30 ნოემბერს ვებ-პორტალმა “საქართველო და მსოფლიო” გამოაქვეყნა პრორუსი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის, ვალერი კვარაცხელიას წერილი სათაურით – “ჯოჯოხეთის ექო.” ავტორი განიხილავს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ღაზის სექტორის შესახებ გაკეთებულ კომენტარს. როგორც წერილში ვკითხულობთ, ბორელმა თქვა: “აზრს ვერ ვხედავ იმაში, რომ ვიღაცას დღეს სადილი მიართვა, თუკი იცი, რომ ის ვიღაცა ხვალ დაბომბვის შედეგად მაინც უნდა დაიღუპოს.”
ჯოზეფ ბორელის ციტატა უკონტექსტოდ ვრცელდება. რეალურად, ბორელმა თქვა, რომ ჰუმანიტარული დახმარება საჭიროა, თუმცა არ არის საკმარისი, რადგან ღაზის სექტორში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად დაბომბვა უნდა შეწყდეს.
27 ნოემბერს ჯოზეფ ბორელი ხმელთაშუა ზღვის კავშირის რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. ბორელმა ისრაელ-ჰამასის 2023 წლის კონფლიქტსა და ღაზის სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
ბორელმა აღნიშნა, რომ ისრაელი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს უნდა დაემორჩილოს და პალესტინელმა ხალხმა არ უნდა აგოს პასუხი ჰამასის ქმედებებზე. მისივე სიტყვებით, კავშირის წევრებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა შეამცირონ მოქალაქეების ტანჯვა, რისთვისაც ჰუმანიტარული დახმარებაა საჭირო.
“თუმცა, აზრი არ აქვს, მისცე საკვები ვიღაცას, ვისაც მომდევნო დღეს მოკლავენ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ დაბომბვა და ჩვენ უნდა ავიცილოთ დამატებითი მსხვერპლი. ჰუმანიტარული დახმარება საჭიროა, მაგრამ საკმარისი არ არის”. – თქვა ჯოზეფ ბორელმა.
ჯოზეფ ბორელმა მსგავსი შინაარსის განცხადება 18 ნოემბერს, ბაჰრეინში გამართულ ფორუმზეც გააკეთა.
“მშვიდობიანი მოქალაქეების ტანჯვა მხოლოდ გაიზრდება, თუ ჩვენ ამის [ომის] შეჩერებას ვერ შევძლებთ. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ჩვენ გავზარდეთ ჰუმანიტარული დახმარება და, რა თქმა უნდა, მეტი უნდა გავაკეთოთ. თუმცა, აზრი არ აქვს ვახშამი მომცე ამ ღამით, თუ ხვალ ჩემს მოკვლას აპირებ. ასე რომ, დიახ, ჰუმანიტარული დახმარება საჭიროა, თუმცა მეტად საჭიროა იმ მიზეზის შეჩერება, რის გამოც ჰუმანიტარული დახმარება ხდება საჭირო.” – თქვა ბორელმა.
ბორელის ციტატის მხოლოდ პირველი ნაწილის გავრცელება აჩენს აღქმას, თითქოს მან თქვა, რომ ღაზის სექტორში მყოფი ადამიანებისთვის დახმარების მიწოდებას აზრი არ აქვს, რადგან ისინი დაღუპვისთვის არიან განწირული. რეალურად, ბორელის შეფასებით, ჰუმანიტარული დახმარება მნიშვნელოვანი და საჭიროა, თუმცა საკმარისი არ არის, რადგან ღაზის სექტორში მოქალაქეების დასახმარებლად დაბომბვების შეწყვეტაა აუცილებელი
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.