19 მარტს ფეისბუკ ანგარიშმა ‘Future Russia’ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც რუსეთისა და ბულგარეთის დროშებით შეკრებილი ხალხი ჩანს, დროშაზე კი შემდეგი წარწერაა: „ბულგარეთი და რუსეთი: ძმები სამუდამოდ“. პოსტს ახლავს აღწერა – „ბულგარეთი დღეს. მადლობა “, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ბულგარეთში ხალხი რუსეთ-უკრაინის ომის დროს რუსეთის მხარდასაჭერად შეიკრიბა.
Future Russia აქციის ფოტოს ყალბი აღწერით ავრცელებს. რეალურად, ფოტო უკრაინა-რუსეთის 2022 წლის ომთან კავშირში არაა და მოსკოვში 2017 წლის 10 დეკემბერსაა გადაღებული.
2017 წლის 10 დეკემბერს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში პლევნას გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა. პლევნას ბრძოლიდან, სადაც რუსეთისა და ბულგარეთის ჯარისკაცები ოსმალეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ, 140 წელი შესრულდა. ფოტო სწორედ ამ ღონისძიებაზეა გადაღებული.
ცერემონიას რუს საეკლესიო და სამთავრობო პირებთან ერთად ესწრებოდნენ ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში, ბულგარეთის მეგობრების კავშირის წარმომადგენლები, ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის ფედერაციაში და ბულგარეთის დიასპორა რუსეთში, ასევე კადეტთა კორპუსის სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივები.
ფოტოები ღონისძიებიდან:
ფოტოს, რომელიც Future Russia 2022 წლის 19 მარტით ათარიღებს, რუსული ვებსაიტები – Iverblag.ru pobeda.ru Nessebar-News.com 2017 წელს ავრცელებდნენ.
24 თებერვალს ბულგარეთში რუსეთის ფედერაციის საელჩოს მიმდებარედ ბულგარელები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.
შემდგომში უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე ბულგარეთში დემონსტრანტებმა საბჭოთა მემორიალი უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს. ქალაქში გაჩნდა წარწერები: „დიდება უკრაინას!“, „პუტლერ – გადი უკრაინიდან“.
ასევე აღსანიშნავია, რომ 19 მარტს სოფიაში, თავდაცვის სამინისტროსთან, ასობით ბულგარელი ანტი – საომარ დემონსტრაციაზე (ორგანიზებული პარტია Vazrazhdane-ს მიერ) შეიკრიბა, რომელზეც გაისმოდა მოწოდებები: „არა ომს“ “NATO out”. დემონსტრაციის მონაწილეები უკრაინის ომში ბულგარეთის მხრიდან ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკით დახმარებას. აქციაზე რუსული დროშებიც შეიმჩნეოდა.
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.