მედია-კავშირი „ობიექტივი“ 2010 წლის აგვისტოში დაფუძნდა. დამფუძნებელთა შორის პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ ამჟამინდელი გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი იყო, რომელიც ტელეკომპანიის მმართველობაში 2014 წლიდან აღარ ფიგურირებს. პარტიის ოფისი და ტელეკომპანია ერთიდაიგივე შენობაშია განთავსებული. „ობიექტივის“ მაუწყებლობა სატელევიზიო სიხშირის გარდა, რადიო სიხშირით და ინტერნეტით ხორციელდება. ტელეკომპანია თურქოფობიულ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) მეხუთე ციკლის ანგარიშში, MDF-ის კვლევაზე დაყრდნობით, ხელისუფლებას მიეცა რეკომენდაცია, არ გააფორმოს ხელშეკრულება, არსებობის შემთხვევაში კი გააუქმოს კონტრაქტები ისეთ მედია საშუალებებთან, რომლებიც სიძულვილს აღვივებენ. ანგარიშში ამ კონტექსტში ტვ „ობიექტივიც“ მოხვდა.