ბიოლაბორატორიებზე მორიგ დეზინფორმაციას რუსეთის გრუ-სთან დაკავშირებულ დასავლურ გამოცემასთან მივყავართ

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

2.4k
VIEWS

14 ნოემბერს ფეისბუქ-ჯგუფში ანტილაბ-საქართველო მომხმარებელმა Lado Qartvelishvili-ი გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვით, სლოვაკურმა გამოცემამ Hlavný dennik-მა აშშ-ის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში გახსნილ ბიოლაბორატორიებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ისაუბრა.

სლოვაკურმა გამოცემა Hlavny Dennik-მა სტატია “ბიოლოგიური იარაღი ამერიკულ ლაბორატორიებში საფრთხეს უქმნის მსოფლიოს არსებობას” 7 ნოემბერს გამოაქვეყნა. თავად სლოვაკური გამოცემის მთავარი წყარო ამერიკულ ულტრამემარჯვენე, კონსპირაციულ და ყალბი ამბების გამავრცელებელი გამოცემა Natural News-ია. ხოლო Natural News-ის ერთ-ერთი ძირითადი წყარო GlobalResearch-ზე 25 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატიაა სათაურით “აშშ-ის ბიოლაბორატორიები ნიგერიაში საფრთხეს უქმნის აფრიკასა და მთელ მსოფლიოს”. პუბლიკაციებში “სახიფათო” ბიოლოგიური კვლევების პროგრამები აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან არის დაკავშირებული (DTRA). მთლიანობაში გამოცემები ერთმანეთზე და რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით რამდენიმე მტკიცებას იმეორებს:

  1. ნიგერიაში აშშ-ის ბიოლაბორატორიებში წლების განმავლობაში სახიფათო პათოგენების გასაიდუმლოებული კვლევები მიმდინარეობს. ამ ბიოლაბორატორიების ახლოს ხშირად ხდება უცნაური დაავადებების გავრცელება.
  2. ჯანმო-მ უგულვებელყო რუსეთის მოთხოვნები ნიგერიაში ბიოლაბორატორიების შემოწმებაზე
  3. ჟურნალისტმა დილიანა გაიტანჯიევამ საქართველოში სახიფათო ბიოლაბორატირიების საქმიანობა გამოაშკარავა
  4. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რობერტ კენედი უმცროსმა დაადასტურა ამერიკელების მიერ უკრაინასა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ბიოლოგიური იარაღის წარმოება

Hlavný dennik-ის სტატია კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამ – ИНОСМИ-მ, Голос Отечества-მ და NewsFront-ის ინგლისურენოვანმა გამოცემამაც გააშუქა. იდენტური ინფორმაცია გაავრცელა ყაზახურმა მედიამ Kazakhstan Today-მ. ინფორმაცია ასევე გაავრცელეს რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმაც (1,2,3,4).

Screenshot 2023 11 27 103342 ბიოლაბორატორიებზე მორიგ დეზინფორმაციას რუსეთის გრუ-სთან დაკავშირებულ დასავლურ გამოცემასთან მივყავართ Screenshot 2023 11 27 103347 ბიოლაბორატორიებზე მორიგ დეზინფორმაციას რუსეთის გრუ-სთან დაკავშირებულ დასავლურ გამოცემასთან მივყავართ

მედიაში გავრცელებული მტკიცებები დეზინფორმაციული შინაარსისაა და კონსპირაციის თეორიას ავითარებს: 1. ნიგერიაში არსებული ლაბორატორიები ჩვეულებრივ სამეცნიერო საქმიანობაშია ჩართული და ბიოლოგიურ იარაღთან ან სახიფათო ვირუსების გავრცელებასთან დაკავშირებული არ არის. 2. ჯანმო-ს რუსეთისგან ნიგერიაში ლაბორატორიების შემოწმების მოთხოვნა არ მიუღია. 3. დილიანა გაიტანჯიევა კრემლთან დაკავშირებული ბულგარელი ჟურნალისტია, რომელიც წლებია ბიოლაბორატორიებზე დეზინფორმაციას ავრცელებს. 4. რობერტ კენედი უმცროსი სისტემატურად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს

1. ნიგერიაში არსებული ბიოლაბორატორიები ჩვეულებრივ სამეცნიერო კვლევებშია ჩართული

ნიგერიაში სახიფათო “ბიოლაბორატორიებზე” სამივე სტატია საუბრობს. საბოლოო ჯამში ნიგერიასთან დაკავშირებული მტკიცებების წყარო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელის გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვის ბრიფინგია, რომელზეც მან მაიმუნის ყვავილის გავრცელება ნიგერიაში არსებულ 4 “ამერიკულ” ბიოლაბორატორიას დაუკავშირა. 

2022 წლის 31 მაისს ნიგერიის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი კირილოვის ბრალდებებს გამოეხმაურა და მისი მტკიცებები უარყო. უწყების ცნობით, კირილოვის ბრალდებები მტკიცებულებების გარეშეა და ნიგერიაში არსებული ლაბორატორიები შესაბამისი სადამკვირვებლო ორგანოებისთვის კარგად ცნობილია. მათი უმეტესობა ნიგერიის ფედერალური ხელისუფლების ჩართულობით Covid-19-ის პანდემიაზე საპასუხოდ და სხვა ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკური მიზნებით იყო ჩამოყალიბებული. ცენტრის განცხადებით, ლაბორატორიების ნაწილი აივ-ის კონტროლის წარმატებული პროგრამის ნაწილია და დაავადებების პრევენციას, დიაგნოსტიკას, დაკვირვებასა და კონტროლს უკავშირდება.

“ნიგერია მიესალმება ყველა ქვეყანასთან სამეცნიერო თანამშრომლობას და მიუღია მატერიალური მხარდაჭერა დიდი ბრიტანეთსიგან, გერმანიისგან, იაპონიისგან და ა.შ., ნიგერიას ასევე განიხილავდა ვაქცინების წარმოებას რუსეთთან თანამშრომლობით. ნიგერიასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობამ Covid პანდემიის პიკის დროს შექმნა ტექნიკური მხარდაჭერის, შესაძლებლობების გაძლიერების, საველე ჰოსპიტლების შექმნისა და ტექნიკით აღჭურვის შესაძლებლობები. ასევე მოიზიდა დაფინანსება შიდსი/აივ-თან და მალარიის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ჯანდაცვის პროგრამებისთვის” – აღნიშნულია ნიგერიის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებაში. 

ცენტრმა ასევე უარყო, რომ მაიმუნის ყვავილის გავრცელება რაიმე სახით ლაბორატორიებში კვლევით საქმიანობასთან არის დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ მაიმუნის ყვავილი 1956 წელს აღმოაჩინეს, ხოლო ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა 1970 წელს დადასტურდა. უსაფუძვლოა მტკიცებები, რომ ვირუსი ხელოვნურად არის შემუშავებული ან რომ ამჯერად ის ლაბორატორიიდან გავრცელდა.

27 მაისის ბრიფინგის დროს კირილოვმა ნიგერიაში არსებული ოთხი ლაბორატორია გამოყო და ე.წ. მტკიცებულებებს შორის სამი ლაბორატორიის ფოტოები წარადგინა. ფოტოების საშუალებით ფაქტების გადამოწმების ნიგერიულმა სამსახურმა FactCheckHub-მა სამივეს შესახებ ინფორმაცია მოიძია. ფოტოებზე აღბეჭდილია: ზარიაში ადამიანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში არსებული ლაბორატორიის აღჭურვილობა; აბუჯაში არსებული თავდაცვის სამინისტროს რეფერალური ლაბორატორია და კლინიკური კვლევის ცენტრი.

Screenshot 2023 11 27 103353 ბიოლაბორატორიებზე მორიგ დეზინფორმაციას რუსეთის გრუ-სთან დაკავშირებულ დასავლურ გამოცემასთან მივყავართ Screenshot 2023 11 27 103359 ბიოლაბორატორიებზე მორიგ დეზინფორმაციას რუსეთის გრუ-სთან დაკავშირებულ დასავლურ გამოცემასთან მივყავართ

  1. ადამიანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში არსებული ლაბორატორიის აღჭურვილობა, ზარია; 2. თავდაცვის სამინისტროს რეფერალური ლაბორატორია, ზარია 3. კლინიკური კვლევის ცენტრი, ზარია. წყარო: FactCheckHub

თითოეული ეს ლაბორატორია ნიგერიაში სხვადასხვა ინფექციური დაავადების, მათ შორის აივ-ის და ტუბერკულოზის, პრევენციის, კონტროლის და მათი საწინააღმდეგო ზომების შემუშავებისთვის აუცილებელ და მნიშვნელოვან კვლევებშია ჩართული. მათი საქმიანობა გამჭვირვალეა და რაიმე სახის საიდუმლოს არ წარმოადგენს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დეზინფორმაციულ მტკიცებებს მაიმუნის ყვავილის გავრცებასთან და ნიგერიაში ე.წ “ამერიკულ ბიოლაბორატორიებთან” დაკავშირებით გამოეხმაურა ნიგერიაში აშშ-ის საელჩოც.

“ასეთი ცნობები წმინდა წყლის ფაბრიკაციაა. მაიმუნის ყვავილის გავრცელებაში აშშ-ის მხარდაჭერილი ნიგერიის ლაბორატორიების კავშირზე ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ აქვს. გარდა ამისა, ნიგერიაში არ არსებობს „აშშ-ს მიერ კონტროლირებადი“ ლაბორატორიები.

ეს სიცრუე აკნინებს იმ სამუშაოს, რომელსაც შეერთებული შტატები, ნიგერიელ და მრავალმხრივ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, ერთობლივად ახორციელებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებში, მათ შორის დაავადებათა ზედამხედველობის, დიაგნოსტიკის, პრევენციისა და კონტროლის სფეროში.” – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სისტემატურად მართავს ბრიფინგებს რომლებზეც რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელის გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვი არაერთ დეზინფორმაციას ავრცელებს. რუსეთის ყალბი მტკიცებები “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. ბრიფინგები ძირითადად უკრაინას და აქ “სახიფათო” ბიოლოგიურ ან სამედიცინო ექსპერიმენტებს, ბიოლოგიური იარაღის შემუშავებას უკავშირდება. ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით ხშირად ექცევა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA). 1998 წლიდან DTRA-ს მისია მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების და ახალი საფრთხეების წარმოქმნის შეკავებაა. DTRA აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან პოტენციური საფრთხეების განეიტრალების მიზნით, რისი ერთ-ერთი მაგალითია ბიოლოგიური საფრთხეების შემცირების პროგრამა (BTRP). პროგრამა სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის და დანარჩენი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დასახმარებლად შეიქმნა, რათა მომხდარიყო საბჭოთა პერიოდში შექმნილი მასობრივი განადგურების იარაღის უსაფრთხოდ განეიტრალება და ამ ქვეყნებში ბიოუსაფრთხოების განმტკიცება. აღსანიშნავია, რომ BTRP პროგრამაში თავად რუსეთის ფედერაციაც წლების განმავლობაში მონაწილეობდა.

2. ჯანმო-ს რუსეთისგან ნიგერიაში ლაბორატორიების შემოწმების მოთხოვნა არ მიუღია

გავრცელებულ მტკიცებას, რომ ჯანმო რუსეთისგან ნიგერიაში ლაბორატორიების შემოწმების მოთხოვნებს უგულებელყოფს ორგანიზაცია 2 ივნისს გამოეხმაურა. აფრიკაში ჯანმო-ს რეგიონულმა დირექტორმა, დოქტორმა მატშიდისო მოეტიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ჯანმო-ს რუსული მხარისგან ნიგერიაში ლაბორატორიების შემოწმების ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღიათ.

ნიგერიაში ბიოლაბორატორიებთან დაკავშირებული დეზინფორმაცია აფრიკულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმებმა AfricaCheck-მა და Factcheckhub-მა ჯერ კიდევ 2022 წელს გადაამოწმეს.

3. დილიანა გაიტანჯიევა კრემლთან დაკავშირებული ბულგარელი ჟურნალისტია, რომელიც წლებია ლუგარის ლაბორატორიაზე და ასევე უკრაინაში “სახიფათო” ბიოლაბორატორიებზე დეზინფორმაციას ავრცელებს

დილიანა გაიტანჯიევა ბულგარელი ჟურნალისტია, რომელიც კრემლთან და კრემლის პროპაგანდისტულ გამოცემებთან არის დაკავშირებული. ის წლების განმავლობაში ავრცელებს დეზინფორმაციას ლუგარის ცენტრის შესახებ. მაგალითად 2020 წელს გაიტანჯიევა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ნიმუშების შეგროვებას მანიპულაციურად აკავშირედბდა ბიოლოგიური იარაღის შექმნასთან. ბიოლაბორატორიებთან დაკავშირებით გაიტანჯიევა დეზინფორმაციას ავრცელებდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც. 2022 წლის მარტში გაიტანჯიევა თავის ბლოგზე dilyana.bg საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო პერსონალის კვლევებზე დეზინფორმაციას ავრცელებდა. ვრცლად დილიანა გაიტანჯიევასა და საქმიანობის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მომზადებული პროფილი.

4, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი რობერტ კენედი უმცროსი სისტემატურად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს

რობერტ კენედი უმცროსი აშშ-ის პრეზიდენტის ჯონ კენედის ძმისშვილია. ამჟამად ის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატია. კენედი ანტივაქსერული ორგანიზაციის “Children’s Health Defense” დამფუძნებელია და წლების განმავლობაში ავრცელებს ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციას. 

ლაბორატორიების თემაზე კენედიმ X-ის (Тwitter) მფლობელთან X-ზე Twitter Space-ში დისკუსიის დროს ისაუბრა. კენედიმ განაცხადა, რომ ვიქტორია ნულანდმა კონგრესის წინაშე აღიარა, რომ უკრაინა ბიოლოგიური იარაღს ფლობს, რაც დეზინფორმაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში ნულანდმა თქვა, რომ უკრაინა ბიოლოგიურ კვლევით ცენტრებს ფლობს. ნულანდმა აღნიშნა, რომ რუსული ძალები შესაძლოა, მათზე კონტროლის მოპოვებას ცდილობდნენ.

კენედის მცდარი მტკიცებები არაერთხელ გადაამოწმა სხვადასხვა ფაქტების გადამოწმების სამსახურმა. (Factcheck.org, Fogically Facts) გარდა იმისა რომ კენედი ვაქცინებთან დაკავშირებით ავრცელებს დეზინფორმაციას, ის ამტკიცებდა რომ Wi-Fi ტვინის კიბოს იწვევს, წყალში არსებული ქიმიკატები ბავშვებში გენდერულ დისფორიას იწვევს, ანტიდეპრესანტები კი მასობრივ სროლის შემთხვევებთან არის დაკავშირებული. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი ის კრემლის ნარატივებს იმეორებდა, აზვიადებდა ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროების რიცხვს, აშშ უკრაინის ომში ჩათრევაში დაადანაშაულა, განაცხადა, რომ პუტინი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, ხოლო ზელენსკი სამშვიდობო პროცესს საბოტაჟს უწყობს.

წყაროების შესახებ:

აღსანიშნავია, რომ ბიოლაბორატორიებზე მორიგი დეზინფორმაციის გავრცელებისას კრემლის მედია მეტი დამაჯერებლობისთვის სლოვაკურ გამოცემას Hlavny Dennik-ს ციტირებს, თუმცა საბოლოო ჯამში ამ ინფორმაციის წყარო კვლავ რუსეთი და რუსეთის თავდაცვის სამინისტროა. რუსული მედიები სლოვაკურ გამოცემას ეყრდნობიან, სლოვაკური გამოცემა – ამერიკულს, ამერიკული Natural News კი კანადურ Global Research-ს, რომლის წყაროც საბოლოო ჯამში ისევ იგორ კირილოვია. 

ამასთანავე Natural News-ი ულტრამემარჯვენე და კონსპირაციული და ყალბი ამბების გამავრცელებელი რესურსია, რომელიც ექსტრემისტულ მასალებს, დეზინფორმაციას, შეთქმულების თეორიებს, ფსევდომეცნიერულ მტკიცებებს ავრცელებს. Natural News-ის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია ფაქტების გადამოწმების სხვადასხვა სამსახურმა არაერთხელ გადაამოწმა.

რაც შეეხება GlobalResearch-ს, ის “გლობალიზაციის კვლევის ცენტრის” რესურსია. ცენტრი თავს “დამოუკიდებელ კვლევის და მედია-ორგანიზაციად” წარმოაჩენს. მისი დამფუძნებელი კანადელი ეკონომისტი მიშელ ჩოსუდოვსკია. ჩუსოდოვსკი რუსული პროპაგანდისტული არხის RT-ს ხშირი სტუმარი იყო. თავად ჩუსოდოვსკი კრემლის ნარატივების გავრცელებას უარყოფს, თუმცა არაერთხელ გამოვლინდა, რომ GlobalResearch-ი დეზინფორმაციას ავრცელებს. 

2017 წელს ცნობილი გახდა, რომ GlobalResearch-ი რუსული დეზინფორმაციული ნარატივების გახმოვანების გამო NATO-ს ინფორმაციული ომის სპეციალისტების გამოძიების ობიექტი გახდა. 2020 წელს GlobalResearch-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო ანგარიშში “რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ეკოსისტემის საყრდენები” მოხვდა. ანგარიშის თანახმად, GlobalResearch-ი ღრმად არის ჩაფლული რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ეკოსისტემაში. ხოლო ავტორები და კონსპიროლოგები, რომლებიც საიტზე სტატიებს აქვეყნებენ, რუსული და ჩინური ვებ-საიტებისთვის კარგ წყაროდ იქცნენ. “საიტის პუბლიკაციები ასევე ქმნის დასავლურ ხმას, რომელსაც ეკოსისტემის სხვა ელემენტები თავის სასარგებლოდ იყენებენ” – ვკითხულობთ ანგარიშში. 

გარდა ამისა სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევამ GlobalResearch-ის ავტორების რუსეთის სადაზვერვო სამსახურ GRU-სთან კავშირი გამოააშკარავა. კერძოდ GlobalResearch-ის ავტორებს შორისაა GRU-ს მიერ შექმნილი 7 ყალბი იდენტობა. 2020 წლის ანგარიშის თანახმად, ყალბი იდენტობის მქონე ავტორების სახელით საიტზე 108 სტატია იყო გამოქვეყნებული.

არქივის ბმულები: Hlavny Dennik , Natural News, GlobalResearch, ნიუს ფრონტი

Kazakhstan Today, ИНОСМИ, Голос Отечества


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO, აშშ, ნიგერია, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist