იმის მიუხედავად, რომ იოსებ სტალინის სახელს მილიონობით ადამიანის სიკვდილი, შიმშილი, გადასახლება და ტანჯვა უკავშირდება, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მაინც ღრმადაა ფესვგადგმული მითები და წარმოდგენები მისი ღრმადმორწმუნე მართლმადიდებლობის შესახებ. ჩვენს ტექსტში სწორედ ამ მითების შესახებ ვისაუბრებთ.
არსებობს წარმოდგენები, რომელთა თანახმადაც სტალინის ღრმადმორწმუნეობა სასულიერო სემინარიაში სწავლას უკავშირდება. ეს მოსაზრება ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. მისი ბავშვობის ნაცნობები (იოსებ ირემაშვილი, გრიგოლ გლურჯიძე) ნათლად ადასტურებენ, რომ არათუ სტუდენტობისას, იქამდეც კი, სტალინს ღმერთი არ სწამდა. იგივე ცნობებს გვაწვდის ისტორიკოსი საიმონ სებაგ მონტეფიორე. ამასთანავე, 1952 წელს სტალინს ინტერვიუ ჰქონდა გერმანელ ემილ ლუდვიგთან, სადაც მან საჯაროდ განაცხადა, რომ სწორედ სასულიერო სემინარიაში არსებულმა მდგომარეობამ და მისადმი პროტესტმა განაპირობა რევოლუციურ მოძრაობაში ჩართვა და მარქსიზმით, როგორც რევოლუციური სწავლებით, გატაცება.
ასევე პერიოდულად ვრცელდება მტკიცებები, რომ საბჭოთა კავშირის შექმნის პირველ პერიოდში, მართლმადიდებელი სასულიერო პირების რეპრესიები ლენინს ან ბერიას მიეწერება და სტალინმა ამ ყოველივეს შესახებ არ იცოდა. რეალობა კი პირიქითაა, რის შესახებაც ცხადად მოწმობს სტალინის მიერ 1927 წელს წარმოთქმული სიტყვა:
ამას გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ 1937 წელს სტალინის დედა – კეკე გარდაიცვალა, რომელიც, მთელი ცხოვრება, რიტუალურ დონეზე, ძალიან აქტიური მართლმადიდებელი იყო. ამის მიუხედავად, სტალინმა გადაწყვიტა, რომ კეკეც კი არ დაეკრძალა რელიგიური წესით და იგი სამოქალაქო წესის მიხედვით დაასაფლავეს.
ისტორიული ფაქტია, რომ სტალინის დროს რუსეთის ეკლესიაში პატრიარქობის ინსტიტუტი აღდგა და რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა, თუმცა, მეორე საკითხია რამდენად უკავშირდება ეს ყველაფერი სტალინის ღრმადმორწმუნე მართლმადიდებლობას. დავიწყოთ იმით, რომ ომის დაწყებისთანავე, სტალინს, როგორც რუსეთის, ასევე, საქართველოს ეკლესია, ყველანაირად უჭერდა მხარს, უბრალოდ, თავად სტალინი არ აქცევდა ამ ყოველივეს დიდ ყურადღებას. სიტუაცია 1943 წლის შემოდგომაზე შეიცვალა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ დროს, სტალინს უკვე მოგებული ჰქონდა როგორც კურსკის, ასევე, სტალინგრადის ბრძოლები და მსოფლიო ომის ბედიც, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო. საქმე იმაშია, რომ სტალინის მიერ მართლმადიდებელ ეკლესიასთან დამოკიდებულების შეცვლის მთავარი ასპექტი არა საბჭოთა კავშირის შიგნით ვითარების ცვლილება, არამედ, მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ „ახალი სამყაროს“ ტერიტორიების გადანაწილების საქმეში მძლავრი იდეოლოგიური მოკავშირის ძიება იყო, რომელიც, მისთვის სწორედ მართლმადიდებელი ეკლესია აღმოჩნდა. ამ ყველაფრისთვის კი გადამწყვეტი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური და სამართლებრივი სტატუსი გახლდათ, რაც თეირანის კონფერენციის დაწყებამდე უნდა მოგვარებულიყო. იქიდან გამომდინარე, რომ ამ პერიოდში რუსეთის ეკლესიას პატრიარქი საერთოდ არ ჰყავდა, საჭირო იყო ჯერ პატრიარქის გამორჩევა, შემდგომში კი მისი სტატუსის აღიარება სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ. ამ საქმეში რუსეთთან ყველაზე „ახლოს მდგომი“ მართლმადიდებელი და უძველესი ეკლესია საქართველოს ეკლესია აღმოჩნდა, რომლის ავტოკეფალიასაც, იმჟამად, რუსეთის ეკლესია არ ცნობდა. სწორედ ამ მიზნით საჭირო გახდა, რომ ჯერ რუსეთის ეკლესიას ეცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და შემდგომში, აწ უკვე საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქს ეცნო რუსეთის ეკლესიის პატრიარქის კანონიკურობა და ლეგიტიმაცია. სტალინის „ღრმადმორწმუნე მართლმადიდებლობაზე“ ისიც მეტყველებს, რომ მთელ ამ პროცესებს (და, ზოგადად, საბჭოთა კავშირში მართლმადიდებელი ეკლესიების მდგომარეობასა თუ მოწყობას) ხელმძღვანელობდა NKVD-ს გენერალ-მაიორი გიორგი კარპოვი.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სტალინს თურქეთთან ომის გეგმაც ჰქონდა. საქართველოს, მისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, ამ ომში საკვანძო მნიშვნელობა ეკისრებოდა, შესაბამისად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც ვალდებული იყო სტალინისეული მითითებების თანახმად ემოქმედა. საბედნიეროდ, საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის ომი არ მოხდა, თუმცა დარჩა ნარატივი, რომლის თანახმადაც არამართლმადიდებელმა თურქეთმა მიიტაცა საქართველოს უძველესი ტერიტორიები და იქ არსებული ეკლესია-მონასტრები, რისი დაბრუნების ერთადერთი გზაც მართლმადიდებელ რუსეთთან და მის ლიდერთან მჭიდრო კავშირებია.
შემთხვევითი არაა, რომ ქართულ საზოგადოებაში სტალინის ღრმადმორწმუნე მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით ბევრი მითი არსებობს, რომელთა გაბათილების ერთადერთი გზაც ისტორიული ფაქტებისა და დოკუმენტების ანალიზი და მათი საზოგადოების ფართო მასებისთვის გაცნობის მცდელობაა, სხვა შემთხვევაში, ამგვარი მითები კვალავაც გააგრძელებენ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას.