მითი, თითქოს ევროკავშირი საქართველოს ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას ავალდებულებს, მცდარია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2222222
621
VIEWS

საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული „ასოცირების შესახებ შეთანხმება” ერთსქესიანი ქორწინების საკითხს არ უკავშირდება. თუმცა, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, შეთანხმებასაქართველოში უმცირესობების უფლებებისდაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე საუბრობს. კერძოდ, საქართველო და ევროკავშირი თანხმდებიან, რომ გააძლიერებენ დიალოგსა და თანამშრომლობას ნებისმიერი ფორმის, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.

2014 წლის მაისში, ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ”. კანონის მიზანიაყველა სხვა სოციალური ჯგუფის, მათ შორის სექსუალური უმცირესობების, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა. თუმცა, არც ეს კანონი შეეხება ერთსქესიანი ქორწინების საკითხს.

ევროკავშირის მმართველი ორგანოების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების კომპეტენციები ერთმანეთისგან გამიჯნულია. თუ ევროკავშირის ექსკლუზიურ კომპეტენციას განეკუთვნება მონეტარული პოლიტიკის, საბაჟო და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მთავრობები დამოუკიდებლად წყვეტენ ქორწინებასა და საოჯახო სამართალთან დაკავშირებულ საკითხებს. ამიტომ, ევროკავშირს არასდროს განუხილავს წევრ სახელმწიფოებში ან წევრობის კანდიდატ ქვეყნებში ერთსქესიანი ქორწინების აღიარების საჭიროება.

თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება ერთსქესიანი ქორწინების მიმართ არაერთგვაროვანია. ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოდან მსგავსი ტიპის ქორწინება 7 ქვეყანაშია დაშვებული (დანია, შვედეთი, პორტუგალია,ესპანეთი, ბელგია, საფრანგეთი და ნიდერლანდები). ლუქსემბურგში ერთსქესიანი ქორწინების აღიარება 2015 წლიდან იგეგმება. გარდა ამისა, გაერთიანებულ სამეფოში მსგავსი ქორწინება 2014 წლიდან დასაშვები გახდა ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში, თუმცა ჩრდილოეთ ირლანდიაში იკრძალება.

ევროკავშირის წევრ 9 ქვეყანაში ერთსქესიანი ქორწინების უფლება არ არის უზრუნველყოფილი, თუმცა ერთსქესიანი წყვილებისთვის შესაძლებელია სხვადასხვა სახის რეგისტრირებული (სამოქალაქო)პარტნიორობის გაფორმება (ავსტრია, ხორვატია, ჩეხეთი, გერმანია, უნგრეთი, სლოვენია, ფინეთი, მალტა და ირლანდია). სამოქალაქო პარტნიორობა წყვილებს შორის წარმოშობს სხვადასხვა ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს, მათ შორის, მემკვიდრეობისა და შვილებზე მეურვეობის სფეროში. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ(ECJ) 2012 წელს დაადგინა, რომ რეგისტრირებული პარტნიორობის მონაწილე პირებს ისეთივე სოციალური შეღავათებით სარგებლობის უფლება უნდა ჰქონდეთ, როგორც ჩვეულებრივ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფებს აქვთ.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, სადაც ერთსქესიანი ქორწინებაა აღიარებული (პორტუგალიის გარდა), ერთსქესიან წყვილებს შვილად აყვანის უფლებაც აქვთ. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებშიც რეგისტრირებული პარტნიორობაა დაშვებული, ერთსქესიან წყვილებს მხოლოდ ბიოლოგიური გერის შვილად აყვანა შეუძლიათ. ერთადერთი გამონაკლისია მალტა, სადაც ერთსქესიანი წყვილები შვილად აყვანის სრულფასოვანი უფლებით სარგებლობენ.

ევროკავშირის 10 ქვეყანა არც ერთსქესიან ქორწინებას აღიარებს და არც სამოქალაქო პარტნიორობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს (იტალია, საბერძნეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ბულგარეთი და კვიპროსი). ხუთ მათგანში, პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში, ერთსქესიანი ქორწინება კონსტიტუციით არის აკრძალული. ამასთან, უნგრეთსა და ხორვატიაში, სადაც რეგისტრირებული პარტნიორობა აღიარებულია, ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვას, ასევე, კონსტიტუცია ითვალისწინებს.

ევროპის ქვეყნების განსხვავებული დამოკიდებულება ერთსქესიანი ქორწინების მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) იურისპრუდენციაზეც აისახა. 2014 წელს ფინეთის წინააღმდეგ განხილულ საქმეში სასამართლომ განაცხადა, რომ ერთსქესიანი ქორწინება არ განეკუთვნებოდა ადამიანის ძირითადი უფლებების კატეგორიას. სასამართლოს დაკვირვებით, ევროპაში არ არსებობდა კონსენსუსი ერთსქესიანი ქორწინების აღიარებაზე და ამდენად, ამ საკითხის რეგულირება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერ ქვეყნებს საკუთარი შეხედულებით შეუძლიათ.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist