რა მანიპულაციური მტკიცებები ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე სეზონი TV-ის ეთერში?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

74
VIEWS

6 სექტემბერს ტელეკომპანია სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ და მოწვეულმა სტუმარმა, “მემარცხენე ალიანსის” ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა ევროკავშირის შესახებ ისაუბრეს. მათი მტკიცებით, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნების მოსახლეობა შემცირდა და პრაქტიკულად მესამედიღაა დარჩენილი, ბულგარეთსა და რუმინეთში საწარმოები გაჩერებულია, აღარ გამოდის ბულგარული კონსერვები და ევროკავშირმა აიძულა ბულგარეთი, უარი ეთქვა ღვინის წარმოებაზე, რომელსაც ქვეყანა წევრობამდე ძალიან დიდი რაოდენობით აწარმოებდა და ექსპორტზეც გაჰქონდა.

bulgarethi რა მანიპულაციური მტკიცებები ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე სეზონი TV-ის ეთერში?

ნიკოლოზ მჟავანაძე და სოსო შატბერაშვილი გადაცემაში დაუსაბუთებელ, მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ და ფაქტებით მანიპულირებენ.

  • ბალტიის ქვეყნების მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ მართლაც შემცირდა, თუმცა ეს პროცესი წევრობამდე, 1990 წელს დაიწყო და მცდარია იმის მტკიცებაც, რომ ამ ქვეყნებში მოსახლეობის მხოლოდ მესამედია დარჩენილი. 
  • ბულგარეთში ღვინის წარმოების პრობლემები საბჭოთა კავშირის დაშლისა და კომუნისტური წყობის მოშლისას დაიწყო, რის შემდეგაც ქვეყანაში გადაწყვიტეს რაოდენობის მაგივრად ხარისხზე გაეკეთებინათ აქცენტი. ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2021 წელს წარმოებულმა ღვინის რაოდენობამ 837,467 ჰექტოლიტრი შეადგინა.
  • ბულგარეთში კონსერვების წარმოება არ შეჩერებულა. ქვეყანაში 20-მდე კომპანიაა ჩართული ამ სფეროში, რომელთა ნაწილი თავადვე აწარმოებს დაკონსერვებულ საქონელს. რუმინეთში კი წარმოების (manufacturing) მაჩვენებელმა 2007-2022 წლებში 36-დან 57 მილიარდ დოლარამდე მოიმატა.
  1. რამდენით შემცირდა ბალტიის ქვეყნების მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ?

საერთაშორისო სტატისტიკის მონაცემემთა ბაზის Statista-ს ინფორმაციით, 2005 წელს ესტონეთის მოსახლეობა 1 356 000,   ლიეტუვის- 3 344 000,  ხოლო ლატვიის  2 252 000-ს შეადგენდა, 2020 ეს მაჩვენებლები შესაბამისად 1 327 00, 2 722 000, 1 886 000 ადამიანს გაუტოლდა, რაც ლიეტუვისა და ლატვიის შემთხვევაში მართლაც მნიშვნელოვან ცვლილებას ასახავს, თუმცა ეს რიცხვები ახლოსაც არაა შატბერაშვილის მიერ ნახსენებ მონაცემებთან. 2018 წლის მონაცემებით 2000 წელთან შედარებით, ლატვია და ლიეტუვა მოსახლეობის შემცირების რაოდენობით მსოფლიო რეიტინგის სათავეში აღმოჩნდნენ შესაბამისად 18.2% და 17.5%-ით. საგულისხმოა, რომ ამავე რეიტინგში მათ შემდეგ საქართველო მოდიოდა მოსახლეობის 17.2%-იანი კლებით. ამ ყველაფრის მიზეზებად პოლიტიკოს სტატიაში მაღალ მიგრაციასთან ერთად შობადობის დაბალ და სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებლებს ასახელებენ. უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის კლება ამ ქვეყნებში 1990 წელს დაიწყო, ევროკავშირში გაწევრიანებამდე 14 წლით ადრე.

bulgarethi1 რა მანიპულაციური მტკიცებები ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე სეზონი TV-ის ეთერში?

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში აღნიშნული ტენდენცია იცვლება, რის შედეგადაც 2015-2020 წლებში ესტონეთის მოსახლეობა გაიზარდა. 2020 წელს კოვიდთან და ბრექსიტთან დაკავშირებული მოვლენების ფონზე, ლიეტუვაში ლიეტუველების მიგრაციის მაჩვენებელი დადებითი აღმოჩნდა და ქვეყანაში წასულებთან შედარებით 5 500 ადამიანით მეტი დაბრუნდა. რაც შეეხება ლატვიას, მოსახლეობის კლების ტენდენცია იქ კვლავ გრძელდება, თუმცა იმატებს იმიგრაციის რაოდენობაც, საიდანაც დაახლოებით ნახევარი უკან დაბრუნებული ლატვიელები არიან.  

  • ბულგარეთში ღვინის წარმოებაზე პრობლემები ევროკავშირში წევრობამდე ბევრად ადრე დაიწყო

1970-იან წლებში ბულგარეთი ღვინის წარმოების რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილსაც კი იკავებდა და ძირითადად ამ ნაწარმს საბჭოთა კავშირში ყიდდა. სსრკ-ის დაშლისა და ქვეყანაში კომუნისტური მმართველობის დასრულების შემდეგ ღვინის ინდუსტრიის კოლაფსი მოხდა. ამავე დროს დაიწყო მიწების პრივატიზაციის პროცესიც და შედეგად ღვინის ინდუსტრიის თავიდან შენებას დიდი დრო დასჭირდა. პრივატიზაციისას ვენახები გადაეცა იმ ხალხის შთამომავლებს, ვისაც ეს ტერიტორიები 1944 წლამდე ეკუთვნოდათ, რამაც შექმნა დაბრკოლებები ინვესტორებისათვის. ამასთანავე, მაღალი ფასის თავიდან ასარიდებლად  მოსახლეობის დიდი ნაწილი ყურძენს ადრეულად კრეფდა, რაც ღვინის ხარისხზე უარყოფითად ისახებოდა და შედეგად მწარმოებლებმა კლიენტების დიდი ნაწილი დაკარგეს. ბულგარეთის ღვინის ინდუსტრიის გადარჩენისათვის მთავარი აღმოჩნდა ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პროგრამები, განსაკუთრებით SAPARD, რომლის ფარგლებშიც 2002-2009 წლებში, ასეულობით მილიონი ევროს ინვესტიცია და პროექტები განხორციელდა, მათ შორის ღვინის წარმოების სფეროში. შედეგად, ეს ინდუსტრია მთლიანად შეიცვალა და დიდი რაოდენობის იაფფასიანი ღვინის წარმოების მაგივრად, შეიქმნა ბევრი მცირე და საშუალო ზომის კომპანია/ქარხანა, სადაც თანამედროვე სტანდარტებსა და ბაზარზე მორგებული პროდუქტი იწარმოება. ამ მიზეზთა გამო ნაწარმოები ღვინის რაოდენობის შემცირებამ გამოიწვია ვენახების რაოდენობის კლებაც. სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის კვლევის შედეგად, 2009-2018 წლებში ვენახების საერთო რაოდენობა 101,434-დან 64,400 ჰექტრამდე შემცირდა. 

bulgarethi2 რა მანიპულაციური მტკიცებები ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე სეზონი TV-ის ეთერში?
წყარო: ბულგარეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ბულგარეთში ვენახების კლების მიუხედავად, მოსახლეობამ 2021 წელს 178,302 ტონა ყურძენი მოკრიფა რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 12.1%-ით მეტია. ხოლო წარმოებული ღვინის რაოდენობამ 837,467 ჰექტოლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემებს 10.7%-ით აღემატებოდა. 

  • ბულგარეთში კონსერვების წარმოება არ შეჩერებულა

გადაცემაში ნიკოლოზ მჟავანაძემ ახსენა, რომ ბულგარეთსა და რუმინეთში საწარმოები გაჩერებულია, რასაც ის ევროკავშირში გაწევრიანებას აბრალებს. დამატებით, სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, რომ ბულგარეთში ადრე მრავალი კონსერვი იწარმოებოდა, თუმცა გაწევრიანების შემდეგ აღარც ბულგარული კონსერვები გამოდის. ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ამჟამად ქვეყანაში 20-მდე კომპანიაა ჩართული საკონსერვო ნაწარმით ვაჭრობის სფეროში და არაერთი მათგანი თავადვე აწარმოებს ამ პროდუქტს ბულგარეთის ტერიტორიაზე. 

ბულგარეთსა და რუმინეთს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები ევროკავშირის წევრობამდეც ქონდათ, რომლებიც დღემდე გრძელდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათი ეკონომიკა ყოველწლიურად ვითარდება. ამ სახელმწიფოებში 2007 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა საშუალო ხელფასები, შემცირდა უმუშევრობის დონე, 3ჯერ გაიზარდა მშპ ერთ სულ მოსახლეზე. ამასთანავე, რუმინეთში წარმოების (manufacturing) მაჩვენებელმა 2007-2022 წლებში 36-დან 57 მილიარდ დოლარამდე მოიმატა.

bulgarethi3 რა მანიპულაციური მტკიცებები ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე სეზონი TV-ის ეთერში?
მშპ და მშპ ერთ სულ მოსახლეზე ბულგარეთში 2006-2021 წწ. წყარო: Macrotrends.net
bulgarethi4 რა მანიპულაციური მტკიცებები ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე სეზონი TV-ის ეთერში?
მშპ და მშპ ერთ სულ მოსახლეზე რუმინეთში 2006-2021 წწ. წყარო: Macrotrends.net

აღნიშნულ საკითთან დაკავშირებით მითების დეტექტორი ადრეც წერდა. ვრცლად იხილეთ სტატიაში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist