ანტივაქსერის უკრიტიკო მონოლოგი “ალტ-ინფოს” ეთერში

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

60
VIEWS

27 აპრილს გადაცემაში “ალტ-ინტერვიუ” ჰომეოპათმა თინა თოფურიამ  ვაქცინების შესახებ ისაუბრა და რამდენიმე ძველი დეზინფორმაციაც გაიმეორა, რომელთა შესახებ “მითების დეტექტორი”  ადრეც წერდა. ჰომეოპათის მტკიცებით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინების გამოყენება მხოლოდ საგანგებო გადაუდებელ სიტუაციებშია დაშვებული და ამავე დროს, კვლევები იმის შესახებ, იწვევს თუ არა ვაქცინები უშვილობას, სიმსივნესა და გენეტიკურ მუტაციას, ამ ეტაპისთვის არ არსებობს. გარდა ამისა, თოფურია აღნიშნავს, რომ ისრაელში ჩატარებულმა ახალმა კვლევამ ფაიზერით ვაქცინაციასა და გულის დაავადებებს შორის კავშირი დაადასტურა.

ალტ-ინფოს ეთერში გადაცემის სტუმარი, ჰომეოპათი თინა თოფურია მარტო იყო, მას ოპონენტი არც სხვა მოწვეული სტუმრის და არც წამყვანის სახით არ ჰყოლია. ყალბი მტკიცებების საპასუხოდ რეალური ფაქტები, თავის მხრივ, არც წამყვანს მოუყვანია. ;

“ალტ-ინტერვიუში”  თინა თოფურია 1 დაუსაბუთებელ და 3 დეზინფორმაციულ მტკიცებას ავრცელებს. ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ისრაელში ფაიზერით ვაქცინაციასა და  მიოკარდიტს შორის კავშირი არსებობს, მტკიცებულებების გარეშეა.  1. ავტორიზებული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უნაყოფობას არ იწვევს; 2.კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები გენატიკურ მუტაციებსა და სიმსივნეს არ იწვევს. 3. კოვიდ 19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილ ვაქცინებს, რომლებსაც ჯანმოს ან FDA-ს ავტორიზაცია აქვთ მიღებული, კვლევის ყველა საჭირო ეტაპი გავლილი აქვთ.

მტკიცებულების გარეშე: ”ფაიზერი” გულის დაავადებებს, მიოკარდიტებს იწვევს.
როიტერსის ინფორმაციით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო “ფაიზერით” ვაქცინირებულ, 5 მილიონ პაციენტში გულის კუნთის ანთებასთან დაკავშირებულ მცირე რაოდენობის შემთხვევებს იკვლევს. თუმცა ისრაელის პანდემიაზე რეაგირების კოორდინატორის, ნაჩმან ეშის განცხადებით, ამ ეტაპზე კავშირი “ფაიზერის” ვაქცინასა და მიოკარდიტის შემთხვევებს შორის გამოკვლეული არ არის და ჯანდაცვის სამინისტროში საბოლოო დასკვნები არ გაკეთებულა. მისი თქმით, ამ კავშირის დადგენა რთული იქნება, რადგან მიოკარდიტი, მდგომარეობა, რომელიც ხშირად გართულებების გარეშე მიმდინარეობს, შეიძლება სხვა ვირუსებით იყოს გამოწვეული. აღსანიშნავია ისიც, რომ  მსგავსი რაოდენობის შემთხვევები ისრაელში წინა წლებშიც დაფიქსირდა.

ისრაელის ბენ გურიონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის დირექტორმა, ნადავ დავიდოვიჩმა აღნიშნა, რომ მიოკარდიტის შემთხვევებსა და ვაქცინს შორის კორელაციის დამტკიცება ვაქცინის შეჩერებისთვის საკმარისი მიზეზი არ იქნება. ”ეს არის სიტუაცია, რომელიც უნდა იქნას განხილული და საბოლოო ანგარიშს უნდა დაველოდოთ, მაგრამ შუალედურ ანალიზში, როგორც ჩანს, COVID-19-ით გამოწვეული ავადობისა და ლეტალობის რისკი გაცილებით მეტია, ვიდრე ვაქცინის მიერ გამოწვეული გვერდითი მოვლენები”.

დეზინფორმაცია N1: ვაქცინამ შესაძლოა რეპროდუქციულ უნარზე მოახდინოს გავლენა
ამერიკული სამედიცინო ვებ-გვერდის, healthline.com-ის მასალაში ნათქვამია, რომ COVID-19-ის ვაქცინა უშვილობას და ფერტილურობასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ იწვევს, ხოლო Modern Fertility-ის სამედიცინო მრჩევლის, დოქტორ ჯენიფერ კონტის მიხედვით, შეუძლებელია ვაქცინამ უნაყოფობა გამოიწვიოს: “ეს ჭორები ემყარება შიშს, რომ ვაქცინაში არსებულმა mRNA-მა შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა, პლაცენტაში ცილა სინციტინ-1-ზე შემთხვევითი შეტევით, რომელსაც კორონავირუსის ცილების მსგავსი სტრუქტურა აქვს. თუმცა, ეს აბსოლუტურად განსხვავებული სტრუქტურებია და არანაირი საფუძველი არ არსებობს ვიფიქროთ, რომ ეს [სინციტინ-1-ზე შეტევა] მოხდება”.

ამავე თემაზე  ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის”  მასალები:
რეკომენდირებულია თუ არა ვაქცინაციამდე სპერმის გაყინვა?
ანტივაქსერის დეზინფორმაცია და დაუსაბუთებელი მტკიცებულებები  “ობიექტივის” ეთერში

დეზინფორმაცია N2: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები შესაძლოა, გენეტიკურ ცვლილებას და სიმსივნეს  იწვევდნენ.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი  რნმ ვაქცინები გენეტიკურ ცვლილებებს არ იწვევს, რამდენადაც აღნიშნული მოლეკულა ადამიანის დნმ-თან საერთოდ არ ურთიერთქმედებს. mRNA ვერ აღწევს უჯრედის ბირთვში, სადაც ჩვენი გენეტიკური მასალა-დნმ არის განთავსებული. ეს ნიშნავს, რომ mRNA-ს ადამიანის დნმ-თან არავითარი კონტაქტი არ აქვს და არ არსებობს მექანიზმი, რომელიც მას საშუალებას მისცემს, ჩვენი დნმ შეცვალოს. სწორედ ამავე მიზეზით,  შეუძლებებლია ვაქცინამ სიმსივნის განვითარება გამოიწვიოს, პირიქით მიმდინარეობს კვლევა იმასთან დაკავშირებით, რომ mRNA ტექნოლოგია შესაძლოა, სიმსივნის მკურნალობისა და პრევენციის ერთ-ერთი საშუალება გახდეს. ამგვარად, COVID-19-ის mRNA ვაქცინა უბრალოდ დაავადებასთან მებრძოლი იმუნიტეტის გამომუშავებაში გვეხმარება.

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და კიბოს კავშირზე გავრცელებული დეზინფორმაცია უცხოელმა ფაქტჩეკერებმაც გადაამოწმეს.   ემორის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების სპეციალისტის, კარლოს დელ რიოს თქმით,   mRNA-ს სიმსივნის გამოწვევა არ შეუძლია, რამდენადაც იგი სხეულში მცირე ხნის განმავლობაში რჩება და სწრაფვადვე ინაქტივირდება.

რნმ ვაქცინების მუშაობის მექანიზმზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” ძველი პუბლიკაციები:
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები – მითები და რეალური მდგომარეობა?
Pfizer-სა და Moderna-ს გვერდითი ეფექტები იშვიათია, ხოლო რნმ ტექნოლოგია უსაფრთხოა

დეზინფორმაცია N3: ვაქცინები პირობითად არის ავტორიზებული, რაც მათ მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენებას გულისხმობს.
გადაუდებელი საჭიროების ავტორიზაცია (EUA) ნიშნავს, რომ ვაქცინა FDA-ის მოთხოვნებს აკმაყოფილებს და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ მისი ეფექტიანობის დამადასტურებელი სამეცნიერო მტკიცებულებები არსებობს, ასევე მისი გამოყენების რისკები ვირუსის გავრცელებით გამოწვეულ რისკებთან შედარებით  გაცილებით ნაკლებია.

გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის (EUA) გაცემის აუცილებლობა საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარეობს და ვაქცინის სასწრაფო საჭიროებაზე მიანიშნებს. შესაბამისად, მტკიცება, თითქოს FDA-სა და ჯანმოს მიერ კორონავირუსის ვაქცინებისათვის “გადაუდებელი საჭიროების ავტორიზაციის” მინიჭება იმის აღიარებაა, რომ ვაქცინები გამოცდილი არ არის, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც FDA-მ, ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ვაქცინებს “გადაუდებელი საჭიროების ავტორიზაცია” კვლევის სამივე ფაზის დასრულების შემდეგ მიანიჭეს.

ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
ტვ “იმედმა” ფეისბუკზე ანტივაქსერის კომენტარი ფრაგმენტულად და დაუბალანსებლად გაავრცელა;
ინფორმაცია, თითქოს FDA-ის Pfizer-ის ვაქცინა არ დაუმტკიცებია, მცდარია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist