მას შემდეგ, რაც COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციის ფარგლებში რუსეთმა ხორბლის ექსპორტი 1 ივლისამდე აკრძალა, საქართველოს პანდემიის დროს დახმარების სახით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 27 000 ტონა ხორბალი გამოუგზავნა. აღნიშნულ საკითხს ანტი-ამერიკული განწყობების მქონე აქტორებისგან სპეკულაციური განცხადებები მოჰყვა, რაც იმ ნარატივის გაგრძელებაა, თითქოს საქართველოს რუსეთის გარდა სხვა ალტერნატივა არ აქვს და აშშ-ის დახმარება მავნე ინტერესებს ემსახურება.
გაზეთმა “ალიამ” 18-24 მაისის ნომერში ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ემიგრანტის ფსევდონიმით “გოგა თბილისის” ფეისბუქის პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აშშ-დან საქართველოში შემოტანილი ხორბლის ხარისხი ეჭვქვეშაა დაყენებული. აღნიშნული პოსტი 13 მაისს “ალიამ” გამოცემის ონლაინ ვერსიაშიც გაავრცელა. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი ხორბალი ტოქსინებს შეიცავს და მომაკვდინებელ დაავადებებს იწვევს. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკულ ხორბალს არ უნდა ვენდოთ, რადგან ეს ბიზნესი აშშ-ში როკფელერების ჰოლდინგს ეკუთვნის.
“ალია”, გოგა თბილისი, ემიგრანტი: „ამ წუთებში ამერიკიდან საქართველოში შემოდის ასი ათასობით ტონა ხორბალი. საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს ამ ხორბლის ბიოლოგიური შემადგენლობა გამომდინარე იქიდან რომ ხორბლეულის ბიზნესი ამერიკაში როკფელერების ჰოლდინგს ეკუთვნის. მოსახლეობამ უნდა მოითხოვოს ამ ნაჩუქარი ხორბლის შემადგენლობის დამოუკიდებელი ექსპერტიზა. მოსახლეობამ უნდა იცოდეს რას მიირთმევს, გენ მოდიფიცირებულ საკვებს რომელიც სავსეა ტოქსინებით და მავნე ნანო უჯრედებით რომელიც იწვევს უამრავ მომაკვდინებელ დავადებებს თუ ნატურალური ინდეგრიენტებით სავსე საკვებს…და სულ გახსოვდეთ, თანამედროვე მსოფლიოში არავინ არავის არაფერს არ ჩუქნის თუ ამაში მჩუქნებელის რაიმე მზაკვრული ინტერესი არ არის ჩადებული…”
“ალიას” მიერ გავრცელებული ცნობები უსაფუძვლო კონსპირაციაა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს საჩუქრად 27 ათასი ტონა მაღალი ხარისხის ხორბალი გამოუგზავნა, რომელსაც როკფელერების ჰოლდინგთან კავშირი არ აქვს. “მითების დეტექტორთან” კომენტარში სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესცენტრმა განაცხადა, რომ იმპორტირებული ხორბლის ხარისხი საზღვარზე მოწმდება და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ამერიკული ხორბალი ტოქსინებს შეიცავს, ტყუილია.
- საქართველომ აშშ-სგან Hard Red ტიპის მაღალი ხარისხის ხორბალი მიიღო
“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ “ალიას” მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სამინისტროს თქმით, უცხოეთიდან შემოსული ხორბლის ხარისხი საბაჟო სამსახურის მიერ მოწმდება.
საქართველოში ამერიკის შეერთებულმა შტატებისგან ხორბლის პირველი გზავნილი 2019 წლის დეკემბერში ჩამოვიდა. ხორბალი Hard Red ტიპისაა და სპეციალურად გათვლილია მაღალი ხარისხის პურისა და საკონდიტრო ნაწარმისთვის. დამატებით 27 000 ტონა ხორბალი საქართველომ აშშ-დან საჩუქრად მაისშიც მიიღო. აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ეს საჩუქარი განხორციელდა ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის “სურსათი პროგრესისთვის” ფარგლებში, რითაც აშშ საქართველოს პანდემიის დროს ეხმარება. დეგნანმა ასევე აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც, სხვა ქვეყნებმა აკრძალეს ხორბლისა და მარცვლეულის ექსპორტი, აშშ ეძებს გზებს, რათა საქართველოს უფრო მეტი ხორბლის უზრუნველყოფაში დაეხმაროს.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის “სურსათის პროგრესის” პროგრამა განვითარებად ქვეყნებს და გარდამავალი დემოკრატიის სახელმწიფოებს სოფლის მეურნეობის სექტორების მოდერნიზებასა და გაძლიერებაში ეხმარება. ამერიკის შეერთებული შტატების სასოფლო-სამეურნეო საქონელი მიმღებ ქვეყნებში იყიდება ადგილობრივ ბაზარზე და შემოსავალი გამოიყენება სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური ან ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მხარდასაჭერად.
- საქართველოში გამოგზავნილ ხორბალს როკფელერების ჰოლდინგთან კავშირი არ აქვს
დეგნანანის განცხადებით, პროგრამის “სურსათი პროგრესისთვის” ფარგლებში თანამშრობლობენ კომპანია Land O’lakes Venture37-თან. აღნიშნული კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების განვითარებაზე მუშაობს, რომლის მმართველ გუნდში როკფელერები არ ფიგურირებენ.
ამერიკელი ბიზნესმენი და პირველი მილიარდელი ჯონ როკფელერი და მისი საგვარეულო ხშირად ხდება კონსპირაციების ობიექტი. კონსპირაცია, თითქოს როკფელერები მსოფლიოს ჩრდილოვანი მმართველები არიან, ყველაფერს აკონტროლებენ და მოსახლეობის დამორჩილება აქვთ მიზნად, პერიოდულად ვრცელდება. როკფელერების ხორბალთან დაკავშირებაც ამ კონსპირაციის გაგრძელებაა. როკფელერების გვარი ძირითადად დაკავშირებულია ნავთობის და უძრავი ქონების ბიზნესთან, ასევე კვლევით და საგანმანათლებლო პროექტებთან. 1943 წელს როკეფელერების ფონდი მექსიკის მთავრობასთან ერთად სოფლის მეურნეობის კვლევის პროგრამაში ჩაერთო, რომელიც ხორბლის მოსავლის გაუმჯობესებაზეც მუშაობდა.
Goga Tbilisi Tbilisi-ის შესახებ
ფეისბუქ მომხმარებლები Goga Tbilisi Tbilisi კი, რომლის პოსტსაც გაზეთი “ალია” ბეჭდავს, კონსპირაციის თეორიებს ავრცელებს. ფეისბუქ პროფილი 2 მაისს წერდა მითს, თითქოს პანდემია დაგეგმილია და მაგალითად 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის გახსნაზე რუსული კონსპირაცია მოჰყავდა, რომელიც “მითების დეტექტორმა” ადრე გადაამოწმა.