ადოლფ ჰიტლერის ებრაულ წარმოშობაზე კონსპირაციები ვრცელდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

912
VIEWS

19 ივლისს ფეისბუქ ანგარიშმა ბოლო ჟამის ქრისტიანები გამოაქვეყნა ვიდეო ადოლფ ჰიტლერის ებრაული წარმოშობის შესახებ. პოსტის აღწერაში ნათქვამია, რომ ჰიტლერი წარმოშობით აშკენაზი ხაზარი ებრაელი და სალომონ როტშილდის შვილიშვილი იყო, რა მიზეზითაც მას ხაზარი იუდეველების ელიტა, კერძოდ: როტშილდი, შიფი, ვარბურგი და მორგანი აფინანსებდნენ. დამატებით, ვიდეოში აღნიშნულია, რომ ავსტრიის კანცლერის, ენგელბერტ დოლფუსის მკვლელობა ჰიტლერმა შეუკვეთა, რადგან ეს უკანასკნელი მისი წარმოშობის გარკვევას ცდილობდა. 

ინფორმაცია ჰიტლერის ებრაული წარმოშობის შესახებ გასულ წლებში რუსულენოვან ფეისბუქ ანგარიშებზეც (1,2,3,4,5,6) ვრცელდებოდა. 

Screenshot 3 4 ადოლფ ჰიტლერის ებრაულ წარმოშობაზე კონსპირაციები ვრცელდება

გავრცელებული ვიდეო რამდენიმე მცდარ და კონსპირაციულ მტკიცებას შეიცავს: 1. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ადოლფ ჰიტლერის ბაბუა სალომონ როტშილდი იყო; 2. არ დასტურდება ჰიტლერის ებრაული წარმოშობა; 3. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჰიტლერს ხაზარი ებრაელები აფინანსებდნენ; 4. ენგელბერტ დოლფუსის მკვლელობა არა მის მიერ ჰიტლერის წარმოშობის გარკვევის მცდელობას, არამედ მის ანტი-ნაცისტურ პოლიტიკას უკავშირდება. 

  • რა ვიცით ჰიტლერის წარმოშობაზე?

ინფორმაცია ადოლფ ჰიტლერის შესაძლო ებრაული წარმოშობის შესახებ ჯერ კიდევ მისი სიცოცხლის პერიოდში ვრცელდებოდა. ამის საბუთად პოლიტიკურ ოპონენტებს ის ფაქტი მოჰყავდათ, რომ ჰიტლერის ბაბუის (მამის მამის) ვინაობა უცნობი იყო. 

ჰიტლერის გარდაცვალების შემდეგ მისი ებრაული წარმოშობის მთავარ არგუმენტად ჰიტლერის პირადი ადვოკატის – ჰანს ფრანკის მემუარები იქცა. მემუარებში ფრანკი ირწმუნებოდა, რომ ჰიტლერის ბებიას (მამის დედა) მარია ანა შიკლგრუბერს რომანი ჰქონდა ებრაელ ახალგაზრდასთან, რომლის ოჯახშიც მუშაობდა და ალოისი, ჰიტლერის მამა, სწორედ მისგან ეყოლა. ჰიტლერის წარმოშობაზე ანალიზი ვაშინგტონპოსტში გამოქვეყნდა.

ფრანკის მემუარების მიხედვით, ალოისის მამა 19 წლის ახალგაზრდა ებრაელი, გვარად ფრანკენბერგერი იყო და მისი ოჯახი სამხრეთ ავსტრიის პროვინციის – სტირიის დედაქალაქ განცში ცხოვრობდა. ალოისის დაბადების შემდეგ, ფრანკერბერგერების ოჯახი შიკლგრუბერს თანხას ნებაყოფლობით უხდიდა, რათა ამ უკანასკნელს სასამართლოსთვის არ მიემართა. 

ჰანს ფრანკის მტკიცებით, მან ჰიტლერის წარმოშობის გარკვევა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაიგო, რომ უილიამ პატრიკ ჰიტლერი (ასევე ცნობილი, როგორც უილიამ პატრიკ სტიუარტ-ჰიუსტონი), ადოლფ ჰიტლერის ნახევარ-ძმის – ალოის ჰიტლერ უმცროსის ვაჟიშვილი, ბიძას სიმართლის გამხელით ემუქრებოდა და აშანტაჟებდა. რეალურად, ადოლფ ჰიტლერის ნახევარ-ძმის ვაჟს, უილიამ პატრიკ ჰიტლერს, განცხადება ადოლფ ჰიტლერის ებრაული წარმოშობის შესახებ არასდროს გაუკეთებია.

ადვოკატმა ფრანკმა მემუარები ნიურნბერგის პროცესის მიმდინარეობის დროს დაწერა. 1946 წლის 1 ოქტომბერს ის დამნაშავედ ცნეს ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში და ჩამოხრჩობით სიკვდილი მიუსაჯეს. ფრანკის მემუარები, სახელად “სახრჩობელის პირისპირ” მისი სიკვდილიდან 7 წლის შემდეგ, 1953 წელს გამოიცა. 

ფრანკის მემუარების ფაქტობრივი სინამდვილე ისტორიკოსებში ეჭვს რამდენიმე მიზეზით აღძრავს: არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მარია ანა შიკლგრუბერი მართლაც ცხოვრობდა და მუშაობდა ქალაქ განცში. ამას გარდა, ალოისის დაბადების პერიოდისთვის განცში არც ერთი ოჯახი გვარად ფრანკერბერგერი არ ცხოვრობდა. ერთადერთი ოჯახი მსგავსი გვარით ფრანკენრეიტერების ოჯახი იყო, თუმცა ისინი ებრაელები არ იყვნენ და როგორც ისტორიკოსი იან ქერშოუ საკუთარ წიგნში “ჰიტლერი 1889-1936: ჰუბრისი” აღნიშნავს, ამ ოჯახის ახალგაზრდა წევრს ვერ ექნებოდა რომანი შიკლგრუბერთან, რადგან 1837 წელს, როდესაც ალოისი დაიბადა, ის მხოლოდ ათი წლის იყო. 

Screenshot 4 4 ადოლფ ჰიტლერის ებრაულ წარმოშობაზე კონსპირაციები ვრცელდება
ჰიტლერის გენეალოგიური ხე. წყარო: jewishvirtuallibrary.org

ადოლფ ჰიტლერის შესაძლო ებრაულ წარმოშობას არაერთი მეცნიერი იკვლევდა. 2019 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა ლეონარდ საქსმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამტკიცებდა, რომ 1850 წლისთვის ქალაქ განცში ებრაელების მცირე ჯგუფი ცხოვრობდა, შესაბამისად, მცდარი იყო ზოგიერთი მეცნიერის მტკიცება, რომ მეთხუთმეტე საუკუნიდან (როდესაც სტირიიდან ებრაელების განდევნა მოხდა) 1856 წლამდე (როდესაც ტერიტორიაზე ებრაელები ახლიდან დასახლდნენ) განცში არც ერთი ებრაელი არ სახლობდა. თუმცა, 1850 წლისთვის ქალაქში ებრაელების არსებობა ვერ ამტკიცებს, რომ მათ რაიმე კავშირი ჰქონდათ 1836 წელს დაბადებულ ალოისთან. ასევე, არ არსებობს სამხილი, რომ რომელიმე ებრაული ოჯახი გვარად ფრანკერბერგერი იყო ან რომელიმე მათგანში მარია ანა შიკლგრუბერი ნამდვილად მუშაობდა

კიდევ ერთი კვლევა, რომელიც ჰიტლერის წარმოშობას ეხება 2010 წელს, ბელგიელმა ჟურნალისტმა ჟან-პოლ მულდერსმა და ისტორიკოსმა მარკ ვერმერენმა გამოაქვეყნეს. მათ ადოლფ ჰიტლერის 39 ცოცხალი ნათესავის ნერწყვის სინჯის შესწავლით აღმოაჩინეს, რომ მათ ნაწილში დომინანტი ჰაპლოჯგუფი (სხვადასხვა ქრომოსომულ რეგიონებში ალელების ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებულია პოპულაციის გეოგრაფიულ წარმოშობასთან) E1b1b იყო, რომელიც შედარებით იშვიათად გვხვდება დასავლეთ ევროპაში და შედარებით ხშირად ჩრდილოეთ აფრიკის ხალხებსა და ებრაელებში. 

აღნიშნული კვლევა ვერ ამტკიცებს ჰიტლერის აფრიკულ ან ებრაულ წარმოშობას, რადგან ჰაპლოჯგუფი E1b1b სხვა გეოგრაფიულ არეალებშიც გვხვდება. ამასთან დნმ-ის ანალიზი კვლავ არაზუსტ მეცნიერებად მიიჩნევა

ჰიტლერის წარმოშობის საკითხი ყურადღების ცენტრში მიმდინარე წლის მაისში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგაც მოექცა. სერგეი ლავროვმა ჰიტლერსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პარალელი გაავლო:

სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: “მას მოჰყავს არგუმენტი: როგორი ნაციფიკაცია შეიძლება იყოს მათთან, თუკი ის ებრაელია. შესაძლოა ვცდები, მაგრამ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა. ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ბრძენი ებრაელი ერი ამბობს, რომ ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან.” 

მაშ შემდეგ, რაც ლავროვის განცხადებას ისრაელში აღშფოთება მოჰყვა, ვლადიმირ პუტინსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს ნაფტალი ბენეტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელშიც, ებრაული მხარის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა სერგეი ლავროვის განცხადებაზე ბოდიში მოიხადა. 

  • კონსპირაციები როტშილდებისა და სხვა ებრაელების შესახებ

რაც შეეხება მტკიცებებს, რომ ჰიტლერი სალომონ როტშილდის შვილიშვილია და რომ მას როტშილდები და ვარბურგები აფინანსებდნენ, ისინი არც ერთი კვლევით არ დასტურდება. სალომონს ვენაში საკუთარი სასტუმრო არ ჰქონია, რადგან იმ პერიოდისთვის ებრაელებს ვენაში საკუთრების ფლობა ეკრძალებოდათ. ამის ნაცვლად ის დიდი ხნის მანძილზე ქირაობდა სასტუმრო “რომიშერ კაიზერს” (Römischer Kaiser). ამ სასტუმროში მარია შიკლგრუბერის მუშაობის ან მისი და სალომონ როტშილდის შესაძლო კონტაქტის შესახებ ცნობები არ არსებობს. 

როტშილდების გვარი ხშირადაა კონსპირაციული თეორიების სამიზნე. გარდა ჰიტლერის დაფინანსებისა, სხვადასხვა დროს მათ “ოქტომბრის რევოლუციის” მოწყობას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სათავეში დგომას, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა კონტროლსა და ამინდით მანიპულირებაში სდებდნენ ბრალს. 

როტშილდების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში: 

ვიდეოში გაჟღერებული კიდევ ერთი მტკიცება, რომ ავსტრიის კანცლერის მკვლელობა ჰიტლერმა შეუკვეთა, რადგან დოლფუსი ჰიტლერის წარმოშობის გარკვევას ცდილობდა, ასევე კონსპირაციულია. ენგელბერტ დოლფუსი ავსტრიელმა ნაცისტებმა 1934 წელს მოკლეს, გადატრიალების მცდელობის დროს. 

1934 წლის 25 ივლისს 300-მდე ნაცისტი ავსტრიელი ფედერალური კანცელარიის შენობაში შეიჭრა, დოლფუსი მოკლა და ორი კაბინეტის წევრი ტყვედ აიყვანა. ისინი ტყვეების გათავისუფლების პირობად გერმანიაში უსაფრთხოდ გადასვლას ასახელებდნენ, რაზეც თავდაპირველად თანხმობა მიიღეს, მას შემდეგ კი, რაც გაირკვა, რომ კანცლერი დოლფუსი მკვდარი იყო, ავსტრიის მთავრობამ ისინი დააკავა და მოგვიანებით სიკვდილით დასაჯა

გადატრიალება წარუმატებელი აღმოჩნდა, დოლფუსი კიდევ ერთმა ანტი-ნაცისტმა – ერნსტ ვან სტარჰემბერგმა ჩაანაცვლა. აღსანიშნავია, რომ ავსტრიაში დაწყებული არეულობა ჰიტლერს არ გამოუყენებია და მოვლენისადმი ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნა. 

ავსტრიელი ნაცისტების გააქტიურებას წინ უძღოდა დოლფუსის მიერ ავსტრიის პარლამენტის დაშლა, სოციალური მოძრაობის შეზღუდვა და ნაცისტური პარტიისთვის საქმიანობის აკრძალვა. მეცნიერთა შორის ამ დრომდე არ არსებობს კონსენსუსი, ჩართული იყო თუ არა ადოლფ ჰიტლერი გადატრიალების დაგეგმვაში პირადად. ზოგიერთი ცნობით, ამის დასტური იოზეფ გებელსის (სახალხო განათლების და პროპაგანდის რაიხსმინისტრი) ჟურნალში გაკეთებული ჩანაწერებია, სადაც ის “ავსტრიის საკითხზე” საუბრობს, თუმცა, საპირისპირო მოსაზრებით, გადატრიალება ადგილობრივი ნაცისტების ინიციატივით განხორციელდა, რადგან ჰიტლერი ამ პერიოდისთვის ძირითადად საშინაო საქმეებით იყო დაკავებული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრია, გერმანია, ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist