26 და 30 ნოემბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ფეისბუქზე ვიდეოები გამოაქვეყნა (1, 2), რომლის აღწერებშიც ის ამტკიცებს, რომ ებრაელი სამხედროები 2 წლის ბავშვს აპატიმრებენ. ვიდეოებში, რომლებიც ერთი და იმავე მოვლენას ასახავს, რამდენიმე წამიანი სხვაობით, ჩანს ისრაელის ორი ჯარისკაცი, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვს ხელით აკავებენ. შემდგომში კადრში შემოდის მამაკაცი, რომელიც ცდილობს ბავშვის გაყვანას, რის უფლებასაც მას ჯარისკაცები არ აძლევენ, საბოლოოდ კი დაახლოებით 10 წლის ბავშვს მცირეწლოვანი ძალის გამოყენებით გამოყავს უფროსების გარემოცვიდან, რაშიც ჯარისკაცები მას ხელს აღარ უშლიან.
ირაკლი ზაქარეიშვილის მიერ პოსტში გავრცელებული მტკიცება მანიპულაციურია. ებრაელმა ჯარისკაცებმა მცირეწლოვანი ბავშვი რამდენიმე წამით მართლაც “დააკავეს”, თუმცა ოფიცრების განცხადებით, ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ უფროსების დავალებით ის მათ პროვოკაციას უწყობდა.
გავრცელებული ვიდეო 2018 წელს მომხდარ მოვლენას ასახავს, როდესაც ჰებრონში ისრაელელმა ოფიცრებმა დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში 3 წლის პალესტინელი ბიჭი “დააკავეს.” ოფიცრების განცხადებით, ბავშვი მათთან უფროსების დავალებით ჯერ ქვების სასროლად, შემდეგ კი უკვე სახრახნისითა და სათლელით ხელმომარჯვებული, პროვოკაციის მოსაწყობად მივიდა. ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად გამოქვეყნდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, რომელმაც მოვლენა დააფიქსირა. ვიდეოში ჩანს, რომ ბავშვი შორი მანძილიდან ისვრის ქვებს ისრაელელი ჯარისკაცების მიმართულებით, რის საპასუხოდაც ერთ-ერთი მათგანი ბავშვისკენ ნელ სვლას იწყებს, რის გამოც მცირეწლოვანი გარბის და კამერის დაფარვის ზონას სცდება.
გაურკვეველი დროის შემდეგ ბავშვი კადრში კვლავ ჩნდება და ოფიცრების მიმართულებით იწყებს სირბილს. მათთან მიახლოების შემდეგ ოფიცერი მას იჭერს, რის შედეგადაც იქვე მყოფი პირები (სავარაუდოდ პალესტინელები) უახლოვდებიან ჯარისკაცებს და სწორედ ერთ-ერთი მათგანი იღებს ვიდეოს, რომელიც ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა.
ისრაელურმა მედია Haaretz ესაუბრა მოვლენის თვითმხილველს, რომელმაც განაცხადა, რომ ისრაელელმა ოფიცერმა მცირეწლოვანსა და მის დედას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც გაბრაზებულმა ბავშვმა სახლიდან ბოსტნეულის სათლელი აიღო და მათკენ გაემართა.
ისრაელის სასაზღვრო პოლიციის განცხადებით, მსგავს პროვოკაციებს, მათ შორის პატარა ბავშვების გამოყენებით, პალესტინელები ხშირად მიმართავენ. ზოგჯერ მცირეწლოვნებს ასაფეთქებელ ქამრებსაც კი უკეთებენ, რის გამოც ოფიცრები ყველა სიტუაციაში განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ. იმის გამო, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვს ხელში სახრახნისი ეკავა, მათ ის დააკავეს იქამდე, სანამ მათთან მივიდა მამა, რომლისგანაც მოითხოვეს ახსნა-განმარტების მიღება, რის შემდეგაც ბავშვი გაათავისუფლეს.
წყაროს შესახებ
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ისრაელ-ჰამასის ომის შემდეგ, ის რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციას. ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც მრავალჯერ გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.