რა დეზინფორმაციას ავრცელებს ლავროვი შავ ზღვაში ნატოს სამხედრო წვრთნებზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

79
VIEWS

9 ნოემბერს “სპუტნიკ საქართველომ” გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც გამოცემა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ციტირებს. ლავროვის განცხადებით, “ნატოს სამხედრო სწავლებები შავ ზღვაში ემსახურება აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სწრაფვას, გააძლიეროს რუსეთის შეკავების პოლიტიკა” და რომ “აღნიშნული მანევრების ჩატარებით ირღვევა რუსეთი-ნატოს ფუნდამენტური აქტის ძირითადი ნაწილი, ვინაიდან ნატო ვალდებულებას იღებდა, „არ გადაეადგილებინა თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურა აღმოსავლეთის მიმართულებით, ახალი წევრების ტერიტორიაზე“.

ლავროვის მტკიცება, რომ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული სამხედრო წვრთნების ჩატარებით ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტის ძირითადი ნაწილი ირღვევა, მცდარია. ნატო-რუსეთს შორის გაფორმებული ეს აქტი სამხედრო წვრთნების ჩატარებას არ კრძალავს და ამ დოკუმენტით ორივე მხარე იღებს ვალდებულებას, რომ შეინარჩუნებენ ისეთ სამხედრო შესაძლებლობებს, როგორიც ინდივიდუალური ან კოლექტიური ლეგიტიმური უსაფრთხოებისთვის არის საჭირო. გარდა ამისა, ნატოს მიერ აღებული ვალდებულება, არ განათავსოს არსებითი საბრძოლო ძალები ევროპაში,  განპირობებული იყო 1997 წელს არსებული და იმ პერსპექტივიდან პროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოთი. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი თავად რუსეთმა დაარღვია, რომელმაც ევროპის უსაფრთხოების გარემოს ცვლილება საკუთარი აგრესიული ქმედებებით მოახდინა.

ნატო-რუსეთს შორის დადებული დამფუძნებელი აქტი ორმხრივი ურთიერთობების, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების შესახებ 1997 წელს გაფორმდა. აღნიშნული შეთანხმებით, როგორც ნატო, ისე რუსეთი ვალდებულებებს იმ დროისთვის არსებული უსაფრთხოების პერსპექტივიდან იღებდნენ.

ნატო-რუსეთის დამფუძნებელ აქტში აღნიშნულია, რომ ნატოს არ აქვს არანაირი განზრახვა, გეგმა და მიზეზი, ახალი წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგებისა. ნატოს განზრახვას არ წარმოადგენს, ასევე,  ბირთვული პოზიციის ან ბირთვული პოლიტიკის რაიმე ასპექტის ცვლილება. ამასთანავე, ორივე მხარე იღებს ვალდებულებას, რომ შეინარჩუნებს იმ სამხედრო შესაძლებლობებს, რაც უსაფრთხოების ლეგიტიმურ საჭიროებებთანაა დაკავშირებული.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ნატო საკუთარი კოლექტიური თავდაცვისა და სხვა მისიების შესრულებას არა დამატებით მუდმივი საბრძოლო ძალების განთავსების მეშვეობით, არამედ არსებული სამხედრო ძალების მნიშვნელოვანი თავსებადობის, ინტეგრაციისა და გაძლიერების შედეგად განახორციელებს, რისთვისაც ალიანსი საჭირო ინფრასტრუქტურას გამოიყენებს. ამ კონტექსტში, [სამხედრო ძალების] გაძლიერება მოხდება საჭიროებისამებრ, “აგრესიის საფრთხის”, “სამშვიდობო მისიებისა” და “წვრთნების” შემთხვევაში. შესაბამისად, ალიანსის მიერ წინასწარ დაგეგმილი სამხედრო წვრთნების განხორციელება ნატო-რუსეთის ფუძემდებლურ აქტს არ არღვევს.

ნატო-რუსეთს შორის დადებული დამფუძნებელი აქტი თავად რუსეთმა დაარღვია. ამ შეთანხმების ხელმოწერით რუსეთმა პირობა დადო, რომ არ დაემუქრებოდა და არ გამოიყენებდა ძალას ნატოს მოკავშირეებისა და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ. მან ეს ვალდებულება დაარღვია, როცა 2008 წელს საქართველოში შეიჭრა და ქვეყნის 20% ის ოკუპაცია მოახდინა, ხოლო მცოცავი ოკუპაცია დღესაც მიმდინარეობს. გარდა ამისა, რუსეთმა 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსია განახორციელა და უკრაინაში სეპარატისტების იარაღითა და სამხედროებით მხარდაჭერას კვლავაც აგრძელებს. ამ ქმედებების საპასუხოდ, ნატომ მის აღმოსავლეთ ევროპული წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე როტაციული თავდაცვითი ქვედანაყოფები განათავსა, თუმცა აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ნატო-რუსეთის დამფუძნებელ აქტს, რადგან აღმოსავლეთის წევრების ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი საბრძოლო ძალების მუდმივი განლაგება არ ყოფილა.

მსგავსი ტიპის ბრალდებები რუსეთის მხრიდან ნატოს მისამართით ხშირად ისმის და ოფიციალური მოსკოვი ალიანსს ნატო-რუსეთს შორის ფუნდამენტური აქტისა და პირობის დარღვევაში ხშირად ადანაშაულებს.

იხილეთ მითების დეტექტორის მიერ მომზადებული მასალები აღნიშნულ თემაზე:

ამ თემაზე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ სტრატკომის საინფორმაციო პროექტი, EUvsDisinfo-ც, ხშირად წერს. ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტის დარღვევის შესახებ გამოვლენილი დეზინფორმაციის შემთხვევები EUvsDisinfo-ს პლატფორმაზე მოიცავს ისეთ ბრალდებებს, როგორებიცაა “ნატო დამფუძნებელი აქტს არღვევს”, “ნატომ დაარღვია პირობა, რომ აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდებოდა”, “შეთანხმების თანახმად, ნატოს არასდროს უნდა მიეღო ის ქვეყნები წევრებად, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება”.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ნატო, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist