5 დეზინფორმაცია კორონავირუსის ვაქცინების შესახებ “ობიექტივზე”

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

18
VIEWS

2021 წლის 7 აგვისტოს ტვ ობიექტივის “ღამის სტუდიაში” კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით სხვდასხვა მტკიცება გაჟღერდა. გადაცემაში ექიმი, ლევან ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით თავად ვაქცინის მწარმოებელმაც არ იცის, როგორი რეაქცია ექნებათ  ეპილეფიისთ დაავადებულებს და ონკოლოგიურ პაციენტებს COVID-19 ვაქცინაზე, ამდენად, ვაქცინა უსაფრთხო არ არის. ამასთან, მისი მტკიცებით, ყველაზე მაღალი გარდაცვალების პროცენტი ანუ დაავადებულებიდან გარდაცვლილების რაოდენობა ივლისის მონაცემებით რუსეთშია – 2,5%, იგივე მაჩვენებლებია ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობს, აშშ-ში – 1,8%-ია, ბრიტანეთში –  2,35%, შვეიცარიაში, რომელიც თითქმის სრულიად აცრილია- 1.53%, საქართველოში კი – 1.42%. მისი თქმით, ძალიან საინტერესოა ისრაელის შემთხვევა, სადაც ეს რიცხვი აცრამდეც ნაკლები იყო და აცრის შემდეგაც.

იმავე გადაცემაში, ჰომეოპათი თინა თოფურია ამბობს, რომ COVID-19 ვაქცინები ახლა კვლევის მესამე ფაზაშია,  თავად ვაქცინის მწარმოებელების თანახმად კი, მათი უსაფრთხოების შესახებ საუბარი მხოლოდ კვლევის მესამე ფაზის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. მოდერნასთვის ეს ფაზა 2002 წლის ოქტომბერში მთავრდება  [სავარაუდოდ, გულისხმობს 2022 წელს], ხოლო ფაიზერისთვის – 2023 წლის იანვარში. თოფურიას თქმით, არც ერთ ფირმას, რომელმაც შექმნა ვაქცინა, არ წარუდგენია ჯანმოში ან შესაბამის ორგანიზაციებში ლიცენზიაზე განაცხადი, მათ წარადგინეს მხოლოდ დროებით ავტორიზაციაზე. ლიცენზიაზე კი საუბარი მხოლოდ მაშინ იქნება როდესაც დამტკიცდება ვაქცინების უსაფრთხოება.

იმავე გადაცემაში, მოგვაინებით თინა თოფურია ამბობს, რომ საავადმყოფოები აცრილებითაა გადავსებული, სპაიქცილა შემდგომში პრიონ ცილად  გადაქცევა, რაც პრიონდაავადებების  საწინდარია, ახალი შტამების წარმოქმნა კი სწორედ იმ ქვეყნებში დაიწყო, სადაც აქტიური ვაქცინაცია მიმდინარეობდა. გადაცემის წამყვანი, ნინო რატიანი თინა თოფურიასთან საუბრისას ასევე ახსენებს, რომ COVID-19  ვირუსის ახალი შტამების წარმოშობა, სავარუადოდ, ვაქცინაციასთან ერთად ხდება.

"
გადაცემა ღამის სტუდიაში გაჟღერებული მტკიცებები დეზინფორმაციაა და მანიპულაციურია. 1. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ეპილეფსიის და ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის უსაფრთხოა, რაც კვლევებითაც დასტურდება. 2. ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ქვეყნებში გარდაცვალების სტატისტიკა ერთნაირი არ არის. 3. COVID-19-ის ვაქცინასა და პრიონ დაავადებებს შორის კავშირი არ არსებობს. პრიონ დაავადებების უმრავლესობა გენეტიკურია ან/და ინფიცირებული ცხოველის ხორცის საკვებად გამოყენების შემდეგ გადადის.  4. არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსის მუტაციების წყარო ვაქცინიებული ადამიანები არიან. კორონავირუსის ყველაზე გადამდები შტამები მათი წარმოშობის ქვეყნებში ვაქცინაციის დაწყებამდე გაჩნდა. 5. ჯანმოს მიერ ავტორიზებულმა ვაქცინებმა კლინიკური კვლევის სამივე სავალდებულო ეტაპი გაიარეს. 

  1. უსაფრთხოა თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ეპილეფსიის და ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის?

ხალილ ჰუსარი, მედიცინის დოქტორი და  ჯონ ჰოპკინსის ეპილეფსიის ცენტრის ნევროლოგი ამბობს, რომ COVID-19 ვაქცინა ეპილეფსიით დაავადებული ადამიანებისთვის უსაფრთხოა.  ის განმარტავს, რომ  მიუხედავად ამ დროისთვის არსებული ლიმიტირებული მონაცემებისა, ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეპილეფსიით დაავადებულებს COVID-19 ვაქცინის გვერდითი მოვლენების განვითარეების უფრო მაღალი რისკი აქვთ. იმავე განცხადებას ავრცელებს მასაჩუსეტსის საავადმყოფო და ეპილეფსიისა თუ სხვა ნევროლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებს აცრისკენ მოუწოდებს.

აღნიშნული მიმართულებით გერმანიის ეპილეფსიის ცენტრმა კვლევაც ჩაატარა. კვლევაში ცენტრის ყველა ზრდასრული პაციენტი მონაწილეობდა, რომლებსაც მათი ვაქცინაციის სტატუსის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვეს. აცრილ პაციენტებს შორის კი   უკუჩვენებების განვითარების და კრუნჩხვების კონტროლის სტატისტიკა  გამოიკვლიეს.

შედეგებმა აჩვენა, რომ ცენტრის 54 პაციენტს ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული ჰქონდა.  ვაქცინაცია კვლევის მონაწილეთა ორმა მესამედმა ძალიან კარგად ან კარგად გადაიტანა. 32%-მა აღნიშნა, რომ განუვითარდათ ზოგადი გვერდითი მოვლენები, მათ შორის ყველაზე ხშირი იყო: თავის ტკივილი, დაღლილობა, ცხელება და კანკალი. COVID-19 ვაქცინაციის პირველი დოზის მიღებიდან ერთი დღის შემდეგ  კრუნჩხვების სიხშირის გზრდა მხოლოდ ერთმა პაციენტმა აღნიშნა, ხოლო კრუნჩხვების ახალი ტიპის შემთხვევების შესახებ  ერთმა აღნიშნა. ეპილეფსიური სტატუსის ან არსებული გვერდითი ეფექტების გამწვავება არცერთ პაციენტს არ აღენიშნებოდა.

რაც შეეხება ონკოლოგიურ ავადმყოფებს, ამერიკის სიმსივნის საზოგადოება, წერს, რომ სასურველია კიბოს მქონე ან კიბოს ისტორიის მქონე პაციენტებმა COVID-19 ვაქცინა  მიიღონ. თუმცა, ვინაიდან თითოეული პაციენტის მდგომარეობა და მკურნალობის მეთოდი  განსხვავებულია, უმჯობესია ეს საკითხი პაციენტებმა საკუთარ ექიმთან განიხილონ.

ერთ-ერთ პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში კი უკვე გამოქვეყნდა კვლევა სიმსივნიან პაციენტებში აცრის გამოყენებასთან დაკავშირებით. კვლევაში ავტორებმა კიბოთი დაავადებული 151 პაციენტი (95 სოლიდური  და 56 ჰემატოლოგიური კიბოთი დაავადებული) და 54 ჯანმრთელი, განსხვავებული ასაკობრივ ჯგუფის მქონე, გამოიკვლიეს.  კიბოს მქონე პაციენტთა საშუალო ასაკი 73 წელი იყო, პაციენტთა 64% -ს მინიმუმ ერთი დამატებითი არაგადამდები თანმხლები დაავადება ჰქონდა და თითქმის ნახევარი ვაქცინის პირველი დოზის მიღებამდე და მის შემდეგ სხვადასხვა სახის კიბოს მკურნალობას ექვემდებარებოდა.

პირველი დოზის გაკეთებიდან 3 კვირის განმავლობაში, ჯანმრთელი პაციენტების  94%-ს უკვე ჰქონდა იმუნური პასუხი ვაქცინაზე, სოლიდურ კიბოს მქონე პაციენტებში ეს რიცხვი მხოლოდ 38% იყო და ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში – 18%. უფრო დაბალი იმუნური პასუხი იმ პაციენტებში გამოვლინდა, ვისაც  რესპირატორული ორგანოების ან/და კანის კიბო ჰქონდა და მათში, ვინც ვაქცინა ქიმიოთერაპიიდან 15 დღის განმავლობაში მიიღო. თუმცა, ვაქცინის მეორე დოზის შემდეგ 21-ე დღეს, სოლიდური კიბოთი დაავადებული პაციენტების 95%-ს ვაქცინაზე იმუნური პასუხი გამოვლინდა.

  1. ერთნაირია თუ არა გარდაცვალების სტატისტიკა ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ქვეყნებში?

ლორთქიფანიძის მიერ მოყვანილი სტატისტიკა მანიპულაციურია, რადგან შედარებულია მაღალი და დაბალი ვაქცინაციის მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში კორონავირუსით დაავადების და გარდაცვალების რაოდენობა პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის აგვისტომდე. ამ ზოგადი მონაცემებიდან არ ჩანს, რომ მასობრივი ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკვეთრად არის შემცირებული.

აშშ-ს დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის უახლესი მონაცემების თანახმად, Covid-19–ზე სრულად ვაქცინირებული ადამიანების 99,99% –ზე მეტს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია და შესაბამისად, სიკვდილი არ დამდგარა.

ეს კარგად ჩანს, ისრაელის და შვეიცარიის მაგალითზეც, სადაც მოსახლების დიდი ნაწილი ვაქცინირებულია, კერძოდ  შვეიცარიაში მოსახლეობის 53.8%-ია აცრილი, ისრაელში კი –  67.5%. ორივე ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მასობრივი ვაქცინაციის დაწყების შემდეგ დაბალია. მაგალითისთვის, ორივე მათგანში კოვიდინფიცირებულთა გარდაცვაელბის პროცენტი ივლისში 0.1% იყო, მაშინ როდესაც რუსეთში ეს რიცხვი 3.1 პროცენტს შეადგენდა.  ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველთვის ასეთი დაბალი არ ყოფილა. შედარებისთვის 2021 წლის ნოემბერში, ვაქცინაციის დაწყებამდე ისრაელის გარდაცვალების მაჩვენებელი  1.3 % იყო, შვეიცარიის კი – 1.5 %.

იგივეს გვიჩვენებს ბრიტანეთის სტატისტიკა, სადაც 2021წლის ივლისიდან Covid-19-ის შემთხვევები ყოველკვირეულად საშუალოდ 27 000-ით იზრდება. გასული წლის ნოემბერში, მაშინ, როდესაც ვირუსით ინფიცირების სტატისტიკა მსგავსი იყო, ყოველკვირეული საშუალო სტატისტიკის მიხედვით Covid-19–ით დღეში დაახლოებით 400 ადამიანი იღუპებოდა. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლი მკვეთრად შემცირდა, ივლისში კი მთელი თვის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 1543 შემთხვევა დაფიქსირდა.

"
გრაფიკში გამოყენებულია  ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები.

ამგვარად, მტკიცება თითქოს იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია წარმატებით მიმდინარეობს, გარდაცვალების შემთხვევები მაინც მაღალია, მცდარია.

ქვეყანა

გარდაცვალების  % პანდემიიდან ივლისის ჩათვლით

გარდაცვალების  % ივლისში

რუსეთი

2.5 %

3.1 %

აშშ

1.8 %

0.6 %

ბრიტანეთი

2.2%

0.1%

შვეიცარია

1.5 %

0.1%

საქართველო

1.3 %

0.95 %

საუდის არაბეთი

1.56%

1.1%

ისრაელი

0.7%

0.1 %

  1. არსებობს თუ არა კავშირი COVID-19-ის ვაქცინასა და პრიონ დაავადებებს შორის?

პრიონული დაავადებები ან გადამდები ღრუბლოვანი ენცეფალოპათიები (TSE) იშვიათი პროგრესული ნეიროდეგენერაციული დარღვევების ოჯახია, რომლებიც გავლენას ახდენენ როგორც ადამიანებზე, ასევე ცხოველებზე. ისინი გამოირჩევიან ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდით და დამახასიათებელი ცვლილებებით, რომლებიც დაკავშირებულია ნეირონების დაკარგვასთან და ანთებაზე ორგანიზმის რეაგირების უუნარობასთან.

ითვლება, რომ TSE– ს გამომწვევი აგენტები პრიონები არიან. ტერმინი “პრიონები” გულისმობს პათოლოგიურ, პათოგენურ აგენტებს, რომლებიც გადამდებია და თავის ტვინში არსებული პრიონის ცილების პათოლოგიური დაშლა შეუძლიათ გამოიწვიონ.  ნორმალური პრიონული ცილების ფუნქციები ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შესწავლილი, თუმცა, პრიონის ცილების განადგურება ტვინის დაზიანებას  და დაავადების განვითარებას იწვევს.  პრიონის დაავადებები, როგორც წესი, სწრაფად პროგრესირებს და ყოველთვის ფატალურია.

Პრიონ დაავადებებსა და Covid-19– ის ვაქცინას შორის კავშირი Usatoday-მაც გადაამოწმა. ფაქტების გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ Covid-19–ის ვაქცინასა და პრიონ დაავადებებს შორის კავშირი არ არსებობს. პრიონ დაავადებების განვითარების მიზეზი ხშირად გენეტიკა (მაგ; ფატალური უძილობა (FI) ან კრეიცფელდ-იაკობის დაავადების გარკვეული ტიპები (CJD)) ან ინფიცირებული ცხოველური პროდუქტების საკვებად გამოყენებაა, მაგალითად, მსხვილფეხა რქოსანი ხორცის ენცეფალოპათია (BSE), რომელიც “შეშლილი ძროხის დაავადების” სახელით არის  ცნობილი, სწორედ ასე ვითარდება.

ამასთან, პრიონ დაავადებების განვითარება, როგორც აცრის გვერდითი მოვლენა, აშშ–ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მემორანდუმებებში Pfizer–თან და Moderna–სთან მიმართებით ნახსენები არ არის. მათი კლინიკური კვლევაც ათიათასობით მოხალისეს მოიცავდა. ანალოგიურად, არცერთი მსგავსი შემთხვევა ფედერალური მთავრობის ვაქცინის გვერდითი მოვლენების ანგარიშგების სისტემაში (VAERS) არ დაფიქსირებულა.

  1. არიან თუ არა კორონავირუსის მუტაციების წყარო ვაქცინიებული ადამიანები? 

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის მუტაციებთან დაკავშირებით განმარტავს, როდესაც ვირუსი მოსახლეობაში ფართოდაა გავრცელებული და ბევრ ადამიანს აინფიცირებს, ვირუსის მუტაციის შესაძლებლობა იზრდება. Reuters-თან ინტერვიუში სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის კლინიკური ასისტენტ პროფესორი იმუნოლოგის დარგში ჯენიფერ გრიერი განმარტავს:

”ვირუსის მუტაციები ჩნდება მაშინ, როდესაც ვირუსის უჯრედების რეპლიკაცია ხდება. არცერთი ამჟამად ხელმისაწვდომი ვაქცინა ცოცხალ ვირუსს არ შეიცავს. ამიტომ ისინი პირდაპირ ვირუსის ახალი ვარიანტის წყარო ვერ იქნებიან. ”

ფაქტების გადამოწმების შემდეგ Reuters ასევე აღნიშნავს, რომ შეუძლებელია მუტაციები ვაქცინაციას გამოეწვია, რადგან ყველა მათგანი მასობრივი ვაქცინაციის დაწყებამდე გაჩნდა.

კორონავირუსის ბრაზილიური (გამა) შტამი, მეცნიერების შეფასებით, 2020 წლის ნოემბერში წარმოიშვა, მაშინ როცა ბრაზილიაში პირველი ადამიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 2021 წლის 18 იანვარს აცრეს. ხოლო სამხრეთ ამერიკული (ბეტა) შტამით ინფიცრების პირველი შემთხვევები 2020 წლის ოქტომბრის დასაწყისში დაფიქსირდა, მაშინ, როცა სამხრეთ აფრიკამ ვაქცინების პირველი დოზები 2021 წლის თებერვალში მიიღო. ბრიტანული (ალფა)  ვარიანტის ყველაზე ადრეული შემთხვევების იდენტიფიცირება 2020 წლის სექტემბერში მოხდა, ბრიტანეთში კი ვაქვინაცია 8 დეკემბერს დაიწყო, ხოლო დელტა შტამი 2020 წლის ოქტომბერში მაჰარაშტრას პროვინციაში წარმოიშვა, მაშინ როდესაც ინდოეთმა ვაქცინაცია 2021 წლის იანვარში დაიწყო.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

  1. დასრულებულია თუ არა ვაქცინების კვლევის მესამე ფაზა და აქვს თუ არა ჯანმოს მიერ ავტორიზებულ ვაქცინებს გავლილი კლინიკური კვლევის სამივე სავალდებულო ეტაპი?

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სამსახურის მიხედვით, ვაქცინის კლინიკური შემოწმების პროცესი რამდენიმე ფაზას მოიცავს:

  • პირველი ფაზა – ადამიანთა მცირე ჯგუფი იღებს საცდელ ვაქცინას;
  • მეორე ფაზა –  ფართოვდება კლინიკური კვლევა და ვაქცინა ეძლევა იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მათი მსგავსი მახასიათებლები (როგორიცაა ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა) ვისთვისაც განკუთვნილია ახალი ვაქცინა;
  • მესამე ფაზა – ვაქცინა უკეთდება ათასობით ადამიანს და ხდება მისი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შემოწმება;
  • მეოთხე ფაზა – აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ვაქცინა გადის მეოთხე ფაზასაც, რაც მისი დამტკიცების და ლიცენზირების შემდეგ მიმდინარე კვლევებს მოიცავს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებმა სწორედ ზემოთ აღნიშნული აუცილებელი სამსაფეხურიანი პროცესი გაიარეს. ვაქცინები შემოწმდა უსაფრთხოებაზე, იმუნურ რეაქციასა და საბოლოო ეფექტიანობაზე, რომელთაგან თითოეული ფაზა უფრო და უფრო დიდ მოხალისეთა ჯგუფზე იყო გათვლილი. ამერიკული კომპანიის Pfizer– ისა და გერმანული მწარმოებელის BioNTech–ის მიერ შექმნილმა ვაქცინამ შემოწმება ექვს ქვეყანაში 43 500 ადამიანზე გაიარა. რაც შეეხება მოდერნას ვაქცინას, 3 ფაზიანი შემოწმების ეტაპი მანაც გაიარა, რომლის ფარგლებშიც ვაქცინა 25,654 ადამიანზე შემოწმდა, მათ შორის 45-64 ასაკობრივი კატეგორიის და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე. ოქსფორდის, იგივე ასტრაზენეკას ვაქცინამ კლინიკური ცდების 3 ეტაპი ასევე გაიარა, აღნიშნული ვაქცინა 20 00 მდე ადამიანზე გამოიაცადა დიდი ბრიტანეთში. Კლინიკური კვლევის სამი ფაზა გაიარა ჩინურმა სინოფრმმაც, რომელშიც საერთო ჯამში 50 000 ადამიანი მონაწილეობდა.  ხოლო რაც შეეხება რუსულ ვაქცინას, მასთან დაკავშირებით პრობლემები მართლაც იყო, რადგან მისი დამტკიცება რუსეთში კლინიკური ცდების მესამე ეტაპის დასრულებამდე მოხდა.

"
ფოტო: cdn.who.int

რაც შეეხება თოფურიას მიერ დასახლებულ თარიღებს, რომლებიც თითქოს ვაქცინების კვლევის მესამე ფაზის დასრულებას ასახავს, რეალურად, 2023 წელი Pfizer-ის მიერ საკუთარი ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინის დასრულებას შეესაბამება. Pfizer-ი ამ მონიტორინგის წარმოებას ვაქცინის კვლევის მესამე ფაზის მონაწილეებზე 2023 წლამდე გეგმავს, რაც მიღებული პრაქტიკაა არა მხოლოდ კორონავირუსის ვაქცინების, არამედ ზოგადად ყველა სახის ვაქცინის და მედიკამენტის შემთხვევაში.

ანტი-ვაქსერები ხშირად აპელირებენ იმ ფაქტზე, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ან აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის ავტორიზაცია აქვთ მიღებული და არა ლიცენზია. რეალურად, გადაუდებელი ავტორიზაციის მინიჭება ვაქცინებისთვის მაშინ ხდება, როდესაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის გადაუდებელი მდგომარეობაა, მაგალითად პანდემია, თუმცა ეს ვაქცინების უსაფრთხოებას ეჭვქვეშ არ აყენებს, რადგან ყველა ავტორიზებულ ვაქცინას კვლევის სამი ფაზა გავლილი აქვს და უსაფრთხოდ და ეფექტიანად არის შეფასებული. აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის განმარტებით, გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია ვაქცინას მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ კვლევების მესამე ფაზა მის ეფექტიანობას დაამტკიცებს.

თინა თოფურიას ვაქცინებთან დაკავშირებით მსგავსი დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. ვრცლად ამ თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალებში:


დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO
წყარო

წყარო

ობ
ობიექტივი
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist