4 დეზინფორმაცია სტალინის “ქართულ საქმეებზე”

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

430
VIEWS

2022 წლის 22 იანვარს Facebook მომხმარებელმა ფანტინა ფანტინამ გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც იოსებ სტალინის მიერ გაკეთებულ “ქართულ საქმეებს” შეეხებოდა. პოსტი მიხედვით, სტალინი არასდროს თვლიდა თავს რუსად და მას არასდროს მიუღია მონაწილეობა ეკლესიების დანგრევასა და სასულიერო პირთა დახვრეტაში. ასევე, პოსტის თანახმად, სტალინის დამსახურებაა საქართველოში ეროვნული განძის დაბრუნება (რომლის ნაწილიც მენშევიკურმა მთავრობამ დროსტარებაში გაფლანგა) და სამცხე-ჯავახეთიდან პროთურქულად განწყობილი თურქების, აზერბაიჯანელების, ქურთებისა და ლეკების გადასახლება.

Screenshot 1 4 4 დეზინფორმაცია სტალინის “ქართულ საქმეებზე”

ფანტინა ფანტინა: ცნობილია, რომ სტალინს არასდროს მიუღია მონაწილეობა ებრაელი ბოლშევიკების მიერ მოწყობილ ეკლესიების დანგრევაში და სასულიერო პირების დახვრეტაში… 1945 წელს სტალინი დაუკავშირდა შარლ დე გოლს და მოსთხოვა მენშევიკების დროს საქართველოდან გაზიდული ეროვნული საგანძურის დაბრუნება. 248 ყუთიდან, დაბრუნდა 39 ყუთი, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი ინახავდა. დანარჩენი: სახელმწიფო ხაზინა, ოქროს ზოდები, ვერცხლი და ფული, მენშევიკებმა ლევილის მამულის შეძენაში და საფრანგეთში დროსტარებაში დახარჯეს. 1944 წელს სტალინის ბრძანებით სამცხე-ჯავახეთიდან აყარეს პროთურქულად განწყობილი თურქები, აზერები, ქურთები და ლეკები… ტყუილია, რომ სტალინი თავს რუსად თვლიდა. ოფიციალურ დოკუმენტებში, ეროვნების გრაფაში თავის ხელით აქვს ჩაწერილი: ეროვნება – ქართველი.

გავრცელებული პოსტი სტალინის შესახებ 4 დეზინფორმაციას შეიცავს, რეალურად: 1. სწორედ სტალინის ერთპიროვნული მმართველობისას განადგურდა მრავალი ეკლესია და დაიხვრიტა მრავალი სასულიერო პირი. 2. ეროვნული საგანძურის დაბრუნებაში დიდი წვლილი არა სტალინს, არამედ ექვთიმე თაყაიშვილს მიუძღვის. ასევე მითია, რომ განძის ნაწილი ეროვნულმა მთავრობამ დროსტარებაში გაფლანგა. 3. სტალინმა სამცხე-ჯავახეთიდან მრავალი ქალი და ბავშვი გადასაახლა, კაცების დიდი ნაწილი კი სწორედ საბჭოთა კავშირისთვის იბრძოდა. 4. სტალინს ეკუთვნის გამონათქვამი, რომ ის რუსია, ქართული წარმოშობით. ამასთანავე სხვადასხვა ისტორიულ მოგონებაში ვხვდებით ისეთ ფაქტებს, სადაც სტალინი თავს ან მოსკოველად ან რუსული კულტურის ადამიანად მოიხსენიებს.

მითი 1: სტალინს არასდროს მიუღია მონაწილეობა ებრაელი ბოლშევიკების მიერ მოწყობილ ეკლესიების დანგრევაში და სასულიერო პირების დახვრეტაში.

რეალობა 1: სწორედ სტალინის ერთპიროვნული მმართველობის პერიოდში განადგურდა მრავალი ეკლესია და დაიხვრიტა მრავალი სასულიერო პირი.

სტალინის ერთპიროვნული მმართველობა ანუ სტალინიზმის ეპოქა 1929 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც სტალინმა დაამარცხა ოპონენტები და აბსოლუტური ძალაუფლება მიიღო. საბჭოთა კავშირში ამ პერიოდამდეც მიმდინარეობა ანტირელიგიური პოლიტიკა, თუმცა სტალინის პერიოდში ამ ყველაფერმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო და დიდი სტალინური ტერორის ერთ-ერთ ნაწილად იქცა.

ხშირად სტალინის რელიგიურ პოლიტიკას მებრძოლი ათეიზმის სახელით ახასიათებენ. სტალინი მიიჩნევდა, რომ რელიგია ადამიანს ხელს უშლიდა დაენახა კლასობრივი ჩაგვრა. 1928 წლიდან მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე სტალინმა მნიშვნელოვნად შეუტია ღმერთის კონცეფციას, სასულიერო პირებს, ეკლესიებს, სინაგოგებს, მეჩეთებს და დაიწყო ათეიზმის გავრცელება. სწორედ სტალინის პერიოდის დასაწყისში გვხვდება ე. წ. “უღმერთო ხუთლწლედები”, რომელიც საბჭოთა კავშირში რელიგიის აღმოფხვრას ისახავდა მიზნად.

სტალინის მიერ ანტირელიგიური პოლიტიკის გაგრძელება ასევე ასახულია მრავალ იმ პერიოდში დაბეჭდილ გაზეთსა და ჟურნალში. სტალინის პერიოდში არ შეწყდა ისეთი ათეისტური გაზეთის გამოცემა, როგორიც იყო “უღმერთო”. უშუალოდ სტალინის პერიოდში დაიწყო გაზეთის “უღმერთო გლეხის” გამოცემა (1928-1932). ასევე ძირითადად სტალინის პერიოდში გამოიცემოდა გაზეთი “ანტირელიგიური” (1926-1941) და “ახალგაზრდა ათეისტი” (1931-1933).

Screenshot 2 5 4 დეზინფორმაცია სტალინის “ქართულ საქმეებზე”
სტალინის პერიოდში დაბეჭდილი გაზეთი “უღმერთო”

სტალინის პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა ეკლესიების რაოდენობა, რაც როგორც ლენინის დროს მიმდინარე ანტირელიგიურ პოლიტიკას, ასევე სტალინის პერიოდში განხორციელებულ დიდ ტერორს უკავშირდება. მაგალითად, თუ რევოლუციამდე ცარისტულ რუსეთში 37 000 ეკლესია იყო, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე რაოდენობა 4 225-მდე შემცირდა. ასევე, მრავალი სასულიერო პირი შეეწირა 30-იანი წლების მასობრივ რეპრესიებს; მხოლოდ 1937 წელს საბჭოთა კავშირში 85 000 მართლმადიდებელი სასულიერო პირი დახვრიტეს

Screenshot 3 5 4 დეზინფორმაცია სტალინის “ქართულ საქმეებზე”
სტალინის პერიოდში დაბეჭდილი პოსტერი – რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა სოციალიზმისთვის ბრძოლაა. მ. რაბინოვიჩი, 1930. ფოტო: ბრიტანული მუზეუმი.

მითი 2: ეროვნული განძი, რომლის ნაწილიც ჟორდანიას მთავრობამ დროსტარებაში გაფლანგა, საქართველოში სტალინმა დააბრუნა.

რეალობა 2: ეროვნულ მთავრობას განძი არ გაუფლანგავს. საქართველოში კი ის ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით დაბრუნდა. 

მითი იმის შესახებ, რომ ქართული საგანძურის ნაწილი მენშევიკურმა მთავრობამ ევროპაში გაფლანგა, საქართველოში კი სტალინის ინიციატივით დაბრუნდა, ადრეც ვრცელდებოდა

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ეროვნული საგანძური, სახაზინო ქონება და საყოფაცხოვრებო ნივთები 248 ყუთით წაიღეს, რის შემდეგადაც ქონების გადანაწილება 167 ყუთში მოხდა. ამ ყუთებიდან მხოლოდ 39 მათგანში იყო ეროვნული საგანძური, რომელიც საქართველოში უვნებელი დაბრუნდა. სხვა ყუთებში არსებული ქონება არ იყო საგანძურის ნაწილი, არამედ მასში იყო ოქროსა და ვერცხლის ზოდები და საყოფაცხოვრებო ნივთები. ამ ნივთების გაყიდვით იქ მყოფმა მენშევიკურმა მთავრობამ შეიძინა ლევილის მამული და ასევე დაფარა ეროვნული საგანძურის შენახვის თანხები. 

ასევე მითია მტკიცება, რომ განძის დაბრუნება საქართველოში სტალინის ინიციატივით მოხდა, რადგან აღნიშნულ საქმეში დიდი წვლილი ექვთიმე თაყაიშვილს მიუძღვის. სწორედ ექვთიმე იყო ის, ვინც 1935 წელს საფრანგეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, იერ ეტიენ ფლანდენს გაუგზავნა წერილი, სადაც მოითხოვდა, რომ ეროვნული განძი არ განხილულიყო მენშევიკური მთავრობის საკუთრებად და უპატრონოდ არ გამოცხადებულიყო. 

ექვთიმე თაყაიშვილი: „ქართული განძეულობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც მენშევიკური მთავრობის კუთვნილება და, მაშასადამე, ამ მთავრობის არცნობასთან დაკავშირებით არ შეიძლება მისი უპატრონოდ გამოცხადება…”

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ ექვთიმემ შეადგინა სპეციალური მოხსენება საგანძურთან დაკავშირებით, რომელიც შარლ დე გოლს გააცნეს. შარლ დე გოლმა საგანძურის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ფიქრობდა, რომ ეს სსრკ-სადმი კარგი ჟესტი იქნებოდა

ეროვნული საგანძურის გარშემო არსებული დეზინფორმაციების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მითების დეტექტორის სტატიები: 

მითი 3: სტალინის ბრძანებით სამცხე-ჯავახეთიდან აყარეს პროთურქულად განწყობილი თურქები, აზერები, ქურთები და ლეკები.

რეალობა 3: სტალინის ბრძანებით სამცხე-ჯავახეთიდან ძირითადად ქალები და ბავშვები გადაასახლეს. გადასახლებული კაცების ნაწილი მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედ საბჭოთა კავშირისკენ იბრძოდა. ამ ადამიანების ეთნიკური წარმომავლობა დღემდე დავის საგანია. (fcsn.org)  

მითი სამცხე-ჯავახეთიდან პროთურქულად განწყობილი ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის გადასახლების და იქ ქართველების ჩასახლების კრემლისტურ მედიაში პერიოდულად ვრცელდება. 

აღნიშნული მითი უკავშირდება 86 000 ადამიანს, რომლებიც სტალინის ხელმოწერილი დადგენილებით შუა აზიის სახელმწიფოებში გადაასახლეს. მიზეზი მათგან, ანუ როგორც თავად უწოდებდნენ “თურქებიდან” მომდინარე საფრთხე იყო.

Screenshot 4 5 4 დეზინფორმაცია სტალინის “ქართულ საქმეებზე”

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ადამიანების დიდი ნაწილი ქალები და ბავშვები იყვნენ, კაცების დიდი ნაწილი კი (30 000 მუსლიმი მესხი) მეორე მსოფლიო ომის დროს სწორედ საბჭოთა კავშირის მხარეს იბრძოდა

ასევე საკამათოა ამ ადამიანების ეთნიკური იდენტობა. ზოგიერთი მეცნიერი დაობს, რომ ეს ადამიანები გათურქებული ქართველები იყვნენ და ისინი წარსულში სუნიტ ქართველებად მოიხსენიებოდნენ. არსებობს საპირისპირო აზრიც, რომ მესხები თურქები იყვნენ და ისინი არ განსხვავდებოდნენ ანატოლიის სხვა თურქებისგან, თუმცა მათზე ქართული გავლენა იგრძნობოდა. მესხების დიდი ნაწილი დღეს თავს თურქად მიიჩნევს, ზოგი ქართველად, ზოგს კი გამოკვეთილი ეთნიკური იდენტობა არ აქვს. 

მესხების შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ მითების დეტექტორის სტატია:

მითი 4: ტყუილია, რომ სტალინი თავს რუსად თვლიდა. ოფიციალურ დოკუმენტებში, ეროვნების გრაფაში თავის ხელით აქვს ჩაწერილი: ეროვნება – ქართველი.

რეალობა 4: სტალინს ეკუთვნის გამონათქვამი რომ ის რუსია ქართული წარმოშობით. ის ფაქტი, რომ სტალინი თავს რუსად ან რუსული კულტურის ნაწილად მიიჩნევდა დასტურდება სხვა ისტორიული მოგონებებითაც. 

სტალინს ოფიციალურ დოკუმენტებში მართლაც ეწერა ეროვნებად ქართველი, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ის მოგონებები, სადაც იოსებ ჯუღაშვილი საკუთარ ეროვნებაზე საუბრობდა. ერთ-ერთი ასეთი მოგონების თანახმად, როცა სტალინი მარშალმა პაველ რიბალკომ ქართველად მოიხსენია, ის გაბრაზდა და უპასუხა: “მე ქართველი არ ვარ – მე ქართული წარმოშობის რუსი ვარ”.

იმავეს წერს სტალინის ბიოგრაფიაში ავტორი სვიატოსლავ რიბასი. მისი ინფორმაციით უკვე 30-იან წლებში სტალინი თავს რუსად თვლიდა და ის ამბობდა, რომ იყო “რუსი, ეროვნებით ქართველი”.

ასევე ცნობილია სტალინის გამონათქვამი სადღეგრძელოს შემდგომ, სადაც ის თავს მოსკოველად მოიხსენიებს:

იოსებ სტალინი: “გმადლობთ მშვენიერი სადღეგრძელოსთვის, – და ცივად შეხედა დაბნეულ ვოროშილოვს, ჭიქა ასწია და მსუბუქად მოსვა. – ცუდი იქნებოდა, თუ მე მოსკოველს ქართველი ჩარკვიანის შეცდომის გამოსწორება მომიწევდა”.

სტალინის ეროვნების შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ მითების დეტექტორის სტატია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist