მოწყობილობის სიხშირეებით “პორტალის გახსნაზე” ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

91
VIEWS

2023 წლის 29 სექტემბერს მწერალმა Merab Ratishvili  გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მისი თქმით, კონკრეტული ადამიანის მიერ პორტალის გახსნას ასახავს. ვიდეოში ინგლისურად მოსაუბრე კაცის ხმა ისმის. პოსტის აღწერის თანახმად,  ვიდეოში მოსაუბრე პიროვნებამ ავსტრალიის ტყეში იპოვა „საგანი“, რომელსაც თუ სპეციალურ, 525 მეგაჰერცი სიხშირის ხმას დავუმატებთ, „მაშინ ეს ობიექტი იწყებს გახსნილი პორტალით სხვა სამყაროში გადასვლას“. ვიდეოში მამაკაცი ხსნის, რომ მოწყობილობა სხვა სიხშირეებზე სხვადასხვანაირად მოქმედებს, 528 ჰერცზე ცხადად ჩნდება მცირე ზომის “ბზარი” სივრცეში, ხოლო 525 ჰერცზე უკვე სრული პორტალი ჩნდება, რომლის მეორე მხარესაც არიზონას შტატში მდებარე ქალაქი სედონა მოჩანს.  

Screenshot 2023 10 13 121739 მოწყობილობის სიხშირეებით “პორტალის გახსნაზე” ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

გავრცელებული ვიდეო პროგრამულადაა დამუშავებული. მასში ნაჩვენები პორტალი სინამდვილეში არ არსებობს, ვიდეოში ნაჩვენები “ობიექტი” კი ჩვეულებრივი ბლუთუზ დინამიკია. 

  • გავრცელებული ვიდეო პირველად 2017 წელს გამოქვეყნდა

“პორტალის გახსნის”ვიდეო პირველად იუთუბზე მომხმარებელმა FunkyFatHead-მა 2017 წლის 24 აგვისტოს განათავსა, რომელიც მალევე წაიშალა, თუმცა, აღნიშნული სახელწოდებით იუთუბ-ანგარიშმა მსგავსი ვიდეოების გამოქვეყნება 2019 წლიდან კვლავ დაიწყო. 2021 წლის 31 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეოში, ავტორი ხაზს უსვამს, რომ ხმის გენერატორისა და დიდი ალბათობით, „ბლუთუზ დინამიკის“ გამოყენებით, მის თვალწინ პორტალი იხსნება, სადაც შემდეგ უკვე კარგად ჩანს ქალაქ სედონას კადრები.

მერაბ რატიშვილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო “FunkyFatHead”-მა საკუთარ იუთუბ-არხზე 2021 წელს ხელახლა განათავსა. მაღალი გარჩევადობის მქონე ვიდეოში ვხედავთ, რომ “საგანი”, რომელზეც მერაბ რატიშვილი ამახვილებს ყურადღებას ჩვეულებრივი ბლუთუზ დინამიკია და ამას არც ვიდეოების ავტორი უარყოფს.  გამოქვეყნებულ ვიდეოებში მას ყურადღება დინამიკის განსაკუთრებულობაზე არ გაუკეთებია. მეტიც, მისი მტკიცებით პორტალის გაჩენაზე ორი მთავარი ფაქტორი ახდენს გავლენას – მისი ოთახის ადგილმდებარეობა და ხმის სიხშირე. 

Screenshot 2023 10 13 121750 მოწყობილობის სიხშირეებით “პორტალის გახსნაზე” ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

  • გაყალბებული კადრები ვიდეოში – რა დეტალები მიუთითებს ამაზე?

ტექნიკური დეტალების სიცხადისთვის ვიდეოზე კომენტარის გაკეთება “მედიაჩეკერის” მთავარ რედაქტორს გიორგი გოგუას ვთხოვეთ. მისი თქმით, პირველი, რაც ამ ვიდეოს ნამდვილობას ეჭქვეშ აყენებს არის ის, რომ არ გვაქვს ვალიდური მტკიცებულებები, რომ პორტალები მართლაც არსებობს. შესაბამისად, ეს საკმარისი საფუძველია იმისა, დავეჭვდეთ, თუ როგორ მოახერხა ერთ-ერთმა იუთუბერმა პორტალის გახსნა სხვა სამყაროში.

კითხვაზე, თუ როგორაა შესაძლებელი მსგავსი „ნათებისა“ და „გახსნის“ ეფექტების მიღება, გოგუამ  გვიპასუხა, რომ დღევანდელი ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას, რათა მივიღოთ სასურველი ციფრული ეფექტი. მისი თქმით, ეს ვიდეო, დიდი ალბათობით, გაკეთებული უნდა იყოს ერთ-ერთ სამონტაჟო პროგრამაში, Adobe After Effects-ში, რომელიც ვიდეოსთვის მსგავსი ვიზუალური ეფექტების შექმნისათვისაც გამოიყენება.

ამასთანავე, გაყალბებულ კადრებზე მიუთითებს „შუქის ჩაქრობის“ არარეალისტური ეპიზოდიც, როცა ჩრდილებსა და შუქს შორის სხვაობა საკმაოდ მცირე და ხელოვნურია. თუმცა, განსაკუთრებით საინტერესოა უკვე „გახსნილი პორტალის“ მონაკვეთი. გიორგი გოგუამ დეტალურად განმარტა, თუ როგორ ხდება, მსგავსი ვიზუალური ეფექტების გამოყენება და ამისათვის მაგალითად თანამედროვე საინფორმაციო გამოშვება მოიყვანა.

გიორგი გოგუა: „წამყვანის საუბრის დროს, როცა მისივე გვერდით გარკვეული კადრები ჩანს, დაახლოებით, იგივე პრინციპია. თუ მე მინდა, რომ ჩემ გვერდით გამოჩნდეს გარკვეული ვიდეო, კონკრეტული პროგრამების დახმარებით ვაკეთებ ჩარჩოს, ვაქცევ მას გამჭვირვალედ, სადაც უკვე ჩემთვის სასურველ ფოტოებსა, თუ გამოსახულებას ჩავსვამ, რისი მიღწევაც „ფენების პრინციპითაა“ შესაძლებელი, რაც კადრის, კადრითვე გადაფარვას გულისხმობს“.  

 

  • იუთუბ-ვლოგერის “Captain Disillusion”-ის მიმოხილვა 

2018 წლის 8 იანვარს იუთუბ ბლოგერმა, Captain Disillusion-მა სრულად მიმოიხილა FunkyFatHead-ის  ვიდეო და ახსნა ყველა ფაქტობრივი გარემოება, თუ ტექნიკური დეტალი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვიდეო პროგრამულადაა დამუშავებული. Captain Disillusion-ის ნამდვილი სახელი და გვარი ალან მელიკჯანიანია, ის იუთუბზე 2007 წელს დარეგისტრირდა და მას შემდეგ აქვეყნებს ვიდეოებს, რომელშიც ამხელს ვიზუალური ეფექტების დახმარებით შემქნილ ყალბ კადრებს. 

იუთუბ-არხის ავტორმა თავადაც სცადა ზემოაღნიშნულის განმეორება, ექსპერიმენტის სახით. გამოიყენა ორიგინალ ვიდეოში არსებული ვებ-პორტალი ხმის გენერირებისათვის და “ბლუთუზ დინამიკი” სასურველი შედეგის მისაღწევად, თუმცა უშედეგოდ. თავად Captain Disillusion-ის შექმნილ ვიდეოშიც კი, “პორტალის გახსნის” მცდელობისას გამოჩენილი “პორტალი” და “ნათება” სრულად პროგრამულადაა მის მიერვე დამუშავებული, რათა მაყურებლისათვის უფრო კარგად აღსაქმელი ყოფილიყო, თუ რა მარტივად შეიძლება მსგავსი ტექნიკებით საზოგადოების მანიპულაცია. მან ყურადღება გაამახვილა დეტალზე,რომ ვიდეოებიდან მხოლოდ ერთს აქვს ამერიკული კამერებისათვის დამახასიათებელი მაჩვენებელი- 29.97 ფრაგმენტი წამში, როდესაც ყველა დანარჩენის მაჩვენებელი ზუსტად 30 ფრაგმენტი წამშია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დიდი ალბათობით, მათზე დამამუშავებელი პროგრამა გამოიყენეს. ის ერთი ვიდეო იმითიც გამოირჩევა, რომ არის ერთადერთი, რომელშიც არაა ნაჩვენები რაიმე სახის პარანორმალური მოვლენა. 

Screenshot 2023 10 13 121758 მოწყობილობის სიხშირეებით “პორტალის გახსნაზე” ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

აგრეთვე, მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ოთახის კუთხეში მდგარ სანათზე. “პორტალის” გამოჩენამდე კედელზე განათება ძალიან მაღალია, მისი გამოჩენის შემდეგ კი კამერას, წესით,  უნდა დაერეგულირებინა და გაცილებით ჩაბნელებულიყო, თუმცა, ასეთს ვერაფერს ვამჩნევთ და განათება ისევ ისეთია. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში, თუ კადრში მართლაც რაიმე გამოჩნდა, კამერის ავტომატურად დარეგულირების შემდეგ, განათებისა და ჩრდილების დეტალები იცვლება, თუმცა ჩვენ ამას  ვერც “პორტალის” გახსნამდე და ვერც მის შემდეგ ვხედავთ, რადგან რეალურ დროსა და სივრცეში პორტალი არ გამოჩენილა, რომ მასზე კამერას რეაგირება მოეხდინა და სანათთან ცვლილებები შეგვემჩნია.

Screenshot 2023 10 13 121807 მოწყობილობის სიხშირეებით “პორტალის გახსნაზე” ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

თუ როგორ ხდება „პორტალის“ გამოჩენა, გახსნა და შემდეგ უკვე კონკრეტული ადგილის ვიზუალური მასალის გამოყენება

Screenshot 2023 10 13 121813 მოწყობილობის სიხშირეებით “პორტალის გახსნაზე” ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება Screenshot 2023 10 13 121821 მოწყობილობის სიხშირეებით “პორტალის გახსნაზე” ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება

წყაროს შესახებ

ფეისბუქ-მომხმარებელი Merab Ratishvili ანტიდასავლური და კონსპირაციული შინაარსის ინფორმაციებს ხშირად ავრცელებს. მის მიერ გამოქვეყნებული დეზინფორმაციები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა


მოამზადა არჩილ წივილაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრალია, აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist