მითი, თითქოს სტალინი ჰიტლერთან ომის წინ წმინდა მატრონა მოსკოველს შეხვდა

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

13.7k
VIEWS

2024 წლის 7 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ბონდო მძინარაშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონა მოსკოველისა და სტალინის ხატს ეხებოდა. ბონდო მძინარაშვილის მტკიცებით, 1941 წელს სტალინი მართლაც შეხვდა მატრონა მოსკოველს და მისი რჩევით ღვთისმშობლის ხატი ფრონტის ხაზზე გაიტანეს, რამაც სსრკ ფაშისტებისგან დაიცვა.

matrona მითი, თითქოს სტალინი ჰიტლერთან ომის წინ წმინდა მატრონა მოსკოველს შეხვდა

ამავე საკითხზე მედია-კავშირმა “ობიექტივმა” გააზიარა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის ირმა ინაშვილის ვიდეო, სადაც ის ასევე საუბრობს სტალინისა და მატრონას შეხვედრაზე და ამატებს, რომ ხატებზე უარყოფითი ფიგურების გამოსახვა ჩვეულებრივი მოვლენაა.

ირმა ინაშვილი: “ამის შემდეგ მოხდა საუბარი წმინა მატრონასი და სტალინის და შემდეგ ხატი გამოაბრძანეს ღვთისმშობლის ხარი, რომელიც დაეხმარა ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლებს ამ პოზიციურ ბრძოლებში და მაშინ ფაშიზმის მოწინააღმდეგეებმა მთელ რიგ წარმატებებს მიაღწიეს და ეს ეპიზოდია იქ ასახული. რატო არის გამოსახული დიოკლეტიანე მაგალითად წმინდა გიორგის ხატზე? რატოა გამოსახული დავით და კონსტანტინეს არგვეთელების მწამებელი მათთან ერთად ხატზე და თანაც ტახტრევანზე ზის. რატოა გამოსახული გველეშაპი წმინდა გიორგის ხატზე ანუ ეშმაკი და საერთოდ ნამდვილი ეშმაკები რატომ არიან ხატებზე გამოსახული? მოდი მაშინ ეს ყველაფერი ამოვაბრუნოთ, ხატწერა შევცვალოთ.”

matrona1 მითი, თითქოს სტალინი ჰიტლერთან ომის წინ წმინდა მატრონა მოსკოველს შეხვდა

მოგვიანებით პარტია “პატრიოტთა ალიანსის” კიდევ ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ მატრონას აღნიშნული ხატი თავად შესწირა სამების ტაძარს და რომ მასზე გამოსახულია სტალინი, რომელმაც ეკლესიების დევნის გამო წმინდა მატრონას წინაშე თავი დაიმდაბლა.

მტკიცება, რომ სტალინი წმინდა მატრონას ნამდვილად შეხვდა, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, მათი შეხვედრის ამბავი მხოლოდ ლეგენდაა და ისტორიულად არ დასტურდება. ხატის გამოყენებას თავდაპირველად რუსეთშიც პროტესტი მოჰყვა, რის გამოც ხატი ეკლესიიდან გაიტანეს. რაც შეეხება ხატებზე უარყოფითი პირებისა და ეშმაკების გამოსახვას, ისინი უმეტესწილად დაკნინებულად და დამარცხებულად არიან გამოსახული.

  • ლეგენდა სტალინისა და წმინდა მატრონას შეხვედრის შესახებ

მატრონა ნიკონოვა (მოსკოველი) 1881 წელს ტულას პროვინციაში დაიბადა. ის დაბადებიდან უსინათლო იყო, თუმცა თქმულების თანახმად, მას ღმერთისგან დიდი ცოდნა ჰქონდა მიღებული და შეეძლო ხალხისთვის კარგი დარიგება მიეცა, რის გამოც მატრონა მოსკოველს მრავალი ვიზიტორი ჰყავდა. 1925 წელს ის მოსკოვში გადავიდა. საბჭოთა ხელისუფლების ანტირელიგიური მმართველობის პირობებში მატრონა თავს სხვადასხვა ოჯახს აფარებდა. მისი რჩევით მრავალი ადამიანი განიკურნა, ზოგიერთმა კი დიდ საფრთხეს აარიდა თავი. 1999 წელს რუსეთის სინოდმა და პატრიარქმა ალექსი II-მ მატრონა მოსკოველი წმინდანად შერაცხეს.

matrona2 1 მითი, თითქოს სტალინი ჰიტლერთან ომის წინ წმინდა მატრონა მოსკოველს შეხვდა
წმინდა მატრონას სხვადასხვა ხატი

მატრონასა და სტალინის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მატრონას მეგობრის ზინაიდა ჟდანოვას დღიურებიდან გავრცელდა. ზინაიდა ჟდანოვა მატრონას სიცოცხლის ბოლო წლებში მასთან ცხოვრობდა. მისი დღიური წმინდანის შესახებ საკმაოდ პოპულარული გახდა და პოსტკომუნისტურ ეპოქაში რელიგიის აღმავლობის სიმბოლოდ იქცა. 

ლეგენდის თანახმად, 1941 წელს, როდესაც ადოლფ ჰიტლერმა საბჭოთა კავშირს ომი გამოუცხადა, სტალინი მატრონას ეწვია და რჩევა ჰკითხა. მატრონამ სტალინს ურჩია მოსკოვში დარჩენილიყო, რაც მას ომში გამარჯვებაში დაეხმარებოდა. ლეგენდის თანახმად, მატრონამ ასევე სტალინს ურჩია მოსკოვის გარშემო ღვთისმშობლის ხატი შემოეტარებინათ.

რეალურად სტალინისა და წმინდა მატრონას შეხვედრა ისტორიულად არ დასტურდება და ის მხოლოდ ლეგენდაა. ამას ადასტურებს ასევე არქიმანდრიტი იობ გუმეროვი, რომელსაც წმინდა მატრონას ისტორიის მოძიება დაავალეს, რათა ის შემდგომში წმინდანად შეერაცხათ. წმინდა მატრონას ხატი სტალინის გამოსახულებით 2008 წელს ი. ი. პივნიკის მიერ დაიწერა. ხატის გამოყენებას სანქტ-პეტერბურგში, წმ. მოციქულთასწორი ოლღას სახელობის ტაძარში,  ხალხის და მედიის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სანქტ-პეტერბურგის ეპარქიის განცხადებით ხატი მხოლოდ ლეგენდას ეყრდნობოდა. ტაძრის ხელმძღვანელმა ხატის გარშემო ატეხილ ამბავში მედია დაადანაშაულა და ლოცვის მერე ხატი მოსკოვში გაგზავნა, რათა სკანდალი დასრულებულიყო და ხატი “ლიბერალ ექსტრემისტებს” აღარ შეელახათ.

matrona3 მითი, თითქოს სტალინი ჰიტლერთან ომის წინ წმინდა მატრონა მოსკოველს შეხვდა
სტალინისა და წმინდა მატრონას ხატი

ისტორიკოსი ლადო მირიანაშვილის ინფორმაციით, ხატი მოსკოვშიც გააკრიტიკეს და საბოლოოდ ის ეკლესიის წინამძღვარმა საკუთარ სახლში გადაიტანა. სასულიერო პირი, რომელმაც თავდაპირველად ხატი ტაძარში დაასვენა, გადადგა.

მოსკოვის საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმირ ვიგილიანსკი: „მოხდა დისციპლინარული დარღვევა: სასულიერო პირს უფლება არ აქვს ეკლესიაში არაკანონიკური ხატი დააბრძანოს. [ამიტომ] მღვდლის ქცევას მღვდელმთავარი განიხილავს.“ 

სანქტ-პეტერბურგის ეპარქია: “ეს არაუფლებამოსილი (неправомочное) გამოსახულებაა, რადგან წმ. მატრონასა და სტალინს შორის შემდგარი საუბარი მხოლოდ ლეგენდაა და რეალობას არ შეესაბამება”.

ლეგენდა იმის შესახებ, რომ წმინდა მატრონამ სტალინს მოსკოვის გარშემო ღვთისმშობლის ხატის შემოტარება ურჩია, სხვადასხვა ფორმით ვრცელდებოდა. ერთი ლეგენდის თანახმად, ღვთისმშობელი 1941 წელს ანტიოქიის მიტროპოლიტ ილიას გამოეცხადა და უთხრა, რუსებისთვის ერჩია მისი ხატი მოსკოვის, სტალინგრადისა და იმ პერიოდში ლენინგრადის გარშემო შემოეტარებინათ. სხვა ლეგენდის თანახმად ღვთისმშობელი 1944 წლის კენიგსბერგის ბრძოლაში ცაზე გამოისახა და როდესაც ეს გერმანელებმა იხილეს, იარაღის გამოყენება ვეღარ შეძლეს.

  • უარყოფითი ფიგურები ხატებზე

ხატის შესახებ განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემაც გააკეთა და თქვა, რომ უარყოფითი პირები სხვა ხატებზეც არიან გამოსახული.

ანდრია ჯაღმაიძე: “ხოლო ის, რომ ასეთ იკონოგრაფიას ადგილი აქვს რუსულ რეალობაში და მეც და ბევრსაც მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის არაფრის მომცემია, ეს მეორადი საკითხია აქ, ისიც რომ დავუშვათ, ამას მატრონას ხატი ეწოდება და არა სტალინის, ისიც, რომ თუ წმ. გიორგის ფრესკაზე სადმე დიოკლიტიანეა გამოსახული, ეს დიოკლიტიანეს ხატი არ არის.”

ირმა ინაშვილისა, თარხან-მოურავისა და ანდრია ჯაღმაიძის მცდელობა, ხატის არსებობა იმ ფაქტით ახსნან, რომ ხატებზე უარყოფითი პირები ხშირად არიან გამოსახული, მანიპულაციურია. რეალურად ხატებზე უარყოფითი ფიგურები (ისტორიული პირები, დემონები, ეშმაკები თუ სხვა) ყოველთვის დამარცხებულად ან დაკნინებულად არიან გამოსახული ან მათი გამოსახვა კონკრეტულ ისტორიულ მოვლენას აღწერს, სტალინისა და მატრონას შემთხვევაში კი ეს ასე არ არის.

თეოლოგ ბექა მინდიაშვილის ინფორმაციით, ხატზე უარყოფითი პირების გამოხატვა შესაძლებელია, თუმცა დაუშვებელია ხატზე ბოროტება ზეიმობდეს.

ბექა მინდიაშვილი: კი, ხატზე ბოროტებას გამოსახავენ, მაგრამ ბოროტების გამოსახვას თავისი წესები აქვს, მაგალითად, დემონები, ეშმაკები, როგორც წესი, შავ ლაქებად, დრაპირების გარეშე გამოისახებიან, ბოროტების ჩამდენი ადამიანები გამოისახებიან ან მცირე მოცულობით ან პროფილით და არავითარ შემთხვევაში შარავანდით. კონკრეტულად, დეკონოზ ჯაღმაიძის მიერ ნახსენებ დიოკლეტიანეს რაც შეეხება, – დიოკლეტიანე თუ ქრისტიანთა სხვა მწამებლები ხატებზე “წაგდებული” ყავთ წმიდანებს, მათზე რწმენის გამარჯვების ნიშნად. წმ. გიორგის ფეხქვეშ დიოკლეტიანე საცოდავად აგდია და შუბით განიგმირება. ხატზე დაუშვებელია ბოროტება ზეიმობდეს.”

წმინდა გიორგი და დამარცხებული გველეშაპი

წმინდა გიორგი და დამარცხებული დიოკლეტიანე

matrona4 მითი, თითქოს სტალინი ჰიტლერთან ომის წინ წმინდა მატრონა მოსკოველს შეხვდა matrona5 მითი, თითქოს სტალინი ჰიტლერთან ომის წინ წმინდა მატრონა მოსკოველს შეხვდა

უარყოფითი პირები ხშირად ხატებზე წმინდანის დამსჯელებად არიან გამოსახული და მათი გამოსახვა კონკრეტულ ისტორიულ მოვლენას უკავშირდება. ამის მაგალითია ასი ათასი მოწამის ხატი და წმინდა გიორგის წამების ხატი.

ასი ათასი მოწამის ხატი

წმინდა გიორგის ბორბალზე წამება

matrona6 მითი, თითქოს სტალინი ჰიტლერთან ომის წინ წმინდა მატრონა მოსკოველს შეხვდა matrona8 მითი, თითქოს სტალინი ჰიტლერთან ომის წინ წმინდა მატრონა მოსკოველს შეხვდა

მატრონასა და სტალინის ხატის შემთხვევაში სტალინი არც უარყოფითად და არც დამსჯელად არ არის გამოსახული და პირიქით ის განდიდებულია. ამასთან დაკავშირებით თეოლოგი ბექა მინდიაშვილი აღნიშნავს:

ბექა მინდიაშვილი: “რას ვხედავთ მატრონას ამ ე.წ. ხატზე. სტალინი წინა პლანზე, მთელი ტანით და სახით დგას ჩვენს წინაშე, თან ცალი ხელი უდიერად ჯიბეში უდევს. ჯიბეში ხელი ჟესტია, რომელიც გვეუბნება, რომ ის მატრონას, ეკლესიას, ღვთის სიტყვას კი არ უსმენს, მას კი არ ექვემდებარება, არამედ თვითონაა შედარებით უკანა პლანზე ტახტზე მჯდომი მატრონას უფროსი, ამ “ხატზე” სტალინი მატრონაზე მეტია.”

FireShot Capture 1675 Facebook www.facebook.com მითი, თითქოს სტალინი ჰიტლერთან ომის წინ წმინდა მატრონა მოსკოველს შეხვდა
სტალინის და მატრონას ხატი, რომელიც სამების ეკლესიაშია განთავსებული

სტალინის ხატებზე გამოსახვა პრობლემურია ასევე მისი ანტირელიგიური პოლიტიკის გამო. სტალინიზმის ეპოქა რელიგიის კუთხით ხშირად მოხსენიებულია როგორც მებრძოლი ათეიზმის პერიოდი. სწორედ სტალინის სახელს უკავშირდება საბჭოთა კავშირში მრავალი ეკლესიის განადგურება და მართლმადიდებელი სასულიერო პირების დახვრეტა. მაგ. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ეკლესიების რაოდენობა 37 000-დან 4 225-მდე შემცირდა. მხოლოდ 1937 წელს კი საბჭოთა კავშირში 85 000 მართლმადიდებელი სასულიერო პირი დახვრიტეს

ამ საკითხზე უფრო ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის სტატია: 4 დეზინფორმაცია სტალინის “ქართულ საქმეებზე”.

აღნიშნული ფაქტების მიუხედავად, პერიოდულად ვრცელდება მითები სტალინის მორწმუნეობის შესახებ. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ სტატია: სწამდა თუ არა სტალინს ღმერთი?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია, რელიგია
დარღვევის ტიპი: მცდარი ინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist