20 დეკემბერს ფეისბუქ-პროფილმა მაია თვალთვაძე გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც Covid-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინები ე.წ “ტურბო კიბოს” იწვევს. პოსტში თვალთვაძე კომპანია Pfizer-ის მიერ კიბოს მკურნალობაზე კონცენტრირებული ბიოტექნოლოგიური კომპანიის Seagen-ის შესყიდვაზეც საუბრობს. პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ Pfizer-ი მისვე ვაქცინით გამოწვეული “ტურბო კიბოს” მკურნალობაში იქნება ჩართული.
“ტურბო კიბოზე” ინფორმაცია რუსულენოვან წყაროებშიც გავრცელდა. 23 ნოემბერს ერთ-ერთ რუსულენოვან ფეისბუქ-ჯგუფში გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, ვაქცინა “ტურბო კიბოს” იწვევს. მანამდე, 1 აგვისტოს რუსულენოვან ანტივაქსერულ ვებ-საიტზე Redko-Da-Metko.ru გამოქვეყნდა სტატია სათაურით “ტურბო კიბო” უკვე ახალგაზრდებში: ექსპერტები განგაშის ზარს სცემენ.” სტატიის მიხედვით, “ტურბო კიბო” აგრესიული, სწრაფად პროგრესირებადი კიბოა, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება და, პირველ რიგში, Covid-19-ზე აცრის შემდეგ ახალგაზრდებში ვლინდება. სტატიაში მოყვანილია რამდენიმე სამედიცინო სტატია, ერთ-ერთი მათგანი ლაბორატორიაში თაგვისთვის mRNA ვაქცინის ბუსტერ დოზის შეყვანის შემდეგ კიბოს განვითარების შემთხვევას აღწერს.
აგრეთვე, 3 აგვისტოს ამერიკული ულტრა-მემარჯვენე და კონსპიროლოგიური გამოცემის The Epoch Times-ის რუსულენოვანმა გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც mRNA ვაქცინებს “ტურბო კიბოსთან” აკავშირებს.
მტკიცება, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინა ე.წ “ტურბო კიბოს” იწვევს, სიმართლეს არ შეესაბამება. არ არსებობს სამედიცინო-სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ mRNA ვაქცინები რაიმე სახის კიბოს იწვევს.
-
არ არსებობს მტკიცებულებები, რომ mRNA ვაქცინა კიბოს იწვევს
არ არსებობს სამედიცინო და სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინა კიბოს იწვევს. კიბოს მკურნალობაში აშშ-ის ერთ-ერთი მოწინავე საავადმყოფოს, სლოუნ კეტერინგის სახელობის კიბოს მემორიალური ცენტრის (MSKCC) ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ვაქცინების კიბოს გამოწვევა არ შეუძლიათ.
MSKCC: “არც ერთი ვაქცინა არ ურთიერთქმედებს დნმ-თან. მათ კიბოს გამოწვევა არ შეუძლიათ. მითია, რომ Covid-19-ის ვაქცინას რაიმე გზით შეუძლია გათიშოს ის გენები, რომლებიც სიმსივნის განვითარებას თრგუნავენ.
მესენჯერ რნმ (mRNA) განსხვავდება დნმ-ისგან და არ შეუძლია შეუერთდეს დნმ-ს და შეცვალოს გენეტიკური კოდი. mRNA-მ ვაქცინები ვირუსის გენეტიკური კოდის მცირე ნაწილებს იყენებს, რათა იმუნურ სისტემას ასწავლოს იმ ცილის წარმოება, რომელიც ინფიცირების შემთხვევაში იმუნურ პასუხს გააქტიურებს. mRNA ვაქცინა არ აღწევს უჯრედის ბირთვში, რომელიც დნმ-ს შეიცავს”.
მტკიცება, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინები “ტურბო კიბოს” იწვევს არაერთმა გამოცემამ და ფაქტების გადამოწმების სამსახურმა გადაამოწმა და უარყო, მათ შორის Factcheck.org-მა, Reuters-მა, AFP Fact-check-მა (1;2), PolitiFact-მა, USA Today-მ.
Reuters-თან საუბარში ხუთმა სხვადასხვა ექსპერტმა, ჯანდაცვის უსაფრთხოების ჯონ ჰოპკინსის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა და იმუნოლოგიის ექსპერტმა, დოქტორმა ჯიჯი გრონვალმა, სამეცნიერო ჟურნალ Nature-ის კიბოსთან სპეციალიზებული გამოცემის Оncogene-ის მთავარმა რედაქტორმა და ლონდონის იმპერიული კოლეჯის ონკოლოგიის მიმართულების მიწვეულმა პროფესორმა ჯასტინ სტებინმა, ედინბურგის უნივერსიტეტის იმუნოპათოლოგიის ხელმძღვანელმა პროფესორმა ნილ მაბოტმა და რადიოლოგების სამეფო კოლეჯის სამედიცინო დირექტორმა დოქტორმა ნიკი ტროპმა, დაადასტურეს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ Covid-19-ის ვაქცინები კიბოს იწვევენ. ექსპერტებმა ისიც აღნიშნეს, რომ ტერმინი “ტურბო კიბო” სამედიცინო სფეროში არ გამოიყენება.
არსებითად “ტურბო კიბო” ტერმინია, რომელსაც ანტივაქსერულად განწყობილი ადამიანები იყენებენ და მტკიცებულებების გარეშე აცხადებენ, რომ Covid-19-ის ვაქცინები სწრაფად პროგრესირებად კიბოს იწვევს.
გარდა ამისა, Reuters-თან მიმოწერაში ექსპერტებმა განმარტეს, რომ პანდემიის შემდეგ კიბოს დიაგნოზირების რაოდენობის ზრდა ყველაზე დიდი ალბათობით დაკავშირებულია პანდემიის დროს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვასთან. იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიის დროს ჯანმრთელობის რუტინული შემოწმებები და გეგმიური კვლევები ნაკლებად იყო ხელმისაწვდომი, ვინაიდან ჯანდაცვის სისტემა კოვიდ-პაციენტების მკურნალობაზე იყო კონცენტრირებული, პანდემიის მიწურულს როდესაც ჯანდაცვის სისტემამ ჩვეულ სამუშაო პროცესთან დაიწყო დაბრუნება, ერთიანად კიბოს უფრო მეტი შემთხვევის გამოვლენა მოხდა.
Тhe Lancet Oncology-ის ანგარიშის შეფასებით, ევროპაში პანდემიის პირველი წლის განმავლობაში 100 მილიონი სკრინინგის ვიზიტი გაცდა, ექიმებმა მიიღეს კიბოს დიაგნოზის მქონე 1.5 მილიონით ნაკლები პაციენტი, 50%-მა მკურნალობა დროულად არ დაიწყო და მილიონამდე ადამიანს, შესაძლოა, არადიაგნოზირებული კიბო ჰქონდეს.
Тhe Vaccine Knowledge Project-ის წარმომადგენელმა Reuters-თან საუბარში აღნიშნა, რომ შესაძლოა, პანდემიის პერიოდში კიბოს დიაგნოზის დასმის ნაკლები შემთხვევა იმითაც იყო განპირობებული, რომ ადამიანები უფრო დიდხანს ელოდებოდნენ ექიმთან ვიზიტს.
“სამწუხაროდ ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ როდესაც კიბოს “ახალი” შემთხვევების დიაგნოზირება ხდება, ისინი უფრო მეტად არის განვითარებული, ვიდრე ადრე რომ მომხდარიყო დიაგნოზირება, რაც ნიშნავს, რომ მათი მკურნალობა უფრო რთულია” – აღნიშნა Тhe Vaccine Knowledge Project-ის წარმომადგენელმა.
“მაია თვალთვაძე” თავის პოსტში Pfizer-ის მიერ მიერ კიბოს მკურნალობაზე კონცენტრირებული ბიოტექნოლოგიური კომპანიის, Seagan-ის შესყიდვაზე საუბრობს. პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ Pfizer-მა ჯერ ვაქცინებით კიბოს განვითარებას შეუწყო ხელი, ხოლო შემდეგ იყიდა კომპანია, რომელიც ამ კიბოს განკურნებისთვის დასჭირდება. მტკიცება თავისი შინაარსით კონსპირაციულია. Pfizer-მა Seagen ნამდვილად შეისყიდა, თუმცა, როგორც აღინიშნა, ვაქცინები კიბოს არ იწვევს, შესაბამისად პოსტში მოყვანილი მსჯელობა საფუძველს არის მოკლებული.
Pfizer-ის მიერ Seagen-ის შესყიდვასთან დაკავშირებით Reuters-ის გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ კომპანია სხვადასხვა კომპანიების შესყიდვაზე მუშაობს, რადგან 2030 წლისთვის შემოსავლების შემცირებას ელის მის მიერ წარმოებულ რამდენიმე მედიკამენტზე პატენტის ვადის გასვლის და Covid-19 ვაქცინებზე მოთხოვნის შემცირების გამო. აღსანიშნავია ისიც, რომ Seagen-ის შესყიდვამდეც Pfizer-ი ონკოლოგიური პორტფოლიო 24 დადასტურებულ მკურნალობის საშუალებას მოიცავდა. Seagen-ის შესყიდვით კი 4 მედიკამენტზე მოიპოვებს უფლებას. შესაბამისად, კომპანიის შესყიდვამდეც Pfizer-ი სხვადასხვა კიბოს სამკურნალო მედიკამენტების ფართო სპექტრს აწარმოებდა.
-
თაგვებზე ჩატარებული კვლევა, არ ადასტურებს, რომ mRNA ვაქცინა კიბოს იწვევს
Redko-Da-Metko-ს სტატიაში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ კიბოს განვითარების დასადასტურებლად თაგვებზე ჩატარებული კვლევაა მოყვანილი. სტატიაში აღნიშნულია, რომ კვლევის დროს Covid-19-ს ვაქცინის ბუსტერ დოზის მიღებიდან 2 დღეში თაგვი ლიმფომით მოკვდა.
კვლევა სამედიცინო ჟურნალში Frontiers in Oncology ნამდვილად გამოქვეყნდა და კვლევის ფარგლებში თაგვებს Pfizer-ის ვაქცინის მაღალ დოზებს აძლევდნენ, 14-იდან ერთი თაგვი ლიმფომით მართლაც მოკვდა, თუმცა კვლევა არ აჩვენებს, რომ თაგვის კიბო ვაქცინასთან იყო დაკავშირებული. კველვასთან დაკავშირებული მცდარი მტკიცებები Factcheck.org-მა და AFP Fact-check-მა გადაამოწმეს.
კვლევა კიბოსთან დაკვშირებული არ იყო. მის ფარგლებში მკვლევრები ცდილობდნენ, თაგვებისთვის ვაქცინის მაღალი დოზის პირდაპირ სისხლში მიწოდებით მიოკარდიტი, გულის კუნთის ანთება გამოეწვიათ. მიოკარდიტი Covid-19-ის საწინააღდეგო mRNA ვაქცინის იშვიათი სერიოზული გვერდითი მოვლენაა და მეცნიერებს სწორედ ამ გვერდითი მოვლენის შესწავლა უნდოდათ. კვლევის დროს თაგვებში რთული გვერდითი მოვლენები ძირითადად არ გამოვლენილა. ერთი თაგვი ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 2 დღის შემდეგ ლიმფომით გარდაიცვალა.
Factcheck.org-თან მიმოწერაში, Covid-19-ის და კიბოს კონსორციუმის რეესტრის კოორდინატორმა და ბრაუნის უნივერსიტეტის მკვლევარმა, სანჯეი მიშრამ აღნიშნა, რომ ამ კვლევაში გამოყენებული თაგვების სახეობა სარკომებისა და ლიმფომების განვითარებისკენ არის მიდრეკილი, რის გამოც მათ ხშირად კიბოსთან დაკავშირებულ კვლევებში იყენებენ. მიშრამ ასევე აღნიშნა, რომ იქიდან გამომდინარე რომ თაგვებს ვაქცინის ძალიან დიდ დოზას ინტრავენურად აწვდიდნენ, ეს კვლევას ზღუდავს, რაც მისი განზოგადების საშუალებას არ იძლევა.
თავად კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ანტვერპის უნივერსიტეტში კარდიოვასკულარული დაავადებების მკვლევარმა, სანდერ ეენსმა სოციალურ მედიაში მისი კვლევის ინტერპრეტაცია გააკრიტიკა. ეენსმა აღნიშნა, რომ გამოქვეყნებული ანგარიში არასწორად არის წარმოჩენილი, როგორც ვაქცინის მიერ კიბოს გამოწვევის მტკიცებულება.
სანდერ ეენსმა ისიც აღნიშნა, რომ ანგარიში არ ცდილობს, ლიმფომასა და mRNA ვაქცინას შორის მიზეზობრივი კავშირი აღნიშნოს. მისი თქმით, მან და მისმა კოლეგებმა კიდევ 70 თაგვზე გაიმეორეს იგივე ექსპერიმენტი და კიბოს არც ერთ შემთხვევაში გამოვლენილა.
ეენსი: “ბოლოს, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ COVID-19 ვაქცინებმა აჩვენა განსაკუთრებული უსაფრთხოება და ეფექტურობა პანდემიასთან ბრძოლაში და სერიოზული გვერდითი მოვლენების გამოვლინებები COVID-19 ვაქცინაციის შემდეგ ძალიან იშვიათია. [..] დღემდე, არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება mRNA ვაქცინებისა და კიბოს განვითარებას შორის მიზეზობრივი კავშირის შესახებ.”
წყაროების შესახებ:
The Epoch Times კონსპირაციული, ფსევდომეცნიერული და დეზინფორმაციული გამოცემაა, რომელიც სხვადასხვა თემაზე, მათ შორის პონდემიაზე ყალბ ინფორმაციას ხშირად ავრცელებს. 2019 წელს Facebook-მა Тhe Epoch Times-სთან დაკავშირებული 600-ზე მეტი ანგარიში წაშალა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნი ყალბ იდენტობებს იყენებდნენ და სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის არჩევნებსა და პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კოორდინირებულად ავრცელებდნენ ინფორმაციას. The Epoch Times-ის მიერ Covid-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა წარსულშიც გადაამოწმა:
Redko Da Metko რუსულენოვანი საიტია, რომელიც სხვადასხვა თემაზე, ქიმტრეილებზე, 5G-ს საფრთხეზე, ვაქცინებზე სისტემატურად ავრცელებს კონსპირაციის თეორიებს. საიტის მიერ ვაქცინების შესახებ გავრცელებული რიგი დეზინფორმაციული მტკიცებები მითების დეტექტორმა წარსულშიც გადაამოწმა.
რაც შეეხება ფეისბუქ ანგარიშის, მაია თვალთვაძე, ის რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
არქივის ბმულები: redko-da-metko.ru; The Epoch Times (rus)
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.