კონსპირაციის თეორია, თითქოს 1947 წელს აშშ-ში უცხოპლანეტელების ხომალდი ჩამოვარდა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

498
VIEWS

18 ნოემბერს რუსულენოვანმა ფეისბუქ-გვერდმა “Media Station” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც უცხოპლანეტელებისა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ არის საუბარი. ავტორი ამტკიცებს, რომ 1947 წლის ივლისში, ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ როუზველში ჩამოვარდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი – უცხოპლანეტელთა ხომალდი, ამერიკული სპეც. სამსახურის თანამშრომლებმა კი შეძლეს ერთ-ერთი ცოცხალი უცხოპლანეტელის ხელში ჩაგდება და მისი გადამალვა. ვიდეოში მოთხრობილია მთელი ისტორია, თუ როგორ ხერხდებოდა უცხოპლანეტელებთან კონტაქტის დამყარება, შემდეგ როგორ გაგზავნეს 12 თანამშრომელი “ზონა 51-დან“ პლანეტა “სერპოზე“, რომელიც ორი მზის შუაში მდებარეობს და იქ ადამიანისთვის სასიცოცხლო სივრცე არსებობს.  

utskhoplanetelebi კონსპირაციის თეორია, თითქოს 1947 წელს აშშ-ში უცხოპლანეტელების ხომალდი ჩამოვარდა

ქალაქ როუზველში უცხოპლანეტელების ხომალდის ჩამოვარდნისა და პლანეტა სერპოსთან აშშ-ის კავშირის შესახებ ისტორია შეთქმულების თეორიაა. რეალურად, 1947 წელს ქალაქში აშშ-ის სათვალთვალო ბუშტი ჩამოვარდა, თუმცა, განმარტების მიუხედავად, მომხდარმა დაუსრულებელ კონსპირაციის თეორიებს დაუდო სათავე. 

ავტორის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში მოთხრობილია, თუ როგორ დაეშვა 1964 წლის 24 აპრილს დედამიწაზე პლანეტა “სერპოზე” მცხოვრები უცხოპლანეტელების ხომალდი, ჩამოფრენილებთან კი კომუნიკაცია აშშ-ის მაღალი თანამდებობის 16 პირს, მათ შორის, პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონს ჰქონდა. ასევე, ავტორი ამტკიცებს, რომ შერჩევისა და წვრთნების შემდეგ პლანეტაზე 12 ადამიანი გაგზავნეს, მათგან 2 დაიღუპა, 2 საცხოვრებლად “სერპოზე” დარჩა, 8 კი 13 წლის შემდეგ დაბრუნდა. ვიდეოში დასახელებული არცერთი ფაქტი სანდო და ღია წყაროებით არ დასტურდება. ნაცვლად ამისა, უცხოური გამოცემები მომხდარს აშუქებენ, როგორც შემთხვევას, რომელმაც შეთქმულების თეორიებსა და კონსპირაციებს დაუდო სათავე (1;2;3). ხსენებულ ნარატივს არ ჰყავს კონკრეტული წყარო. ვიდეოს ავტორის “საინტერესო ისტორიის” გაგრძელებას მაყურებელს მომდევნო ეპიზოდებშიც ჰპირდება.  

1947 წელს ნიუ-მექსიკოში ნამდვილად მოხდა ინციდენტი, რომელიც როუზველის ინციდენტის სახელით არის ცნობილი. თავდაპირველად, აშშ-ის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ნამსხვრევები “მფრინავი დისკის” იყო, რამაც ხელი შეუწყო კონსპირაციის თეორიების გავრცელებას. მოგვიანებით გაკეთდა განმარტება, რომ ადგილზე მაღალი სიმაღლის ბუშტი ჩამოვარდა, თუმცა დაზუსტებამ კონსპირაციის თეორიები ვერ შეაჩერა. 1994 წელს საბოლოოდ გაირკვა, რომ ნამსხვრევები, რეალურად, სათვალთვალო ბუშტს ეკუთვნოდა და ის  იყო აშშ-ს გასაიდუმლოებული პროექტის, Mogul-ის ნაწილი, რომლის მიზანსაც საბჭოთა ბირთვული ბომბის ტესტების აღმოჩენა და მონიტორინგი წარმოადგენდა. 1997 წელს საჰაერო ძალების საბოლოო მოხსენებაში “როუზველის მოხსენება: საქმე დახურულია” გამოთქმულია მოსაზრება, რომ მტკიცება, თითქოს ადგილზე უცხოპლანეტელების სხეულები იპოვეს, შესაძლოა, მომდინარეობდეს თვითმხილველების მიერ სხვადასხვა დროს მომხდარი ფაქტების “შერწყმიდან” – ადამიანებმა ერთმანეთს დაუკავშირეს, ერთი მხრივ, 1947 წელს ბუშტისთვის გამოყენებული სატესტო მანეკენები და, მეორე მხრივ, 1950-იან წლებში მომხდარი ავიაკატასტროფა, როდესაც ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების 11 თანამშრომელი დაიღუპა; ასევე საჰაერო ბურთის კიდევ ერთი ავარია, როდესაც საჰაერო ძალების ორი პილოტი დაშავდა.

ფეისბუქ-გვერდის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში გამოყენებული კადრები ამოჭრილი არის ფილმიდან/სერიალიდან ან აწყობილია პროგრამულად. მაგალითად, ვიდეოში 0:03 წუთიდან გამოყენებული კადრი, რომელშიც ვხედავთ, თუ როგორ ვარდება მფრინავი თეფში, სერიალ The X-Files-დან არის აღებული.  

კადრი გავრცელებული კონსპირაციული ვიდეოდან კადრი სერიალიდან The X-Files
utskhoplanetelebi2 კონსპირაციის თეორია, თითქოს 1947 წელს აშშ-ში უცხოპლანეტელების ხომალდი ჩამოვარდა utskhoplanetelebi3 კონსპირაციის თეორია, თითქოს 1947 წელს აშშ-ში უცხოპლანეტელების ხომალდი ჩამოვარდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში 1947 წლიდან იზრდება ინტერესი სამეცნიერო ფანტასტიკისადმი: შეითხზა უამრავი ამბავი “ზონა 51-ის”, უცხოპლანეტელებისა და ამოუცნობი ხომალდების შესახებ. გადაიღეს ფილმები, შექმნეს კომიქსები და თამაშები. 

1947 წელს როუზველთან ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ჩამოვარდნასა და მასთან დაკავშირებულ ისტორიებზე მასალებს ვაწყდებით ქართულენოვან წყაროებშიც (1;2). 

უფოლოგია სწორედ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს შეისწავლის, ძირითადად იმ ადამიანების მიერ, ვისაც არამიწიერი არსებების დედამიწაზე სტუმრობის სჯერათ. გამომდინარე იქიდან, რომ უფოლოგები გამოთქმულ მოსაზრებებს ფაქტებით ვერ ადასტურებენ და ხშირად კონსპირაციულ თეორიებს მიმართავენ, უფოლოგია ფსევდომეცნიერებად ითვლება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist