რა წერია BBC-ის სტატიაში უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობაზე და რას ამტკიცებს დემურ გიორხელიძე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

757
VIEWS

30 აპრილს ყოფილმა პარლამენტის წევრმა, დემურ გიორხელიძემ უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. გიორხელიძე წერს, რომ უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ დაღუპული რუსი სამხედროების საერთო რაოდენობა 1899-ს შეადგენს და ამ ინფორმაციას იგი BBC-ზე დაყრდნობით ავრცელებს. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ BBC-ის მოხალისეების ჯგუფი გარდაცვლილი რუსი სამხედროების რაოდენობას უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან აღრიცხავს, ხოლო ქართული ტელევიზიები არასწორ სტატისტიკას ავრცელებენ.

Screenshot 1 2 რა წერია BBC-ის სტატიაში უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობაზე და რას ამტკიცებს დემურ გიორხელიძე?

სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი სიმართლეს არ შეესაბამება. BBC-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები არა უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების საერთო რაოდენობას, არამედ იმ სამხედროთა რაოდენობას ასახავს, რომელთა იდენტიფიცირებაც ღია წყაროებზე დაყრდნობით BBC-ის რუსულმა სამსახურმა შეძლო.

უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების შესახებ 29 აპრილს BBC-ის რუსულმა სამსახურმა სტატია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: “BBC-ის ახალი კვლევა, რამდენი რუსი სამხედრო დაიღუპა უკრაინასთან ომში?”.  მასალის შესავალ ნაწილში ნათქვამია, რომ BBC-მ ღია წყაროებზე დაყრდნობით უკრაინასთან საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული 1899 რუსი სამხედროს სახელი და გვარი დაადგინა.

Screenshot 2 1 რა წერია BBC-ის სტატიაში უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობაზე და რას ამტკიცებს დემურ გიორხელიძე?
წყარო: BBC

BBC-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები იმ სამხედროთა რაოდენობას ასახავს, რომელთა იდენტიფიცირებაც ღია წყაროებზე დაყრდნობით BBC-ის რუსულმა სამსახურმა შეძლო. 

BBC-ის მასალაში არსად არის აღნიშნული, რომ ეს რიცხვი უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების სრულ რაოდენობას წარმოადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ BBC-ის კვლევა მხოლოდ იმ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეფუძნება, რომლებიც დაღუპულთა შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, მათ შორის სამხედროების სრულ სახელსა და გვარს, წოდებას და დაკრძალვის ადგილს შეიცავდა. სტატიაში ასევე აღნიშნულია ისიც, რომ რუსეთის ზოგიერთ რეგიონში ჟურნალისტები და დაღუპულთა ახლობლები ადგილობრივი ადმინისტრაციის მხრიდან მათზე ზეწოლის შემთხვევებზე საუბრობდნენ. ადგილობრივი ადმინისტრაციები მოითხოვდნენ, რომ ინფორმაცია დაკრძალული ჯარისკაცების და ოფიცრების შესახებ არ გამოექვეყნებინათ; BBC-ის თანახმად, უკრაინაში დაღუპულ სამხედროთა გვარებს ასახელებდნენ რუსეთის რეგიონების ადმინისტრაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი მედიები და ის დაწესებულებები, სადაც ჯარისკაცები სწავლობდნენ. რამდენიმე გვარის დადგენა BBC-ის რუსულმა სამსახურმა იმ მოხალისეების საშუალებით შეძლო, რომლებმაც სასაფლაოებზე 2022 წლის მარტსა და აპრილში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ახალი საფლავები აღმოაჩინეს. 

BBC-ის კვლევით დადგინდა, რომ დაღუპულთა 19%-ს სხვადასხვა წოდება – უმცროსი ლეიტენანტიდან გენერალამდე ჰქონდა. იდენტიფიცირებულ დაღუპულთა დაახლოებით 20% საჰაერო სადესანტო ჯარებში მსახურობდა და მათი უმეტესობა რუსეთის დეპრესიულ ან ნახევრად დეპრესიულ რეგიონებში ცხოვრობდა. იდენტიფიცირებული პირებიდან ყველაზე მეტი მსხვერპლი დაღესტანიდან (მინიმუმ 130 დაღუპული) და ბურიატიდან (მინიმუმ 90 დაღუპული) დაფიქსირდა. მსხვერპლი რუსეთის ორი რეგიონის (ნენთა ავტონომიური ოკრუგი და იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგი)გარდა ყველა რეგიონში დაფიქსირდა.

მასალის ბოლო ნაწილში, დაღუპული რუსი სამხედროების შესახებ წარმოდგენილია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებული მონაცემები.  BBC-ის თანახმად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დანაკარგების შესახებ ოფიციალურად ბოლოს 25 მარტს განაცხადა და მათი ინფორმაციით, უკრაინაში მხოლოდ 1351 სამხედრო დაიღუპა. უკრაინის შეიარაღებული ძალები გაცილებით დიდ რიცხვს ასახელებს და, მათი თქმით, უკრაინაში ომის დროს 20 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

ჯერ კიდევ მარტის ბოლოს, ნატოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, უკრაინაში ექვსი კვირის განმავლობაში რუსეთს 7 000-დან 15 000-მდე ჯარისკაცი ჰყავდა დაკარგული.  უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ 2 მაისს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 თებერვლიდან 3 მაისის ჩათვლით პერიოდში უკრაინაში დაახლოებით 24 200 რუსი სამხედრო დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 25 მარტის შემდეგ უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების შესახებ  განახლებული ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

წყაროს შესახებ

დემურ გიორხელიძე 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი”. ბოლო პერიოდში იგი პრორუსული პარტიის “კონსერვატიული მოძრაობის” მიერ დაფუძნებული ტელევიზიის “ალტ-ინფოს” გადაცემების ხშირი სტუმარია.

Screenshot 3 1 რა წერია BBC-ის სტატიაში უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობაზე და რას ამტკიცებს დემურ გიორხელიძე?
გიორხელიძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია. უფრო ვრცლად იხილეთ მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist