რა ფინანსური დახმარება გაუწია ევროკავშირმა საქართველოს ბიზნესის და სხვა სფეროების მიმართულებით?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

190
VIEWS

5 ივლისს ტელეკომოპანია ობიექტივის გადაცემის “სტუდია 8” ეთერში, მოწვეულმა სტუმარმა მანანა ნიკოლაიშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მისცემენ და ეს დიდი ხნის წინაც ასე იყო დაგეგმილი. მანანა ნიკოლაიშვილი მიზეზებად იმ ფაქტს ასახელებს, რომ ევროკავშირი საქართველოს არ დახმარებია, მაშინ, როდესაც 2014 წელს ევროკავშირმა უკრაინას 15 მილიარდი დოლარი გამოუყო, ახლა კი მოლდოვას  საწარმოების, რკინიგზის, ტრანსპორტის, განათლების სისტემის და სხვა სფეროების მოდერნიზებისთვის მილიონობით ევროს აძლევს. მისი თქმით, როდესაც საქართველომ დადო ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირს არც განათლების სისტემის, არც საწარმოების მოდერნიზებისთვის, არაფერი მოუცია. ნიკოლაიშვილის განცხადებით, ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ევროკავშირში მიღება არასოდეს განიხილებოდა. 

Screenshot 2023 07 24 140852 რა ფინანსური დახმარება გაუწია ევროკავშირმა საქართველოს ბიზნესის და სხვა სფეროების მიმართულებით?

მტკიცება იმის შესახებ, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის შემდეგ ევროკავშირს საქართველოსთვის ფინანსური დახმარება არ გაუწევია, სიმართლეს არ შეესაბამება. ევროკავშირი საქართველოსთვის ყოველწლიურად დაახლოებით 120 მილიონი ევროს რაოდენობის გრანტს გამოყოფს ისეთი სფეროების გასაძლიერებლად, როგორებიცაა: მცირე და საშუალო ბიზნესები, ეკონომიკის განვითარება, განათლება, მედია, ადამიანის უფლებები და დემოკრატია და სხვა. 

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველომ 2014 წელს გააფორმა და 2016 წელს შევიდა ძალაში. დოკუმენტის მიზანი საქართველო-ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და გამარტივებაა, რაც უნდა მოხდეს რეგულაციებისა და წარმოების სტანდარტების ერთმანეთთან მაქსიმალურად დაახლოებით. ხელშეკრულებაში წერია, რომ რეფორმების იმპლემენტაციის მიზნით, ევროკავშირი მზად არის საქართველოს დასახმარებლად გამოიყენოს მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის ფინანსური დახმარებები.

Screenshot 2023 07 24 140858 რა ფინანსური დახმარება გაუწია ევროკავშირმა საქართველოს ბიზნესის და სხვა სფეროების მიმართულებით?
ამონარიდი ასოცირების ხელშეკრულებიდან

ევროკომისიის მიხედვით, ევროკავშირი საქართველოს ყოველწლიურად დაახლოებით 120 მილიონი ევროს გრანტებით ეხმარება. მათივე ინფორმაციით, კონკრეტულად 2014-2020 წლებში ამ ფინანსურმა დახმარებამ 938.4 მილიონი ევრო შეადგინა, რაც სხვადასხვა სფეროებზე გადანაწილდა.

Screenshot 2023 07 24 140904 რა ფინანსური დახმარება გაუწია ევროკავშირმა საქართველოს ბიზნესის და სხვა სფეროების მიმართულებით?

ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, 2015 წელს, რიგის სამიტზე ასევე გადაწყდა, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის გამოყოფილიყო 200 მილიონი დოლარის გრანტი, რომელიც გადანაწილდებოდა 10 წელზე და ის იქნებოდა მიმართული მცირე და საშუალო ბიზნესების/საწარმოების განვითარებაზე. ევროკავშირის გათვლებით, აღნიშნული გრანტები საბოლოოდ ამ ქვეყნებისათვის მინიმუმ 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მოიზიდავდა და მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ეკონომიკას. წლიური სამოქმედო პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის 2014 წელს გამოიყო 101 მილიონი ევრო, რომლის ნაწილიც საწარმოების დასახმარებლად იყო განკუთვნილი.

ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში დაფინანსდა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა (სრიგპ), რომელიც 4 რეგიონს მოიცავს: კახეთი, იმერეთი გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 220 მილიონია, საიდანაც 186 მილიონი ევროკავშირის მიერაა გამოყოფილი. მის ფარგლებში მოხდა გზების რეაბილიტაცია, სტადიონების მშენებლობა, ტურიზმის ცენტრების გახსნა, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია/მშენებლობა და სხვა. 

EU Skills4jobs პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში, საქართველოსთვის 2018 წელს გამოიყო 48,85 მილიონი ევრო, რომლის ნაწილიც პროფესიული განათლების სფეროს ხმარდება, მოსახლეობის უნარ-ჩვევების და შემდგომში მათი დასაქმების შანსების გაზრდის მიზნით. 

2021 წლიდან ამოქმედდა სამეზობლოს, განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტი, რომლის მიზანია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება. მის ფარგლებში 2021-2024 წლებში საქართველო მიიღებს 340 მილიონი ევროს გრანტს, რომელიც  5 პრიორიტეტულ სფეროზე გადანაწილდება. 

Screenshot 2023 07 24 140911 რა ფინანსური დახმარება გაუწია ევროკავშირმა საქართველოს ბიზნესის და სხვა სფეროების მიმართულებით?

ევროკავშირი საქართველოს კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაშიც ეხმარებოდა და ქვეყანას 250 მილიონი დოლარის გრანტი გამოუყო, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც განსაზღვრული იყო მცირე და საშუალო საწარმოების დასახმარებლად. 

კოვიდ-19-თან საბრძოლველად გამოყოფილი გრანტების შესახებ ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის სტატიაში:

რაც შეეხება უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას, რაზეც “ობიექტივის” ეთერშია საუბარი, 2014 წელს ევროკავშირმა უკრაინას მართლაც შესთავაზა 15 მილიარდი დოლარის რაოდენობის დახმარება, რომელიც რამდენიმე წელზე იქნებოდა გადანაწილებული. თუმცა, აღინიშნა, რომ ამ დახმარების მხოლოდ ნაწილი იქნებოდა პირდაპირი გრანტები, დანარჩენი კი შეღავათიანი სესხის სახით იქნებოდა გაცემული. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან მოყვა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას და ამ პროცესების მიერ გამოწვეულ სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს. შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულებას დახმარების ამ პაკეტის გაცემასთან კავშირი არ ჰქონია. 

2022 წლის ივნისში გამართულ სამიტზე ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ოფიციალურად მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ არ დაკმაყოფილდა საქართველოს ანალოგიური მოთხოვნა. ევროპული ორგანიზაციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ამ ეტაპზე აქვს გარკვეული პოლიტიკური პრობლემები და გასაუმჯობესებელია კონკრეტული სფეროები. მათ აღნიშნეს, რომ ისინი დარწმუნებულები არიან ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაში, რის შედეგადაც ევროკომისიამ შექმნა 12 პუნქტიანი პრიორიტეტის სია, რომლის შესრულების შემთხვევაშიც საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist