ამერიკელი ვირუსოლოგის გაყალბებულ ციტატას ქართველი ანტივაქსერები 5G-ის და ვაქცინაციის წინააღმდეგ კამპანიისთვის ავრცელებენ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

111
VIEWS

2020 წლის 3 დეკემბერს გვერდმა სინანული გადაგვარჩენს და ანტივაქსერმა აქრივისტმა შორენა შანიძემ გამოაქვეყნეს იდენტური პოსტები, რომლებიც მათი მტკიცებით, ამერიკელი მეცნიერის რობერტ გარის სკანდალურ განცხადებას შეეხებოდა. პოსტის თანახმად, გარის განცხადებაში, რომელიც პოსტში 2020 წლის 1 დეკემბრითაა დათარიღებული, ნათქვამია, რომ 5G მაღალი სიხშირის ანძები დაჩიპული ადამიანების გასაკონტროლებლად დამონტაჟდა, ხოლო მასონებმა და როკფელერებმა მილიონობით დოლარით დააფინანსეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლის საშუალებითაც ადამიანებს ჩიპებს გაუკეთებენ და შემდეგ სპეციალური კომპიუტერითა და 5G ტექნოლოგიით გააკონტროლებენ. განცხადება კორონავირუსის ვაქცინის საწინააღმდეგო მოწოდებით სრულდება, რადგან, პოსტის თანახმად, რამდენიმე წელიწადში ვაქცინა სასიკვდილო გვერდით ეფექტებს გამოიწვევს.

გვერდის “სინანული გადაგვარჩენს” პოსტს ვაქცინისა და საკომუნიკაციო ანძის ფოტოები ახლავს, ხოლო შორენა შანიძის პოსტს დართული აქვს ამერიკელი ვირუსოლოგის რობერტ გარის ფოტოსურათი.

;;

ამერიკელი ვირუსოლოგის რობერტ გარის ციტატა გაყალბებულია. რეალურად, მეცნიერს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. გაყალბებული ციტატა 5G ტექნოლოგიისა და კორონავირუსის ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციულ და კონსპირაციულ განცხადებებს შეიცავს. არც 5G ტექნოლოგია და არც კორონავირუსის ვაქცინა ადამიანების ჩიპიზაციის მიზნით არ შექმნილა.

  • რობერტ გარის განცხადება გაყალბებულია 

5G ტექნოლოგიასა და კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით გარის იდენტური ან შინაარსობრივად მსგავსი განცხადება ღია წყაროებით არ იძებნება. ამერიკელი მეცნიერი რობერტ გარი ტულანის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორია. იგი ამჟამად ხელმძღვანელობს მეცნიერთა კონსოციუმს, რომელიც სხვადასხვა ძლიერი პათოგენის, მათ შორის ებოლას ვირუსის, საწინააღმდეგო ვაქცინისა და მედიკამენტების შექმნაზე მუშაობს. პროფესორი ამჟამად ტულანის უნივერსიტეტში COVID-19-ს იკვლევს. 2020 წლის 25 სექტემბერს ტულანის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში გარიმ კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირები შემდეგი განცხადება გააკეთა:

რობერტ გარი: “ვაქცინაზე მუშაობა მაქსიმალურად სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს და შესაძლოა, ვაქცინა მომავალი წლისთვის ან რამდენიმე თვეში დამტკიცდეს. შემდეგი ნაბიჯი უკვე ვაქცინის იმ ადამიანებისთვის მიწოდება იქნება, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება… თუ მომავალი წელს ყველა იმ ადამიანს ექნება ვაქცინა, ვისაც ის სჭირდება, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმეს თავს კარგად ვართმევთ.”

აღსანიშნავია, რომ რობერტ გარი  2020 წლის 17 მარტს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოქვეყნებული კვლევის ერთ-ერთი თანაავტორია. აღნიშნული კვლევა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც კორონავირუსის გენომეს შედარებითი შესწავლით დაასკვნა, რომ ვირუსი ბუნებრივი პროცესების შედეგად წარმოიშვა. შორენა შანიძის პოსტისათვის დართული გარის სურათი კი ამოღებულია 2020 წლის 18 მარტს ტულანის უნივერსიტეტის Youtube არხზე განთავსებული ვიდეოდან, რომელშიც გარი სწორედ აღნიშნული კვლევის მიგნებებზე საუბრობს და ხსნის, რატომ არ არის კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი.

;

  • კონსპირაციის თეორიები 5G ქსელის შესახებ

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ განსაკუთრებით პოპულარული გახდა კონსპირაციის თეორეიბი, რომელთა სამიზნეც 5G ტექნოლოგია და ვაქცინებია. პოსტის მტკიცებით, 5G ანძების დამონტაჟების მიზანი ადამიანების ტოტალური კონტროლია, რაც მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როცა ადამიანებს კორონავირუსის ვაქცინასთან ერთად ორგანიზმში მიკროჩიპებს ჩაუმონტაჟებენ. 5G ქსელის შესახებ კონსპირაციის თეორიები სოციალურ ქსელებში 2020 წლის იანვრიდან გამოჩნდა და ამ პერიოდიდან მოყოლებული, ტექნოლოგიას ხშირად სხვადასხვა კონტექსტით კორონავირუსს უკავშირბენ. ყველაზე გავრცელებული დეზინფორმაციის თანახმად, პანდემიისას ადამიანების დაავადებას არა ვირუსი, არამედ 5G ანძებისაგან გამოსხივებული რადიოტალღები იწვევენ, თუმცა რეალურად, Radiation watchdog და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებენ, რომ 5G-ის რადიოგამოსხივება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და იგი გავლენას ვირუსის გავრცელებაზე  საერთოდ არ ახდენს.

5G-ის შესახებ გავრცელებული კონსპირაციის თეორიებისა და დეზინფორმაციის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალებში:

კოსპირაციის თეორია როკფელერების მიერ კორონავირუსის ვაქცინის საიდუმლოდ დაფინანსების შესახებ

მტკიცება, რომ კორონავირუსის ვაქცინის შექმნას ელიტური ჯგუფები მსოფლიო მოსახლეობის ჩიპიზაციის და სიკვდილიანობის გასაზრდელად აფინანსებენ, ხშირად ვრცელდება.  კორონავირუსის ფართო გავრცელების შემდეგ მეცნიერები და ფარმაცევტული კომპანიები მთელს მსოფლიოში 100-ზე მეტ პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ. ვაქცინების შექმნის პროცესში თანამშრომლობენ როგორც კერძო კომპანიები, ისე სახელმწიფოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და კერძო საქველმოქმედო ფონდები, მათ შორისაა როკფელერების ფონდიც, რომელმაც ვაქცინების გლობალურ ალიანსი $5 მილიონით დააფინანსა, თუმცა მტკიცება, რომ როკფელერები ვაქცინებს საიდუმლოდ აფინანსებენ კონსპირაციაა.

გარდა როკფელერებისა, კორონავირუსის ვაქცინის კონტექსტში კონსპირაციის თეორიები ფილანტროფისა და ვაქცინების მხარდამჭრის ბილ გეითსის შესახებაც ვრცელდებოდა. აღნიშნული კონსპირაციების მიხედვით, ბილ გეითსის მიერ ვაქცინების დაფინანსებისა და მხარდაჭერის მთავარი მიზანი პლანეტის მოსახლეობის ჩიპიზაცია და შემცირებაა. აღნიშნულ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომადებულ მასალებში:

კოდევ ერთი ფართოდ გავრცელებული კონსპირაციის თეორია მსოფლიო მოსახლეობის საყოველთაო ჩიპიზაციის შესახებ უკვე წლებია ინტერნეტსივრცეში ცირკულირებს და მას სხვადასხვა მოვლენას უკავშირებენ. გამონაკლისი არც კორონავირუსის პანდემიაა. დეზინფორმაცია, თითქოს კორონავირუსის ვაქცინასთან ერთად ადამიანის ორგანიზმში მიკროჩიპების იმპლანტაცია იგეგმება ქართულ სოციალურ ქსელებში ჯერკიდევ 2020 წლის მარტში გამოჩნდა. ჩიპიზაციის გეგმების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი და გამოცემა tvalsazrisi.ge. აღსანიშნავია, რომ მიხეილ ცაგარელი 2017 წლიდან საუბრობს მიკროჩიპების შესახებ, რომლებსაც მისი თქმით, ადამიანებს კანქვეშ ჩაუმონტაჟებენ, რათა მათი გაკონტროლება მოხდეს.

მიკროჩიპების შესახებ არსებული კონსპირაციის თეორიებისა და დეზინფორმავიის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალებში:

პოსტების გავრცელება 

2020 წლის 7 დეკემბრის 14:00 საათის მდგომარეობით გვერდის “სინანული გადაგვარჩენს” პოსტს  – 1600 გაზიარება და 270 კომენტარი, ხოლო შორენა შანიძის პოსტს – 1300 გაზიარება და 345 კომენტარი აქვს. პოსტის ტექსტი სხვადასხვა მომხმარებლებმა შემდეგ საჯარო ჯგუფებში გააზიარეს: კორონა მაფიაქართველ ემიგრანტ ქალთა გაერთიანებაგავერთიანდეთ საქართველოსთვისPhoto-Fact GEORGIAჩემი გორი.


 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზეჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist