29 აპრილს ჟურნალ “ქვაკუთხედის” რედაქტორმა ხათუნა საგინაშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ მის სოფელში აცრის შემდეგ პედაგოგი გარდაიცვალა. მისი თქმით, პედაგოგი გარდაცვალებამდე 20 დღით ადრე AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. 5 მაისის მონაცემებით პოსტს 285 გაზიარება აქვს.
პოსტის კომენტარებში ავტორი არ აკონკრეტებს სოფლის სახელს. ასევე არ აქვს მითითებული გარდაცვლილის ასაკი ან იდენტობა. ის არ პასუხობს შეკითხვას, რა განისაზღვრა ოფიციალურად გარდაცვალების მიზეზად, თუმცა წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, აცრის შემდეგ პედაგოგი კორონავირუსით დაავადდა.
ჟურნალ “ქვაკუთხედის” რედაქტორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კონკრეტულ მონაცემებს გარდაცვლილის ვინაობის ან ადგილის შესახებ არ შეიცავს, რაც ამ მონაცემების გადამოწმებას კონკრეტულ ინდივიდთან მიმართებით შეუძლებელს ხდის. საგინაშვილი უცნობი პირის გარდაცვალებას კორონავირუსის ვაქცინასთან მტკიცებულების გარეშე აკავშირებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის ვაქცინაციით გამოწვეული შესაძლო გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. პოსტში მოცემული ინფორმაციის სიმცირე კონკრეტული ვაქცინირებულის შემთხვევის გადამოწმებას ართულებს, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნავენ, რომ 5 მაისის მონაცემებით ვაქცინაციით გამოწვეული შესაძლო გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.
აღსანიშნავია, რომ ხათუნა საგინაშვილს კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია, რაზეც “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა:
- “ქვაკუთხედის” რედაქტორის კონსპირაციები დნმ-დან ლუციფერაზამდე
- სტივენ ჰოტსის დეზინფორმაციას ქართველი ანტივაქსერები ავრცელებენ
- როგორია კოვიდ ვაქცინების შემადგენლობა და რა კავშირი აქვს დალესს ჯანმოსთან და Вечный зов-თან?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.