუალოდ უხელმძღვანელა მიგელისა და როსიოს მოტაცების ოპერაციას. ბალარდის სქემა წარმატებულად მთავრდება. მისი ეგიდით, აპატიმრებენ ყველა დამნაშავეს და ათავისუფლებენ 54 ბავშვს. ფილმის ბოლოს, მაყურებელი ხედავს ტიმ ბალარდის ოპერაციების კადრებსა და კონგრესის წინაშე მის ჩვენებას. აღსანიშნავია, რომ ფილმის მთავარი პერსონაჟი ტიმ ბალარდი რეალური ადამიანია, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობდა და ბავშვების ტრეფიკინგის აღმკვეთ ოპერაციებს ხელმღვანელობდა, თუმცა თავად ფილმი მხატვრული ჟანრისაა და არა დოკუმენტური.

რა არის ადრენოქრომი?

გამოცემა Spinoff-ის თანახმად, ადრენოქრომი ქიმიური ნაერთია, რომელიც ადრენალინის ოქსიგენაციით (ჟანგბადთან მიერთებით) მიიღება. სურსათისა და წამლების ადმინისტრაციას (FDA) ნივთიერების გამოყენებაზე ნებართვა არ გაუცია, თუმცა თუმცა მკვლევრებს 25 მგ-ს შეძენა 55 დოლარად შეუძლიათ. ამერიკის მიღმა, ზოგიერთ ქვეყანაში აღნიშნულ ნივთიერებას ექიმები სისხლის შედედების მიზნით იყენებენ. 

კონსპირაციული თეორიის თანახმად, სატანის თაყვანისმცემელი გლობალური და ჰოლივუდის ელიტები ხელმძღვანელობენ ბავშვთა ვაჭრობის სისტემას, რათა გამოიყენონ მათი სისხლი და მიიღონ ქიმიური ნივთიერება ადრენოქრომი, რომელიც გაახალგაზრდავებს  მათ. კონსპირაციას მხარს უჭერს მოძრაობა QAnon-ის წევრები.  მათი რწმენით, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ჰოლივუდის ელიტა და სხვა ცნობილი ადამიანები სატანისტ პედოფილთა ამ საიდუმლო ჯგუფის წევრები არიან. 

ფილმის შემქნელები მსახიობ ჯიმ კავიზელის განცხადებებს ემიჯნებიან

მსახიობი ჯიმ კავიზელი, რომელიც “თავისუფლების ხმაში” აგენტ ტიმ ბალარდის როლს ასრულებს, ემხრობა ადრენოქრომსა და ბავშვთა ტრეფიკინგის თემაზე არსებულ კონსპირაციულ თეორიას. ფილმის თაობაზე გამართულ პრეს-შეხვედრების დროს ის ამტკიცებდა, თითქოს  ბავშვებით მოვაჭრეები ბავშვების სისხლს იღებენ, რათა მიიღონ “სიცოცხლის ელექსირი” –  ადრენოქრომი. იმისდამიუხედავად, რომ ფილმი რეალური პიროვნების ცხოვრებაზეა დაფუძნებული, სიუჟეტში განვითარებული მოველენები არ ასახავს ნამდვილ კონკრეტულ ისტორიას. მართალია, ფილმი ბავშვებით ვაჭრობასა და მათ სექსუალურ ექსპუალატაციაზეა, თუმცა “თავისუფლების ხმაში” არ არის ნახსენები ადრენოქრომი ან მასთან ასოცირებული თეორიები. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ფილმის შემქნელებმა და Angels Studio-მ საჯაროდ უარყვეს ნებისმიერი კავშირი ამ კონსპირაციასთან. შესაბამისად, ფილმის გამოგონილი სიუჟეტის არანაირ კავშირში არ არის ზემოთხსენებულ კონსპირაციასთან. 

ადრენოქრომის კონსპირაცია და პაბმედზე განთავსებული კვლევა

სამეცნიერო სტატიაში ”ადრენოქრომისა და ეპინეფრინის ზემოქმედება ადამიანის არტერიული ენდოთელური უჯრედების ლაბორატორიულ სინჯზე” საუბარია  ლაბორატორიულ პირობებში კულტივირებულ ჭიპლარის არტერიულ ენდოთელურ უჯრედებზე. კვლევის შედეგეში გამოიკვეთა, რომ ზუსტი მოცემულობით ადრენოქრომი აფერხებს თიმიდინის ინკორპორაციას, ამცირებს ცილის შემცველობას, ასტიმულირებს ქოლესტერინის ათვისებას და ამცირებს პროსტაციკლინის წარმოებას. ამასთან შედარებით, ეპინეფრინს დაჭირდა 24 საათი, რათა შეეფერხებინა თიმიდინის ინკორპორაცია და პროსტაციკლინის წარმოება. ორი ნივთიერებიდან, ადრენოქრომი და ეპინეფრინი, არცერთი მოქმედებს ლიპიდების პეროქსიდაციაზე. ხსენებული კვლევა არ შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორც “ადრენოქრომის კონსპირაციის თეორიის” მტკიცებულება, ვინაიდან სამეცნიერო საზოგადოება არ უარყოფს მის არსებობას. მეტიც, ამერიკაში მკვლევრებს 25 მგ-ს შეძენა 55 დოლარად შეუძლიათ, თუმცა თავად კონსპირაციული თეორია საუბრობს არა ამ ნივთიერების ზოგად არსებობაზე, არამედ იმაზე თუ როგორ და რისთვის იღებენ მას. აღსანიშნავია, რომ ბავშვთა ტრეფიკინგის თემა რეალურია და მსგავს შემთხვევებს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ, თუმცა არ არსებობს რაიმე მტკიცებულება ან საფუძვლიანი ეჭვი, რომ ცნობილი ადამიანები ბავშვების ორგანიზმიდან აღებულ სითხეს გაახალგაზრდავებისთვის იყენებენ და ამისთვის ბავშვებს იტაცებენ.

ვრცლად აღნიშნული კონსპირაციის თეორიის წარმომავლობის შესახებ იხილეთ:

წყაროების შესახებ

ფეისბუქ მომხმარებლებს ნინო ნინო-სა და მაია თვალთვაძეს, რომლებიც ადრენოქრომის კონსპირაციულ თეორიაზე ინფორმაციას აქვეყნებენ, წარსულშიც გაუვრცელებიათ დეზინფორმაცია (1,2,3,4). მათ მიერ გამოქვეყნებული მცდარი პოსტები გადამოწმებულია “მითების დეტექტორის” მიერ.

Screenshot 2023 08 02 150741 რა ვიცით ჯიმ კავიზელის განცხადებებსა და მის კავშირზე ფილმ “თავისუფლების ხმასთან”? Screenshot 2023 08 02 150747 რა ვიცით ჯიმ კავიზელის განცხადებებსა და მის კავშირზე ფილმ “თავისუფლების ხმასთან”?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist